ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გირგვლიანის საქმე“: „დამოკლეს მახვილი“ მმართველი ელიტის თავზე


სანდრო გირგვლიანი 28 წლის ასაკში მოკლეს
სანდრო გირგვლიანი 28 წლის ასაკში მოკლეს

ხუთი წლის წინ, ოქროყანაში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცრების მიერ „საქართველოს ბანკის“ 28 წლის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის უსასტიკესი მკვლელობის საქმე კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის თავის ტკივილად.

მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჯერ წააგო საქმე „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ხოლო მოგვიანებით არ გაასაჩივრა ევროპული სასამართლოს მძიმე განაჩენი, სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სკანდალური საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თეა წულუკიანმა, მკვლელობის ღამეს, 2006 წლის 28 იანვარს „შარდენ ბარში“ მყოფი ყველა საჯარო პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა:

„ჩვენ ვითხოვთ, „შარდენ ბარში“, მკვლელობის ღამეს მსხდომი შემდეგი პირების: ოლეგ მელნიკოვის, ვასილ სანოძის, გურამ დონაძის, დათა ახალაიას და თამარ სალაყაიას წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რათა დადგინდეს მათი რეალური კავშირი გირგვლიანის მკვლელობასთან.

ის ოთხი მსჯავრდებული, კუდ-ის თანამშრომლები გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა, რომლებიც გამოვიდნენ დროზე ადრე ციხიდან შებრუნებულნი იქნენ საპატიმროში და გულმოწყალე სასჯელი, რომელიც მათ მიხეილ სააკაშვილმა პირადად აპატია, მათ მიერ იქნეს მოხდილი.“

იუსტიციის სამინისტროს ბოლო განცხადება მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიებით დაინტერესებულნი არ არიან.

სახელმწიფო აპირებს 26 ოქტომბრამდე აუნაზღაუროს სანდრო გირგვლიანის მამას გურამ გირგვლიანს ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული კომპესაცია 50 ათასი ევრო და სასამართლოს ხარჯები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოს არ მოუთხოვია საქმის ხელახალი გამოძიება და ქართული სახელმწიფო სტრასბურგის გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომელიც მისივე თქმით „ჩვენთვის ცუდი არ არის“:

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იმ გადაწყვეტილებაში რაიმე საზიანოა სახელმწიფოსთვის. ჩვენ მზად ვართ აღვასრულოთ გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, ცუდი გადაწყვეტილება.“

ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანო მინისტრთა კომიტეტი (Committee of Ministers of the Council of Europe), რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ჯერჯერობით საქართველოს მთავრობის შედგომ მოქმედებებს ელოდება.

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები „გირგვლიანის საქმეზე“ სწორედ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკვე აქვს ერთი პრეცედენტული საქმე სტრასბურგში.

საქმე „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2005 წელს ხონის კოლონიაში ჩამომხრჩვალ პატიმარ ზურაბ ცინცაბაძეს ეხება, ევროსასამართლომ ჩათვალა როგორც გამოუძიებელი და ქართულ სახელმწიფოს 20 ათასამდე ევროს გადახდა დაეკისრა. გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიერი ამერიკის ხმასთან ამბობს:

„წარმოიდგინეთ როგორ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, რეალურად ადამიანებმა, საჯარო პირებმა, რომელთა წინააღმდეგაც არის დაწერილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გირგვლიანის საქმეზე ობიექტური განაჩენი დადგეს.

ამიტომ კითხვა, ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე ,დღეს ძალიან აქტუალურია. ევროპული სასამართლო ამბობს, რომ კანონდარღვევს, კონვენციასთან შეუსაბამო მოქმედებებს ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების დროს, არამედ პროკურატურის და სამივე ინსტანციის სასამართლოების მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ 9 დღის განმავლობაში განიხილა ეს მნიშვნელოვანი საქმე და ამაზე ევროსასამართლომ გაოცება ვერ დამალა, მეორე ინსტანციაში საერთოდ პროცესი არ ჩაუტარებია მოსამართლეს და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ამას მოჰყვა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაზეც ევროსასამართლო გაოგნდა.

კუდ-ის თანამშრომლების შეწყალების დოკუმენტში წერია, რომ თითქოს ამ პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს. ანუ წამება, სადიზმი, 12 სასიკვდილო ჭრილობა, ყელის გამოჭრა, რასაც ჰქვია არაჰუმანური აქტი და რაც ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ იქნა მიჩნეული, როგორც მოქალაქისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა მათი შეწყალების გადაწყვეტილება. თქვენ იცით, იმ სამ წელიწადნახევარში ეს ადამიანები ციხეში სასათბურე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, არ აკლდათ პირადი შეხვედრები, ღამით ციხის დატოვება, მათზე არ ვრცელდებოდა ის რეჟიმი, რაც სხვა პატიმრებზე მოქმედებდა.

ეს ყველაფერი ქმნის იმ ჯაჭვს, რამაც მიგვიყვანა ევროსასამართლოს ასეთ განაჩენთან და რომლებიც მომავალი ძიების პერიოდში უნდა იქნეს აღმოფხვრილი.“

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება ავტომატურად გულისხმობს არა მხოლოდ იმ პირთა სამართლებრივ დასჯას, ვინც უშუალოდ თუ ირიბად მონაწილეობდა „შარდენ ბარში“ მომხდარ ინციდენტსა და ოქროყანაში, პოლიციურ ანგარიშსწორებაში.

არამედ, იმ პროკურორთა (ვალერი ლაცუზბაია, ალექსანდრე მგელაძე), მოსამართლეთა (გიორგი ჩემია, ნაირა გიგიტაშვილი, იური ტყეშელაშვილი, ზაზა ემიშვილი, ლევან მურუსიძე) და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა (პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, შსს მინისტრი, გენპროკურორი, იუსტიციის მინისტრი და თითქმის მთელი მმართველი ელიტა) პასუხისმგებლობაც, რომელთა შეთანხმებულმა მოქმედებამაც „გააოგნა“ ევროპული სასამართლო და რომლებმაც, ყველა ხერხი იხმარეს, რომ სკანდალურ საქმეზე სამართლიანი განაჩენი არ დამდგარიყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ „გირგვლიანის საქმე“, როგორც „დამოკლეს მახვილი“ კიდევ დიდხანს იქნება „დაკიდული“ მმართველი ელიტის თავზე.

XS
SM
MD
LG