ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აჰმედ ზაკაევი: "საქართველოს ხელისუფლება სიმართლეს მალავს"


აჰმედ ზაკაევი
აჰმედ ზაკაევი

ლოპოტის ხეობაში მოკლული დუკვახა დუშუევი ბოლო რამდენიმე თვე საქართველოში ცხოვრობდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:55 0:00
ბმული


თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურსა და მიმდებარე ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ხმაურიანი დევნის სპეცოპერაციიდან ერთი თვის თავზე, ცნობილმა ჩეჩენმა სახელმწიფო მოღვაწემ, დევნილობაში „იჩქერიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა“ აჰმედ ზაკაევმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიმართლეს მალავს.

2003 წლის ნოემბრიდან აჰმედ ზაკაევი დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით სარგებლობს. ლონდონის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მეტწილად ზაკაევის ყოფილი პირადი მცველის დუკვახა დუშუევის ჩვენების საფუძველზე მიიღო.

რუსეთი ზაკაევის ექსტრადირებას სწორედ დუშუევის ჩვენებების მიხედვით ითხოვდა. მოსკოვის მიერ წარმოდგენილ მასალებში, დუშუევი ამტკიცებდა, რომ ზაკაევი პირადად გასცემდა რუსი ჯარისკაცების მოტაცებისა და მკვლელობის ბრძანებებს.

უკვე, ლონდონში დუშუევმა სასამართლოზე თქვა, რომ ეს ჩვენებები რუსეთის პროკურატურას გროზნოში სასტიკი წამების შემდეგ მისცა. ამის გამო, ზაკაევთან ერთად, პოლიტიკური დევნილის სტატუსი ბრიტანეთში დუშუევმაც მიიღო. აგვისტოს ბოლოს დუშუევი ლოპოტის ხეობაში ქართველმა სპეცრაზმელებმა ქისტ და ჩეჩენ ვაჰაბიტებთან ერთად მოკლეს.

ოფიციალური თბილისი დღემდე მათ „დაღესტნიდან შემოჭრილ დივერსანტთა ჯგუფს“ უწოდებს. აჰმედ ზაკაევი, რომელსაც გუშინ ლონდონში დავუკავშირდით ამბობს, რომ დუკვახა დუშუევი ლონდონიდან თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოფრინდა და შეუძლებელია იგი რუსეთში ყოფილიყო.

„რა თქმა უნდა, ერთი რამ აბსოლუტურად ცხადია, საქართველოს ხელისუფლება მალავს რა მოხდა სინამდვილეში. ეს ძალიან სამწუხაროა - ის განცხადებები, რომლის დეკლარირებასაც ახდენდა და ახდენს საქართველოს ხელისუფლება მათივე ქმედებებისგან ძალიან განსხვავდება.

ამ ეტაპზე ყოველგვარი გამოძიების გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოკლულია ამ ჯგუფში - ეს არის დუკვახა დუშუევი, იგი ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი. და იგი ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირ სიტუაციაში ვერ იქნებოდა რუსეთში და, შესაბამისად, ვერც გადმოლახავდა საზღვარს რუსეთიდან საქართველოში.

ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამაინი ლონდონიდან გაფრინდა საქართველოში, იმყოფებოდა მანდ რამდენიმე თვე. ამ ინციდენტის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეს ადამიანი თითქოს იმყოფებოდა რუსი დივერსანტების იმ ჯგუფს შორის, რომელმაც რაღაც მიზნებით საზღვარი გადმოლახა.

ეს არის სრული სიცრუე. პირველ რიგში, ჩვენ სწორედ ამ მომენტმა გვაფიქრებინა, რომ საქართველოს ხელისფლება რაღაცას მალავს, მათ ეს ფაქტი საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაითამაშეს.“

ეს არ არის ერთადერთი ტყუილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელეს.

ხელისუფლება თავიდან კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ დივერსანტთა ჯგუფი დაღესტნიდან შემოიჭრა და მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. მოგვიანებით, როცა პანკისის ხეობაში გლოვა დაიწყო და საფლავები გაითხარა ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

რამდენიმე დღიანი ვაჭრობის შემდეგ, პოლიციამ ქისტებს ადრე დაპირებული შვიდი ცხედრის ნაცვლად, სამის - ასლან მარგოშვილის, ბაჰაუდი ბაღაკაშვილისა და ბაჰაუდი ალდამოვის (ქართარაშვილის) ცხედრები გადასცა. მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სულ თერთმეტი „დივერსანტია“ ლიკვიდირებული. დაპატიმრებულია, ასევე, აჰმედ ზაკაევთან დაახლოებული ცნობილი ჩეჩენი მებრძოლი აჰმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა აჰმედა. თავის დროზე, ჩატაევი რუსეთში ექსტრადირებას სწორედ ოფიციალურმა თბილისმა გადაარჩინა.

აჰმედ ზაკაევი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავაზა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინფორმაცია რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ავრცელებს და ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ძალიან განსხვავდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო კომისია ამ ინციდენტის გამოსაძიებლად.

ამის შესახებ ვაცნობეთ საქართველოს ხელისუფლებასაც, თუმცა, მათ არანაირად არ სურთ ჩვენთან ერთად გამოძიების ჩატარება ან იმ ინფორმაციის გაცნობა, რომელსაც ვფლობთ. ჩვენ ელექტრონული ფოსტით გავგზავნეთ წერილი საქართველოს პრემიერ მერაბიშვილის სახელზე, ვინაიდან სწორედ იგი ხელმძღვანელობს კრიზისების მართვის შტაბს, რომელიც ამ ინციდენტის გამო შეიქმნა. თუმცა, არავითარი პასუხი მათგან არ მიგვიღია.

ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ცალმხრივად ვმუშაობთ, ჩვენი ხალხი ჩავიდა საქართველოში. ისინი ხვდებიან ამ მოვლენების უშუალო თვითმხილველებს. უკვე იმყოფებოდნენ ლოპოტისა და პანკისის ხეობებში.

უფრო მეტიც, „იჩქერიის“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მისწერა წერილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ჩვენ ვიძიებთ ამ ინციდენტს. ასეთივე წერილი გავგზავნეთ ნატოს გენერალური მდივნის სახელზე და ევროპის საბჭოში.“

საქართველოს ხელისუფლება ახალ ინფორმაციას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აღარ ავრცელებს და ჯიუტად ირწმუნება, რომ დივერსანტები რუსეთიდან შემოიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

ჩვენ გვაინტერესებდა რამდენი ადამიანი დააკავეს ამ სპეცოპერაციის დროს და არიან თუ არა მოკლულებში სხვა საქართველოს მოქალაქეებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სალომე მახარაძემ კერძოდ თქვა:

„ახალ დეტალებთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. რაც არის ოფიციალური ინფორმაცია, ამის გარდა სხვა ინფორმაცია არ არსებობს.“

პანკისის ხეობაში დაკარგულ ახალგაზრდებს დღემდე ეძებენ. მათ შორის არიან - სოფელ ომალოს მკვიდრი, 26 წლის რუსლან ფხაკალაშვილი, დუისელი გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი). ასევე სოფლების - ბირკიანისა და ჯოყოლოს ორი მცხოვრები, რომელთა ზუსტი ვინაობა უცნობია.

ლაფანყურის სპეცოპერაციისას სამი ქართველი სპეცნაზელი დაიღუპა. ამ ოპერაციაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის. მისი კარიერა სულ სხვა სკანდალმა - ქართულ ციხეებში არსებულმა სადიზმმა შეიწირა.

შეკითხვა - როგორ, ვისი დახმარებით, რა შეიარაღებით და რა მიზნით აღმოჩდნენ პანკისელი ქისტები, ჩეჩნები და ერთი ინგუში ლოპოტის ხეობაში ისევ უპასუხოდ რჩება.

XS
SM
MD
LG