ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შსს-მ „ხურჩის ოპერაციას“ გრიფით საიდუმლო მოხსნა


გადამწვარი ავტობუსი სოფელ ხურჩაში, 2008 წლის მაისი
გადამწვარი ავტობუსი სოფელ ხურჩაში, 2008 წლის მაისი

„თუ გამოძიება შამათავასა და მურღულიას იქეთ არ წავიდა, ეს ნიშნავს, რომ ხურჩის საქმე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ახალმა ხელისუფლებამაც პიარისთვის გამოიყენა“

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა, 2008 წლის 21 მაისს, სოფელ ხურჩაში მომხდარი „შეტაკება“ და მას „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მისცა. ხუთი წლის უკან, ზუსტად საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩის სტადიონზე თავდასხმა მოხდა.

მაშინდელი ოფიციალური ვერსიის მიხედვით, „აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს, გალის რაიონში სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც ორი ავტობუსით, ზუგდიდში გადასვლას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდნენ“.

გამოყენებული იქნა, როგორც ავტომატური ცეცხსასროლი იარაღი, ისე ყუმბარმტყორცნები. ორივე ავტობუსი ადგილზე დაიწვა, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი ნანა ქარდავა, მეორე დღესვე მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ „ამას, არავის შეარჩენდა“

ხუთი წლის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტობრივად აღიარებს, რომ „ხურჩის“ საიდუმლო ოპერაცია, ოფიციალური თბილისის შეკვეთილი ტერაქტი იყო და ის, შსს აფხაზეთის კუდ-მა და სამეგრელო-ზემო სვანეთის - სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა განახორციელეს.

ამ დანაშაულისთვის, მხოლოდ, შსს-ს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი რომან შამათავა და მალხაზ მურღულია არიან დაკავებულები. შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს:

„გამოძიების დროს გამოიკვეთა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ ეს იყო შეკვეთილი ტერორისტული აქტი. განხორციელებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ მომხდარიყო ხალხის დაშინება..დათესილიყო პანიკა. ეს სპექტაკლები დამთავრდა და არასოდეს აღარ განმეორდება.“

ხურჩის ინციდენტში აფხაზური და რუსული მხარეების მონაწილეობა, 2008 წლის ზაფხულშივე ეჭვქვეშ დააყენა გაეროს სადამკვირვებლო მისიის გამოძიებამ. გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ ავტობუსებს ყუმბარები დაახლოებით 100 მეტრიდან ესროლეს, „ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან“.

გაეროს ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტები, წინასწარ იყვნენ ინფორმირებული „ხურჩის სცენარის“ შესახებ. „ინციდენტი ისე იყო გადაღებული ტელეკამერების მიერ, რომ ტოვებს შთაბეჭდილებას ვივარაუდოთ, რომ ინციდენტის მოხდენას წინასწარ ელოდნენ და არ ხდებოდა მისი სპონტანურად გადაღება.“ - წერია გაეროს ანგარიშში. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტიც.

აფხაზებმა მაშინვე გამოაცხადეს, რომ თავდასხმა ქართველების დაგეგმილი ტერაქტი იყო და წარმოადინეს, შსს-ს აფხაზეთის კუდ-ის თანამშრომლის ზამო გაბედავას მობილური ტელეფონი, რომელიც მას ძალზედ საეჭვოდ ხურჩაში დარჩა. სატელეფონო ზარების გაშიფვრის მერე დადგინდა, რომ 2008 წლის 21 მაისს, ხურჩადან გაბედავა, ზუგდიდში მის უშუალო ხელმძღვანელებს რომან შამათავას, ზურაბ ლოგუას და გია ბარამიას უკავშირდებოდა.

ხურჩაში თავდასხმის ინსცენირებით, 2007 წლის ნოემბერში, ნდობა დაკარგულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაისის საპარლამენტო არჩევნები ისევ მოიგო და საკონსტიტუციო უმრავლესობაც მოიპოვა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე ამბობს

„აქ არის ბანალური დანაშაული, როცა სახელმწიფო სტრუქტურა მმართველი პარტიის დაკვეთით, პიარისთვის ახორციელებს რაღაც „ღონისძიებებს“ და ამისთვის იყენებს იმ საშუალებებს, რომელიც ამ უწყებას გააჩნია. სხვას რო თავი დავანებოთ - სროლებს, აფეთქებებს და ა.შ

ეს უკვე დანაშაულია და შესაბამისად, რაკი დანაშაული იკვეთება და აქ არ არის სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე საუბარი, ამ საიდუმლო ოპერაციაზე გრიფის მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენს.

მე ვადასტურებ, რომ ასეთი ტიპის ოპერაცია არ შეიძლება ჩატარებულიყო, ერთი განყოფილების ამ თუნდაც, მთელი სამმართველოს ძალებით..მასში უეჭველად იქნებოდა ჩართული მართვის მთელი ვერტიკალი.

და, გარკვეული გარანტიები და ნებართვები იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ ახორციელებდა გასროლებს უნდა მიეცათ პოლიტიკურ ლიდერებსაც და სამინისტროს პირველ პირებსაც.“


მეორეს მხრივ, კითხვებს ბადებს, „ხურჩის ინციდენტის“ საპრეზიდენტო არჩევებამდე ოთხი დღით ადრე გახსნა და მხოლოდ ორი პიროვნების დაკავება.

პოლკოვნიკი რომან შამათავა ახალმა ხელისუფლებამ 2012 წლის 4 დეკემბერს, კუდ-ის კიდევ ხუთ თანამშრომელთან ერთად დააკავა.
მას მაშინ ბრალად ედებოდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

თუმცა, ზაფხულში, შამათავა ბრალდებების ნაწილში სასამართლომ გაამართლა, იარაღის ნაწილში კი მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.შამათავა და მურღულია ბრალს არც ახლა აღიარებენ.

ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ თუ გამოძიება ამ ორი დაკავებული სპეცსამსახურის თანამშრომლის იქეთ არ წავიდა, მაშინ ნათელი გახდება, რომ „ხურჩის ინციდენტის“ საქმის გახსნა, ახალმა ხელისუფლებამაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ პიარისთვის გამოიყენა

„თავისთავად ჩვენ თამასა დაბლა არ უნდა დავწიოთ და არც ახალ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გარკვეულწილად, მოახდინოს ცალკეული ფაქტების სპეკულირება და გამოყენება მათი პოლიტიკური მიზნებისათვის.

ამიტომ გამოძიება უნდა იყოს მიყვანილი ბოლომდე! და, თუ ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი, მაშინ ზუსტად უნდა დადგეს საკითხი რომ ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციისთვის, პიარისთვის გამოყენებული და ეჭვქვეშ დადგეს, ამ შემთხვევაში იმ პოლიტიკური ფიგურების კომპეტენცია, რომლებიც ამ უწყებებს მართავენ.“

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ხურჩის ტერაქტის“ შეკვეთის გამო, შეიძლება მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

2008 წლის მაისში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო, რომელიც დაპატიმრებულია; კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დათა ახალაიას ეჭირა, რომელიც იძებნება; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კი ალექსანდრე ლომაია იყო, იგი კატეგორიულად უარყოფდა ხურჩის ინციდენტში ქართველების მონაწილეობას;

ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ შსს-ს ხურჩის საიდუმლო ოპერაცია შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

XS
SM
MD
LG