ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყიბული - გამოცხადებული სიკვდილის ქალაქი


ბოლო 9 წლის მანძილზე, ტყიბულში 29 მეშახტე დაიღუპა

მეშახტეთა ქალაქში ისევ გლოვაა, სამშაბათს და ხუთშაბათს ტყიბულში ექვს მეშახტეს მიაბარებენ მიწას. 25 წლის პავლე გამეზარდაშვილს, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილს, 49 წლის ბესიკ გურგენიძეს და 46 წლის მირზა ქურციკიძეს სამ-სამი შვილი დარჩათ, 51 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილს და 58 წლის გოგი რაფავას კი ორ-ორი.

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალი კომპანია „საქნახშირი“, რომელიც 2006 წლიდან ფლობს და ამუშავებს ტყიბულის შახტებს, 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიას კვლავ სამთო დარტყმას აბრალებს და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უარყოფს.

„საქნახშირის“ წინასწარი დასკვნის მიხედვით, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის პირველ უბანზე, დიდი ალბათობით, გვირაბის მომიჯნავე ქანის მასივის ზღვრულად დაძაბული ნაწილის უეცარი, სწრაფად მიმდინარე დაშლა მოხდა, რომელსაც ქანის გამოტყორცნა და ჰაერის მძლავრი ტალღა მოჰყვა. შედეგად - ექვსი მეშახტე ადგილზე დაიღუპა, სამმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო, ერთი მათგანი ამ დრომდე რეანიმანიაში რჩება.

საზოგადოების ნაწილს კი რომელმაც ტყიბულელი მეშახტეებისადმი სოლიდარობის ნიშნად რამდენიმე აქცია გამართა მიაჩნია, რომ საქართველოში ნახშირის მოპოვების ბიზნესი უსაფრთხო არ არის და ამაზე, ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა შემზარავი სტატისტიკაც მეტყველებს. სოციალური აქტივისტი გიორგი ღვინჯილია ამბობს:

ადამიანები, რომლებსაც ეს საწარმო ეკუთნით, მეშახტეებს აიძულებენ ყოველდღიურად რულეტკა ითამაშონ, რომელშიც ფსონს საკუთარ სიცოცხლეზე დებენ. უწევთ ასეთ სამსახურზე დათანხმება, ვინაიდან ტყიბულში სხვა სამსახური უბრალოდ არ არსებობს“
გიორგი ღვინჯილია, სოციალური აქტივისტი

„ადამიანები, რომლებსაც ეს საწარმო ეკუთნით, მეშახტეებს აიძულებენ ყოველდღიურად რულეტკა ითამაშონ, რომელშიც ფსონს საკუთარ სიცოცხლეზე დებენ. ყველას შეგიძლიათ გაეცნოთ ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშების მიმოხილვას, სადაც სამ გვერდზეა ჩამოწერილი ისეთი დეტალები, რომლებიც მიწისქვეშ ძალიან ბევრ რამეს წყვეტს, მათ შორის, მეშახტის სიცოცხლესაც.

გამოვლენილია მძიმე დარღვევები, მაგალითად, სამუხრუჭე არ არის თურმე გამართული და ვაგონს ფიცრით აჩერებენ, შახტის გვირაბებში ჭერია დაზიანებული, დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი. ამ ფონზე, ამ ადამიანების ხელფასი პირდაპირ არის მიბმული იმაზე თუ რამდენ ნახშირს გამოიტანენ საბადოდან. მეშახტეებს სხვა შემოსავალი არ აქვთ, ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები გასაზრდელი, ბანკების ვალი და უწევთ ასეთ სამსახურზე დათანხმება, ვინაიდან ტყიბულში სხვა სამსახური უბრალოდ არ არსებობს.“

ბოლო 9 წლის მანძილზე, ტყიბულის ქვანახშირის საბადოებზე 29 მეშახტე დაიღუპა. მათ შორის, 2009 წელს - 1, 2010 წელს - 8, 2011 წელს - 5, 2013 წელს -1, 2014 წელს - 1, 2015 წელს - 1, 2016 წელს - 1, 2017 წელს - 5 და 2018 წელს - 6. რამდენიმე ათეული მეშახტე კი დასახიჩრდა და ხეიბრად იქცა.

კომპანია „საქნახშირი“ თითქმის ყოველ ჯერზე აცხადებდა, რომ"უბედური შემთხვევები" სწორედ სამთო დარტყმებმა ან მეთანის გაჟონვამ გამოიწვია და ამით პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ახერხებდა. ასე ხდებოდა წინა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს და ასე ხდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც.

„საქნახშირი“ ძმები გელა და დავით ბეჟუაშვილების საკუთრებაშია, რომლებსაც პრეზიდენტების შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები ეჭირათ. გელა ბეჟუაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი, დაზვერვის სამსახურის უფროსი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი იყო, ამჟამად საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შემავალ Heidelberg Cement Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

დავით ბეჟუაშვილი სააქციო საზოგადოება საქგაზსა და საქტრანსგაზმრეწვს ხელმძღვანელობდა, 1999-2016 წლებში ჯერ „მოქალაქეთა კავშირიდან“, შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი იყო. 2013 წელს კი არჩევნებში გამარჯვებულ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგების მიზნით სააკაშვილის პარტია დატოვა. ახლა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია რეალურად ვერ გაუმჯობესდა იმიტომ, რომ არც ბიზნესში და არც ხელისუფლებაში ასეთი ნება არ არსებობს:

საქართველოში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური დოქტრინა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება რომ თუ ეს თუ ის წიაღისეული, ქვეყნისთვის სტრატეგიულად პრიორიტეტულია, მაშინ სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი და არა უშავს, თუ ადამიანები ამ წიაღისეულის მოსაპოვებლად საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ"
თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელი

„საქართველოში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური დოქტრინა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება რომ თუ ეს თუ ის წიაღისეული, პროდუქცია ქვეყნისთვის სტრატეგიულად პრიორიტეტულია, მაშინ სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი და არა უშავს, თუ ადამიანები ამ წიაღისეულის მოსაპოვებლად საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ.

სამწუხაროდ, დღემდე სწორედ ასეთია ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა ფენის დამოკიდებულება. ამიტომაც ხდება ჩაგვრა და ექსპლუატაცია ადამიანების, რომლებიც მთელ ამ პროცესში, საკუთარი ძალითა და ლეგიტიმაციით ყველაზე სუსტები არიან. ეს არ ხდება მხოლოდ ტყიბულში, ასეა ჭიათურაშიც და სხვა ინდუსტრიულ ზონებში.

პირდაპირ ვამბობ, რომ სინამდვილეში, საქართველოში ასე რეკლამირებული სოციალური დიალოგი არის მხოლოდ ფასადი - ევროკავშირისა და ევროსტრუქტურებისთვის თვალის ასახვევად. არც ახლა მაქვს იმედი, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.“

დღეს, საღამოს ტყიბულში თეატრის წინ, დაღუპული მეშახტეების ხსოვნას პატივი მთელმა ქალაქმა მიაგო, მათ შორის იყვნენ მეშახტეები მურმან აშოთია და ირაკლი კირკიტაძე, რომლებიც 5 აპრილს მინდელის შატხში სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. გლოვის ღამე სანთლებითა და ყვავილებით 10 აპრილამდე გასტანს.

გლოვის ღამე ტყიბულში - აუდიტორია 115-ის ფოტო
გლოვის ღამე ტყიბულში - აუდიტორია 115-ის ფოტო

„ტყიბულელები ყოველ დღე ვკარგავთ ამ ქალაქის საუკეთესო ბიჭებს და ვერ ვახერხებთ ამ მოცემულობის შეცვლას. აქ ადამიანების დაღუპვა და დასახიჩრება ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ ბევრი ტკივილი გვახსოვს. ეს ქალაქი ამას არ იმსახურებს“ - ნათქვამია მეშახტეების განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.

ტყიბულამდე ტრაგედია ჭიათურაში და ზესტაფონშიც მოხდა, 26 მარტს შუქრუთის მაღაროში ჭერის ჩამონგრევას გვირაბგამყვანი 45 წლის ზაზა აბრამიშვილი შეეწირა, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 12 მარტს კი ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროს სახურავიდან, 40 მეტრის სიმაღლიდან, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას 55 წლის დავით ძაბირაძე გადმოვარდა.

2018 წლის სამ თვეში საწარმოო შემთხვევების შედეგად, საქართველოს მასშტაბით სამუშაო ადგილზე უკვე 18 ადამიანი დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა. 2017 წელს - 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა.

2009-2018 წლებში დაღუპული ტყიბულელი მეშახტეები

2009 დეკემბერი - რაჟდენ ბოჭორიშვილი (48)

2010 მარტი – ჯემალ ჯიშიაშვილი (72), მიზდონ ონიანი (53), გიორგი ბრეგაძე (53), მურმან კუბლაშვილი (28)

2010 აგვისტო - იოსებ ობოლაძე (51), პლატონ მოდებაძე (49), მალხაზ ჭანტურიძე (43), ლაშა ბოჭორიშვილი (24)

2011 იანვარი - მერაბ კალანდაძე (37)

2011 სექტემბერი - თემურ გაბრიაძე (35)

2011 ნოემბერი - თამაზ გორდაძე(54), ბონდო მიხელაძე(61), სერგი აშოთია (50)

2013 ოქტომბერი - ლევან ნეფარიძე (35)

2014 იანვარი - ტარიელ ქასრაშვილი (50)

2015 თებერვალი - კოტე ბახუტაშვილი (54)

2016 ოქტომბერი - თემურ კაკაურიძე (51)

2017 მაისი - გიზო კუბლაშვილი (55), ვიქტორ დაღუნდარიძე (57), გიზო გუბელიძე (56), ალეკო ჭელიშვილი (45)

2017 ოქტომბერი - დავით ფორჩხიძე (50)

2018 აპრილი - პავლე გამეზარდაშვილი(25), ბესიკ გურგენიძე (49), მირზა ქურციკიძე (46), ელგუჯა ბოჭორიშვილი (51), გოგი რაფავა (58), გიორგი ბოჭორიშვილი (28)

Facebook Forum

XS
SM
MD
LG