ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანთა სასაკლაო: 9 წლის მანძილზე ტყიბულში 35 მეშახტე დაიღუპა


პლატაკი ტყიბულში, კომპანია "საქნახშირში"

საქართველოს მთავრობამ გაურკვეველი ვადით შეაჩერა ნახშირის მოპოვება ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში და 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება კომპანია „საქნახშირის“ კუთვნილ საბადოზე კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედიის შემდეგ მიიღო.

დღეს, გამთენიისას, 5 საათზე, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქებას მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა. ოთხი მეშახტე: 30 წლის ლაშა ფორჩხიძე, 55 წლის მიხეილ გამეზარდაშვილი, 57 წლის იოსებ ქარქაშაძე და 57 წლის მურმან ლილუაშვილი ადგილზე დაიღუპნენ. კიდევ ექვსი მეშახტე მძიმედ დაშავდა, 30 წლის გიორგი აბულაძის სიცოცხლის გადასარჩენად დამწვრობის ცენტრის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.

ერთ-ერთი გადარჩენილი მეშახტე, რომელმაც ძლიერი დამწვრობა მიიღო
ერთ-ერთი გადარჩენილი მეშახტე, რომელმაც ძლიერი დამწვრობა მიიღო

წინასწარი ინფორმაციით, 16 ივლისის ტრაგედია, მინდელის შახტის პირველ უბანზე მოხდა, ზუსტად იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც 5 აპრილს, ექვსი ტყიბულელი მეშახტე დაიღუპა. რამდენად იყო ტრაგიკულ უბანზე, ამჯერად, შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული უკვე ახალმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. პოლიცია "საქნახშირის" ადმინისტრაციის თანამშრომლებს კითხავს. ამ დროს, 5 აპრილის ტრაგედიის მიზეზები გამოძიებული ისევ არ არის და დამნაშავეები ამ დრომდე არ დასჯილან.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი ორგანიზაციის პროფკავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ერთის მხრივ აუცილებელია, ყველა გამოძიება ბოლომდე მივიდეს და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა დადგეს, მეორეს მხრივ კი შახტის დახურვამ მეშახტეები მშიერი არ უნდა დატოვოს:

„2018 წლის პირველ შვიდ თვეში მინდელის შახტში უკვე 10 მეშახტე დაიღუპა და 9 დაშავდა. ისევე როგორც წინა წლებში მომხდარ ტრაგედიებზე, პასუხი არავის უგია"
გაგა ისაკაძე, ტყიბულის მეშახტეთა პირველადი ორგანიზაციის პროფკავშირის თავმჯდომარე

„2018 წლის პირველ შვიდ თვეში მინდელის შახტში უკვე 10 მეშახტე დაიღუპა და 9 დაშავდა. ისევე როგორც წინა წლებში მომხდარ ტრაგედიებზე, პასუხი არავის უგია. 5 აპრილის ტრაგედიაზე, უკრაინელმა ექსპერტებმა დადეს დასკვნა, სადაც გამორიცხეს, რომ ექვსი მეშახტის სიკვდილი სამთო დარტყმის ბრალი იყო, მიზეზად ადამიანური ფაქტორი დაასახელეს და მთელი პასუხისმგებლობა „საქნახშირს“ დააკისრეს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დასჯილა. გვეუბნებიან რომ გამოძიება გრძელდება.

მინდელის შახტის დახურვა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესწავლის მიზნით საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა სწორი ნაბიჯია, მაგრამ ამან მეშახტეები უმუშევარი არ უნდა დატოვოს. კარგია რომ კომპანია მეშახტეებს განაცდურს აუნაზღაურებს, თუმცა, პარალელურად სახელმწიფომ ტყიბულის განვითარების ალტერნატიულ გზებზეც სერიოზულად უნდა იფიქროს.“

„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის“ (ჯი-აი-ჯი) შვილობილი კომპანია „საქნახშირი“, რომელიც ძმებ გელა და დავით ბეჟუაშვილებს ეკუთვნით, ტყიბულში 2006 წლიდან ოპერირებს. ბოლო 9 წლის მანძილზე, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჯამში 35 მეშახტე გარდაიცვალა. აქედან, 16 მეშახტე 2013-2018 წლებშია დაღუპული.

მინდელის სახელობის შახტი ტყიბულში
მინდელის სახელობის შახტი ტყიბულში

ჯი-აი-ჯიმ დღეს მთავრობას შესთავაზა, რომ “საქნახშირს” უკან უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ამის მიზეზად, ტყიბულის შახტების სპეციფიკა დაასახელა, სადაც კომპანიის თქმით, "ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულიად უსაფრთხოს გახდიდა". მთავრობაში ამბობენ, რომ ჯი-აი-ჯი ტყიბულის და „საქნახშირში“ დასაქმებული 1500-ს მეშახტის უმუშევრად დატოვებით ადრეც „იმუქრებოდა“.

სპეციალისტების აზრით, ტყიბულში მხოლოდ ნახშირმომპოვებელი კომპანიის შეცვლა გამოსავალი ვერ იქნება, პარალელურად, შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება და ევროსტანდარტებთან მიახლოებაა აუცილებელი.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს დაპირებული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, ხელისუფლებაში მოსვლის მეექვსე წელს მიიღო, ისიც არათავდაპირველი ვერსიით. ახალი კანონი „მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან, მხოლოდ 11 სფეროზე გავრცელდა, რამაც დასაქმებულთა და ომბუდსმენის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

მთავრობაში დიდი ბიზნესის ლობმა თავისი გაიტანა, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, შრომის ინსპექტორს საწარმოს შემოწმება მოსამართლის ნებართვის გარეშე კვლავ არ შეუძლია, თუ კომპანიაში გეგმური შემოწმება არ არის ან ტრაგიკული ინციდენტი არ მოხდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიდი ბიზნესის ლობირებასა და ტყიბულში ბოლო ბლებში დატრიალებული ტრაგედიების გამო, დღეს, ყველასათვის მოულოდნელად, მთელი პასუხისმგებლობა ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და მის ეკონომიკურ გუნდს დააკისრა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა წინა მთავრობასთან კომპრომისზე წავიდა:

საპარლამენტო უმრავლესობის სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუმცა, მთავრობის ხელმძღვანელობამ საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა. ჩვენ მაშინ ანგარიში გავუწიეთ, რაც, ვფიქრობ, არასწორი კომპრომისი იყო"
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე

„როდესაც ჩვენ განვიხილავდით შესაბამის მუხლს საპარლამენტო უმრავლესობის სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიასაც და უმრავლესობასაც ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა, მთავრობის ხელმძღვანელობამ საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა. ჩვენ მაშინ ანგარიში გავუწიეთ, რაც, ვფიქრობ, არასწორი კომპრომისი იყო.“

ექსპერტების აზრით, საქართველოში არ დრომდე არ არსებობს შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, ის დღემდე, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და არ არის შესასრულებლად სავალდებულო კონკრეტული დამსაქმებლისთვის. ეს კი სამუშაო ადგილებზე ტრაგიკული შემთხვევების განუხრელ ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

ამ მოსაზრებას იზიარებს ევროკომისარი იოჰანეს ჰანე, რომლის აზრით, „საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან - სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში, ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას გულისხმობს“.

2009-2018 წლებში დაღუპული ტყიბულელი მეშახტეები

2009 დეკემბერი - რაჟდენ ბოჭორიშვილი (48)

2010 მარტი – ჯემალ ჯიშიაშვილი (72), მიზდონ ონიანი (53), გიორგი ბრეგაძე (53), მურმან კუბლაშვილი (28) 2010 აგვისტო - იოსებ ობოლაძე (51), პლატონ მოდებაძე (49), მალხაზ ჭანტურიძე (43), ლაშა ბოჭორიშვილი (24)

2011 იანვარი - მერაბ კალანდაძე (37)

2011 სექტემბერი - თემურ გაბრიაძე (35)

2011 ნოემბერი - თამაზ გორდაძე (54), ბონდო მიხელაძე (61), სერგი აშოთია (50)

2013 ოქტომბერი - ლევან ნეფარიძე (35)

2014 იანვარი - ტარიელ ქასრაშვილი (50)

2015 თებერვალი - კოტე ბახუტაშვილი (54)

2016 ოქტომბერი - თემურ კაკაურიძე (51)

2017 მაისი - გიზო კუბლაშვილი (55), ვიქტორ დაღუნდარიძე (57), გიზო გუბელიძე (56), ალეკო ჭელიშვილი (45)

2017 ოქტომბერი - დავით ფორჩხიძე (50)

2018 აპრილი - პავლე გამეზარდაშვილი (25), ბესიკ გურგენიძე (49), მირზა ქურციკიძე (46), ელგუჯა ბოჭორიშვილი (51), გოგი რაფავა (58), გიორგი ბოჭორიშვილი (28)

2018 ივნისი - სანდრო ბუცხრიკიძე (27), რევაზ ლომთაძე (56)

2018 ივლისი - ლაშა ფორჩხიძე (30), მიხეილ გამეზარდაშვილი (55), იოსებ ქარქაშაძე (57), მურმან ლილუაშვილი (57)

Facebook Forum

XS
SM
MD
LG