ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხმაგი აგენტის სიკვდილი: ვინ ააფეთქა „თემურ მახაური“?


თემურ მახაური კიევში ქართულ ნომრებიანი "ტოიოტა ქემრის" საჭესთან ააფეთქეს
თემურ მახაური კიევში ქართულ ნომრებიანი "ტოიოტა ქემრის" საჭესთან ააფეთქეს

ალი დაბუევი, იგივე „ალი ტიმაევი“, იგივე „რუსლან პაპასკირი“, იგივე „თემურ მახაური“ საბოლოო განსასვენებელს საქართველოში ნახავს. მისი ცხედარი კიევიდან თბილისში გუშინ ჩამოასვენეს. 39 წლის ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, 8 სექტემბერს „ტოიოტა ქემრის“ საჭესთან ააფეთქეს, ავტომანქანას ქართული ნომრები ჰქონდა.

ალი დაბუევის პერსონა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული. ჩეჩენი მეამბოხეების ოფიციალური ონლაინ მედია რესურსი - Kavkaz Center მოკლულს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აგენტად და ქილერად მოიხსენიებს;

თურქული წყაროების მიხედვით, დაბუევი საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი იყო, რომელსაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ოპერატიული პასპორტები ჰქონდა.

ალი დაბუევის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა - რუსლან პაპასკირის სახელზე
ალი დაბუევის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა - რუსლან პაპასკირის სახელზე

რუსული „დოსიეს“ მიხედვით კი დაბუევი თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისა (MIT) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) დავალებებსაც ასრულებდა.

2016 წლის აპრილიდან ალი დაბუევი „თემურ მახაურის“ სახელზე გაცემული საქართველოს პასპორტით უკრაინაში ცხოვრობდა და 2017 წლის აპრილამდე „შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში“ ირიცხებოდა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მოკლული მნიშვნელოვანი მოწმე იყო 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში და დღემდე ბურუსით მოცული მოვლენების შესახებ ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობდა:

მისი მეტსახელი იყო „ზოონ“. ალი დაბუევი მაშინ რუსლან პაპასკირი, ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურთან ერთდროულად თანამშრომლობდა“
მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში

„ეს იყო ერთ-ერთი იმ ჩეჩენ მეთაურებს შორის, ვინც 2011-12 წლებში პირადად ურეკავდა როგორც გამოცდილ მებრძოლებს, ისე ახალგაზრდებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ჩამოჰყავდა და წვრთნიდა პანკისის ხეობაში. მისი მეტსახელი იყო „ზოონ“. ალი დაბუევი მაშინ რუსლან პაპასკირი, ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურთან ერთდროულად თანამშრომლობდა.“

რა არის ცნობილი ალი დაბუევზე? იგი 1978 წელს, საქართველოს მოსაზღვრე, ჩეჩნეთის ითუმ ყალეს რაიონში დაიბადა (1943-1955 წლებში, ეს ტერიტორია ახალხევის რაიონის სახელით, საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში იყო). 16 წლისა ჩაება რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, ორჯერ დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა.

ალი დაბუევი (მარცხნივ) გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს
ალი დაბუევი (მარცხნივ) გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს

სიცოცხლეში დაბუევი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იგი რუსული ტყვეობიდან გამოისყიდეს და აზერბაიჯანში გადააგზავნეს, სადაც მაშინ მისი ოჯახის წევრი, მუსა დაბუევი კრიმინალური ავტორიტეტი იყო (2006 წლიდან აზერბაიჯანში, რამდენიმე მკვლელობისა და ადამიანთა გატაცებისთვის მუსა დაბუევს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი). მის მოწინააღმდეგეებს მიაჩნდათ, რომ ალი დაბუევი რუსულმა FSB-მ სწორედ ტყვეობის პერიოდში გადაიბირა.

ბაქოში ცხოვრების პერიოდში დაბუევი დაქორწინდა. 2005 წელს კი ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის ბრძანებით, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, ჩეჩენი მეამბოხეების ემისარი, პარალელურად კი „რუსლან პაპასკირის“ სახელით, ქართული სპეცსამსახურის თანამშრომელი გახდა.

ალი დაბუევი - ჩეჩნეთის ომიდან, რუსეთ-უკრაინის ომამდე
ალი დაბუევი - ჩეჩნეთის ომიდან, რუსეთ-უკრაინის ომამდე

ალი დაბუევის სახელს უკავშირებენ 2006 წელს ინგუშეთში, იარაღით დატვირთული და დანაღმული „კამაზით“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის შამილ ბასაევის აფეთქებას; 2007 წელს, მისი გვარი ფიგურირებდა იმ ჩეჩენ ქილერებს შორის, რომლებსაც ბიზნესმენ პატარკაციშვილის მოშორება შეუკვეთეს;

არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დროს იგი იბრძოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და სირიაში, თუმცა ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება არ ხერხდება.

2010 წელს, დაბუევის აფეთქებას თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, მისსავე საცხროვრებელი სახლის სადარბაზოში შეეცადნენ, თუმცა გადარჩა. 2011-12 წლებში, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ქვეყნებიდან პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების შეკრებაში, ეს მოვლენები ლაფანყურის ტრაგიკული სპეცოპერაციით დასრულდა.

2012 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც დაბუევმა თბილისი დატოვა, იგი სტამბოლის აეროპორტში დააკავეს და ბრალად 2008-2011 წლებში, თურქეთის ტერიტორიაზე, „კავკასიის იმირატის“ რამდენიმე თვალსაჩინო წევრის შეკვეთილი მკვლელობა წაუყენეს.

თურქული გამოძიების ცნობით, დაბუევი რუსული FSB-ს დავალებით მოქმედებდა. თუმცა, სტამბოლში 2014 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი, იმის მიუხედავად რომ ბრალდების მხარე უვადო პატიმრობას ითხოვდა, 2016 წელს, სრულიად მოულოდნელად დაბუევის გამართლებით და გათავისუფლებით დასრულდა.

ამის შემდეგ, უკვე „თემურ მახაურის“ სახელით, ალი დაბუევი უკრაინაში აღმოჩნდა, სადაც მცირე ხნით ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში ირიცხებოდა.

2017 წლის იანვარში იგი კიევის ცენტრში, იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. დაბუევი მაშინაც ქართულ ნომრიანი ML-ის ჯიპით გადაადგილდებოდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა „საპროცესო შეთანხმებით“ ერთ თვეში განთავისუფლდა. ამ შემთხვევას „ჩეჩნური ბატალიონიდან“ გარიცხვა მოჰყვა.

მოკლული ალი დაბუევის თანამებრძოლი, უკრაინაში მცხოვრები ჩეჩენი ტიმერჰან მანაევი ამბობს, რომ ამ აფეთქების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან:

იგი უკრაინის მხარეს იყო, აღმოსავლეთის ფრონტზე ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა. რამზან კადიროვი პირად მტერს ეძახდა, მასზე დიდი ხანია ნადირობდნენ, დიდი ალბათობით, ეს რუსული კვალია“
ტიმერჰან მანაევი, ალი დაბუევის (თემურ მახაურის) თანამებრძოლი უკრაინაში

„ის უკრაინის მხარეს იყო, აღმოსავლეთის ფრონტზე ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა. რამზან კადიროვი პირად მტერს ეძახდა, მასზე დიდი ხანია ნადირობდნენ, დიდი ალბათობით, ეს რუსული კვალია.“

კიევში, ალი დაბუევის იგივე „თემურ მახაურის“ აფეთქების მომენტში, ავტომანქანაში, მისი მეგობარი ქალი 32 წლის ნატალია ცელოვალნიკოვა და ქალბატონის 8 წლის ქალიშვილი მაშაც ისხდნენ (თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავტომანქანაში ცნობილი უკრაინელი მოდელი და „დიორის“ სახე ნატალია კოშელი იჯდა არასწორი გამოდგა).

ნატალია ცელოვალნიკოვას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ნატალია ცელოვალნიკოვას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ნატალია ცელოვალნიკოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა, მას შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. მის ქალიშვილს სხეულზე სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, თუმცა ექიმების თქმით, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თავად გარდაცვლილ ალი დაბუევს მეუღლე ფატიმა და სამი შვილი დარჩა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ.

მარჯვნივ ალი დაბუევი (თემურ მახაური) კიევში, 2017 წლის ფოტო
მარჯვნივ ალი დაბუევი (თემურ მახაური) კიევში, 2017 წლის ფოტო

Facebook Forum

XS
SM
MD
LG