ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება "ნაციონალებში": ახალაიები მერაბიშვილის წინააღმდეგ


შსს-ს კუდ-ის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია

დათა ახალაია მზად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

დათა ახალაიას სკანდალური განცხადება, რომელიც სოციალური ქსელ „ფეისბუქით“ გუშინ საღამოს გავრცელდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო.

საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.

ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.

მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში - წერს დათა ახალაია.

სკანდალური წერილს ავტორმა დროც ზედმიწევნით ზუსტად შეარჩია. გუშინ, მისი ყოფილი შეფი, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 45 წლის გახდა და დაბადების დღეს აღნიშნავდა.

ამასთან, სულ 3 დღეა დარჩენილი 19 აპრილამდე, ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ საპროტესტო მიტინგამდე, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის ერთგვარი რეაბილიტაციის დასაწყისი უნდა გახდეს.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი უკვე გამოეხმაურა დათა ახალაიას სახელით გავრელებულ წერილს:

„თუ ეს ადამიანი ჩამოვა საქართველოში და შესაბამის ჩვენებას მისცემს სამართალდამცავ ორგანოს, ჩვენ ამ ჩვენების მიხედვით მოვახდენთ წერილში გამოთქმული ბრალდებების გადამოწმებას.

დათა ახალაია ამჟამად ბრალდებულია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში, პოლიციელის ცემის ფაქტზე, მას შეფარდებული აქვს პატიმრობა და ბუნებრივია ჩამოსვლის შემთხვევაში, ის იქნება დაპატიმრებული. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მომავალი გვაჩვენებს.“

დათა ახალაიას 2005-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, 2012 წლის ივნისში კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაინაცვლა. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი საქართველო დატოვა და ამჟამადაც მიმალავშია.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმალვაში იყო მისი ძმაც, სასჯელაღსრულების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც, თუმცა 2012 წლის 7 ნოემბერს იგი საქართველოში დაბრუნდა. 8 ნოემბიდან კი პატიმრობაშია.

საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ბაჩო ახალაიას არცერთ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. დათა ახალია სკანდალურ წერილში ასევე წერს:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობებ ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ.

აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა.

დათა ახალაიას სკანდალური ბრალდებების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბნეულობა შეიმჩნევა. პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი სავარაუდოდ, ამ თემას დღეს, 22 საათზე ტელეკომპანია რუსთავი-2 ის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურება.

ვანო მერაბიშვილმა კი ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით ახალაიას ბრალდებებს ბოდვა და აბსურდი უწოდა. იგივე განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამაც:

ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. ახალაიას თანამშრომლობის 80% თუ მეტი არა ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულები. ასე რომ ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს

არაერთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი დათა და ბაჩო ახალაიები, რომლებსაც წლების მანძილზე უმაღლესი თანამდებობი ეჭირათ, სავარადოდ, არაერთ კომპრომატს ფლობენ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მნიშვნელოვან ფიგურებზე, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილსა და პარტიის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილზე.

ლაფანყურის, ციხის სადიზმის, იაღლუჯას ეპიზოდების მხოლოდ მცირე ნაწილია კანონის გადაცდომათა თუ დანაშაულთა უზარმაზარ ჯაჭვში. დათა ახალაია უმნიშვნელოვანესი მოწმეა სანდრო გირგვლიანის სკანდალური მკლელობის საქმეში. შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან ერთად, სწორედ დათა ახალაია იმყოფებოდა 2006 წლის 28 იანვარს, შარდენ ბარში, საიდანაც შემზარავი ისტორია დაიწყო.

თავად დათა ახალიას წინააღდეგ, გამოძიების განახლებას 21 წლის რომან სურმანიძის, 17 წლის შოთა გორგაძისა და 23 წლის მარად ართმელაძის მშობლები ითხოვენ. ეს ახალგაზრდები 2006 წლის 12 იანვარს თბილისში, ნავთლუღის ბაზართან სპეცრაზმა ჩაცხრილა, ოპერაციას დათა ახალაია ხელმძღვანელობდა.

ძმები ახალაიების მამის, დეპუტატ რონალდ ახალაიას მიმართ, რომელიც 2012 წლის ზაფხულამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი იყო, პროკურატურამ გამოძიება დროებით შეაჩერა. იუსტიციის მინისტრმა ამ დრომდე არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება - დეპუტატ ახალაიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG