ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დამიმტკიცონ რომ პაატა ქარდავა მოღალატე იყო!“


ქართველი მზვერავი პაატა ქარდავა (მარჯვნივ)
ქართველი მზვერავი პაატა ქარდავა (მარჯვნივ)

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს თავდაცვის სამინისტროს მზვერავის მკვლელობა ბრალდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარებიდან 5 წლისა და 10 თვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ იგი მოკლულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას წაუყენა.

გამოძიების მტკიცებით, პოლკოვნიკ შამათავას ბრძანებით, პაატა ქარდავა 2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდიდან გაიტაცეს. ჯერ წაიყვანეს სოფელ ცაიშის, შემდეგ კი ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილის მიმართულებით. იქედან, ქარდავას გადაყვანა უკვე ბათუმში მოხდა.

პოლკოვნიკი შამათავა ოფიცერ ქარდავასგან აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის ანუ სახელმწიფო ღალატის აღიარებას ითხოვდა. მას შემდეგ რაც ქარდავამ ბრალი არ აღიარა, აჭარის კუდ-ის კუთვნილი კატერით, იგი შეიყვანეს შავი ზღვის სიღრმეში. მოწმის ჩვენების მიხედვით, რომელიც აჭარის კუდ-ის თანამშრომელია, შამათავამ ბორკილებდადებულ და თვალებახვეულ ქარდავას ფეხზე ბეტონის ნატეხი მოაბა, ერთი გასროლით მოკლა და გვამი ზღვაში გადააგდო. პაატა ქარდავას ქვრივი ელისო სართანია ამბობს

მე ერთადერთი რასაც ვითხოვ - დამიმტკიცონ, რომ პაატა ქარდავა, რომელსაც აფხაზებმა მამა მოუკლეს და მამის სასაფლაოზე ვერ გადადიოდა, მოღალატე რომ იყო! აი, ეს დამიმტკიცოს სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შამათავამ და სხვებმა. ერთი ორი ადამიანი ამას ვერ გაბედავდა.“

ქართველი მზვერავი პაატა ქარდავა რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში მშობლიურ ზუგდიდში მაშინ დაიკარგა, როცა რუსი ოკუპანტები ჯერ კიდევ რჩებოდნენ სამეგრელოს ტერიტორიაზე.

2008 წლის 27 აგვისტოს დილით, პაატა ქარდავამ ქალიშვილი ქრისტინე, საკუთარი ავტომანქანით ზუგდიდის ბაზარში წაიყვანა. მამამ შვილს დაუბარა რომ ნახევარ საათში გამოუვლიდა და უკან სახლში მიიყვანდა, თავად კი კონსპირაციული სახლისკენ გაემართა, რომელსაც ომის დღეებში, დაზვერვის დეპარტამენტი ზუგდიდში ქირაობდა.

პაატა ქარდავამ შვილს ბოლოს 11 საათისთვის დაურეკა, უთხრა, რომ საქმე გამოუჩნდა და ვეღარ მიაკითხავდა. ამის შემდეგ, მზვერავის სამივე მობილური გაითიშა და ქარდავა გაუჩინარდა.

დარჩელის პოლიციის მტკიცებით, პაატა ქარდავას ცარიელი ავტომობილი რამდენიმე საათის შემდეგ, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, ორსანტია-ხურჩის მონაკვეთზე აღმოაჩინეს. ვერსია, რომ თავდაცვის სამინისტროს მზვერავი აფხაზეთში გაიქცა სწორედ პოლიციისგან წამოვიდა. პაატა ქარდავას ოჯახის ადვოკატი ბესო როგავა ამბობს, რომ რომან შამათავას გარდა ამ საქმეში სხვა პირების ბრალეულობაც იკვეთება.

„არ შეიძლება რომ ასეთ პატარა ქალაქში ასეთი ოპერაცია ჩატარაოს ვინმემ და რომელიმე თანამდებობის პირს, სამხარეო პოლიციის უფროსს, სოდ-ის, კუდ-ის უფროსებს ეს არ სცოდნოდათ და ამაზე ინფორმაცია რომ არ ჰქონოდათ.“

პოლკოვნიკი რომან შამათავა, აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი უფროსი 2013 წლის ოქტომბრიდან დაკავებულია ხურჩის გახმაურებული ტერაქტის საქმეზე. მას 2008 წლის მაისში ტერაქტის ორგანიზება ბრალდება, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა ქარდავას გატაცებისთვის რომან შამათავას 8-დან 12 წლამდე, განზრახ მკვლელობისთვის კი 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„სახელმწიფოს ღალატის“ არაოფიციალური „ბრალდებით“, 2008 წელს კიდევ რამდენიმე მსგავსი გატაცება მოხდა. 16 აგვისტოს, ქუთაისში დააკავეს და გააქრეს ჭუბერელი რეინჯერი დავით ცინდელიანი. რომან შამათავას გარდა ამ საქმეში აჭარის კუდ-ის ყოფილი ოფიცერი, გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად „მაიმუნა“ ფიგურირებს.

იმავე, 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში, სოდ-ის სპეცნაზმა ომიდან დაბრუნებული, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის სერჟანტი როინ შავაძე აიყვანა, რომელიც მოგვიანებით სოფელ ქაქუთთან დახვრიტეს.
XS
SM
MD
LG