ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სიკვდილის ესკადრონები“ საქართველოში


27 წლის რეინჯერი დავით ცინდელიანი ქუთაისის ცენტრიდან 2008 წლის 16 აგვისტოს გაიტაცეს. მას შემდეგ აღარავის უნახავს

ვინ აგებს პასუხს დავით ცინდელიანის, როინ შავაძის, პაატა ქარდავას, დავით სიგუას და სხვათა გატაცებასა და დახვრეტაზე?

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:20 0:00
ბმული


საქართველოს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არწმუნებს საზოგადოებას, რომ მისი ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც დაადასტურებს, ბოლო წლებში, საქართველოში - „სიკვდილის ესკადრონების“ არსებობას.

მომავალმა პრემიერ მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში, გაიცემოდა უკანონო, საიდუმლო ბრძანებები, სახელმწიფოსთვის არასასურველი პირების გატაცებისა და ლიკვიდაციის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობასთან -„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციასთან შეხვედრაზე კერძოდ ბრძანა:

„მე არ მსურს წინასწარ გავამხილო გამოძიების დეტალები, მაგრამ უახლოეს ხანში, მე გპირდებით, რომ მოსახლეობა გაიგებს თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ.

ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე. ეს არის ძალიან საგანგაშო საქმეები, ეს არის ჩვენი ტკივილი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, ჩვენი თანამემამულეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ.

დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან შვილებს, მათ სჯერათ რომ ისინი არიან ცოცხლები, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული.“

ახალი პრემიერი, შესაძლოა გულისხმობდეს სკანდალურ საქმეებს, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ.

2008 წლის 16 აგვისტოს, როცა რუსეთი აგრძელებდა საქართველოს ოკუპაციას, სოფელ ჭუბერის მკვიდრი - 27 წლის დავით ცინდელიანი, რომელიც სვანეთში რეინჯერად მუშაობდა, სასწრაფოდ ქუთაისში მეტყევეთა შეკრებაზე გამოიძახეს.

ცინდელიანი იმერეთში მამასთან, ზაურ ცინდელიანთან ერთად გაემგზავრა, რომელიც ასევე სატყეოს თანამშრომელი იყო. უკვე შუა ქუთაისში, ავტომანქანას სადაც ცინდელიანები ისხდნენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დასხნენ თავს და დავით ცინდელიანი გაიტაცეს. მას შემდეგ, იგი აღარავის უნახავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, გატაცება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს. კუდ-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცინდელიანმა სოციალურ ქსელში, მეგობარ რუს გოგონასთან მიმოწერის დროს, ახსენა ბორჯომის ხეობაში გადამალული ქართული ტანკები. სწორედ ეს გახდა მისი ქუთაისში ჩამოტყუების მიზეზი. კუდ-მა ცინდელიანი ჯაშუშობის ბრალდებით აიყვანა და გააქრო. ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

ოფიციალურად, ეს ოპერაცია საერთოდ არ შემდგარა. თუმცა, როგორ და ვინ გაიტაცა შუა ქუთაისში 27 წლის კაცი, შსს-მ 5 წლისა და 5 თვის მანძილზე ვერ გამოიძია. იმის მიუხედავად რომ ჯილდოდ 10 000 ლარიც კი ჰქონდა დაწესებული.

პარლამენტში გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ ცინდელიანის ლიკვიდაცია შესაძლოა, აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს რომან შამათავას უკავშირდებოდეს. შამათავა სოფელ ხურჩასთან 2008 წლის მაისში მომხდარი "ტერაქტის" ორგანიზებისთვის არის დაკავებული. დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი ამბობს:

„როცა ტელევიზიით ჩემსავით გამწარებულ დედებს ვუსმენდი გულთან ახლოს მიმქონდა მათი სატკივარი. დღეს კი მეხარბება იმ ქალბატონების, ქ-ნი ირინა ენუქიძის, რომელამც თავისი შვილი ნახა, დაასაფლავა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. მე შვილი უგზო-უკვლოდ გამიქრეს.“

იმავე დღეს, 2008 წლის 16 აგვისტოს, როცა დავით ცინდელიანი ქუთაისიდან გაიტაცეს, ბათუმში, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცნაზმა ქალაქის ცენტრში, ომიდან დაბრუნებული თავდაცვის სამინისტროს მზვერავი, უფროსი სერჟანტი როინ შავაძე დააკავა. მოგვიანებით, შავაძე, აჭარა-გურიის საზღვარზე, სოფელ ქაქუთთან დახვრეტილი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, შავაძე ნარკოტიკების გამო დააკავეს. ეტაპირების დროს კი, იგი გაქცევას შეეცადა და ჩაცხილეს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ შავაძეც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს თუმცა, ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმე დღემდე გაუხსნელია.

შავაძის ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ მისთვის ცნობილია ცხრავე სპეცნაზელის გვარი, რომლებმაც შავაძეს ჯამში 28 ტყვია ესროლეს, თუმცა ვინ გასცა ბრძანება ისევ უცნობია:

„ცხრავემ თავისი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და როინ შავაძის მკვლელობა ჩაიდინა .. განსაკუთრებული სისასტიკით. კანონით ასეთ დანაშაულს, შესაძლოა, სასჯელად თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მოჰყვეს. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამ სასჯელის დანიშვნას, თუ ისინი არ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.“

2008 წლის 27 აგვისტოს, ოკუპირებული ზუგდიდის ცენტრიდან, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი პაატა ქარდავა დაიკარგა. გაუჩინარებამდე მან ქალიშვილი ზუგდიდის ბაზარში მიიყვანა, შემდეგ თანამშრომლებს შეუარა და აღარავის უნახავს.

იმავე დღეს, მისი ავტომანქანა, სოფელ კოკთან, მდინარე ენგურთან ახლოს იპოვეს. არაოფიციალური ცნობებით, პაატა ქარდავაც ჯაშუშობის ბრალდებით იქნა გატაცებული, ოჯახს კი არწმუნებდნენ , რომ ქარდავა მოღალატეა და აფხაზეთშია გაქცეული. დაკარგულის დედა ნარგიზა ქარდავა ამბობს

„ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია. მე ასე ვფიქრობ. თუ დანაშაული მართლაც ჰქონდა ციხეები ხო არსებობს არა?! მიესაჯათ!

შვილის საფლავიც არ მაქვს. ცოცხალია არ ვიცი, მკვდარია არ ვიცი..არაფერი არ ვიცი...როგორ შეიძლება კაცი ასე დაიკარგოს?!“


2007 წლის 2 თებერვალს, ოკუპირებულ გალის რაიონში, საკუთარი სახლიდან, დილის ხუთ საათზე, გალის აფხაზური ადმინისტრაციის ჩინოვნიკი, „საარჩევნო კომისიის თავჯდომარე“, ეთნიკური ქართველი დავით სიგუა გაიტაცეს. აფხაზურმა მხარემ გატაცებაში მაშინვე, ზუგდიდში მოქმედი, აფხაზეთის ავტონომიის კუდ-ი დაადანაშაულა და "გალის ეთნიკური ქართული მოსახლეობის ტერორში" დასდო ბრალი.

სიგუას გაუჩინარების საკითხს, წლების მანძილზე, გაეროს წარმომადგენლებიც სწავლობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფდა გატაცებასთან რაიმე კავშირს.

არის თუ არა სიგუა და სხვებიც „სიკვდილის ესკადრონების“ მსხვერპლი, რომელზეც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს? ეს სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამოჩნდება.

ტერმინი „სიკვდილის ესკადრონები“ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ლათინურ ამერიკაში გაჩნდა. არგენტინაში, ბრაზილიაში, სალვადორში, ნიკარაგუაში, ჩილეში, ვენესუელაში, კოლუმბიაში, გვატემალასა და სხვა ქვეყნებში არსებობდა სპეციალური, საიდუმლო, გასამხედროებული ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფო - მტრული ელემენტების, ოპოზიციონერებისა და დამნაშავეების გატაცებისა და ლიკვიდაციის მიზნით იყენებდა.

დასავლელი ექსპერტების აზრით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, „სიკვდილის ესკადრონები“ დღემდე მოქმედებს რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG