ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენუქიძემ და გირგვლიანმა საქართველოს საქმე მოუგეს


სანდრო გირგვლიანი

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყველაზე სკანდალურ და გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე - „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, დამოუკიდებელი ექსპერტები და იურისტები ცალსახად საქართველოს სახელმწიფოს დამარცხებად აფასებენ.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ის შეძრა ,,საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ერთობლივმა ქმედებებმა, რომლებიც მიმართული იყო მკვლელობის შემაძრწუნებელ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლისკენ”.

სიმართლის დადგენას, სასამართლოს აზრით, ხელი შეუშალეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებმა გამოძიების საწყისს ეტაპზე; პროკურატურის გულგრილობამ გამოძიებისადმი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ბრალდებულთა ერთ საკანში მოთავსების შესახებ; საქართველოს სასამართლოების მიერ სასამართლო პროცესის არასათანადოდ ჩატარებამ და მსჯავრდებულთა ნაადრევმა გათავისუფლებამ;

და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს პრეზიდენტის არაგონივრულმა თანაგრძნობამ მსჯავრდებულთა მიმართ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო განაცხადა

„სააკაშვილის ხელისუფლება ამკვიდრებს საქართველოში დაუსჯელობის სინდრომს. ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის და როგორც დღეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, ეს არის მიუღებელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მე ვაფრთხილებ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, რომ სამართალს ვერავინ ვერასდროს გაექცევა და ყველას მოუწევს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება.“

„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის იანვარში, თბილისში, "შარდენ ბარში" მომხდარი შელაპარაკების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა სიტყვიერი შელაპარაკება გირგვლიანსა და „შარდენ ბარში“ იმ მაგიდის წევრებს შორის, რომელსაც უსხდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაშინდელი უფროსი დათა ახალაია, გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე, ოფიცერი ოლეგ მელნიკოვი და შსს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მიზნით, მაღალჩინოსნემა პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს და სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე ოქროყანაში გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

გირგვლიანი ადგილზე გარდაიცვალა, ბუხაიძემ კი თავი გაქცევით უშველა. მოგვიანებით სამინისტრომ დააპატიმრა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი - გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა. მათ ჯერ 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, შემდეგ სასამართლომ 6 თვით შეუმცირა სასჯელი, 2009 წლის 5 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოთხივე მათგანი გაათავისუფლეს.

ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს უმაღლესმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მკვლელობაში მონაწილე რეალური პირებისთვის სასჯელი აეცილებინათ

„ევროპის სასამართლოს მიერ მკაცრად იქნა დადანაშაულებული ქართული სახელმწიფო, მოცემულ საქმეზე, როგორც წინასწარი გამოძიების დროს, ასევე სამივე ინსტანციის ეროვნულ სასამართლოში უხეშად იქნა დარღვეული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.

კერძოდ, დარღვეული იქნა ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც სიცოცხლის უფლებაა. განაჩენში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება და სასამართლო განხილვები ჩატარდა არაობიექტურად, ცალმხრივად, არასრულად და შესაბამისად, შედეგიც არის უკანონო და არასამართლიანი.

განაჩენზე ასევე ხაზგასმულია და მინდა ამას მეც გავუსვა ხაზი, რომ ევროპული სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ გირგვლიანის საქმეზე ფაქტობრივი ფაქტების გაყალბებით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით, გარკვეულ პირთათვის პასუხიმგებლობის არიდებით და უკანონოდ ამ საქმის წარმოებაში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო.

დაწყებული საგამოძიებო ორგანოებიდან, რომლებმაც არაობიექტური და არასრული გამოძიება აწარმოეს, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა; შემდეგომ სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც იგივე ტენდენცია გააგრძელა და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განაჩენი დაადგინა;

შემდგომ, საპარლამენტო ხელისუფლება, რომელმაც კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით შეცვალა კანონები და ბოლოს აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტის მიერ იქნა შეწყალებული ეს მსჯავდებულები და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კონკრეტულად ამ შეწყალების ფაქტითაც დარღვეული იქნა კონვენციის მეორე მუხლი.“

ევროპული სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია, ასევე, იმ ფაქტით, რომ საქართველოს სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მთავარი მოწმის ლევნ ბუხაიძის მიერ მიცემულ ცალსახა ჩვენებას, რომ მეოთხე პირი, ვინც მისი და სანდრო გირგვლიანის ცემაში მონაწილეობდა ოლეგ მელნიკოვი იყო.

აღნიშნული სერიოზული ბრალდება სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირდაპირი მსხვერპლის ჩვენება.

ევროპული სასამართლოს აზრით, მელნიკოვის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რომელიც ინციდენტის ღამეს კაფეში მინისტრის მეუღლის გარემოცვაში იყო, ფაქტობრივად, დაადასტურებდა დაზარალებული მხარის ბრალდებებს, რომ არსებობდა თანამონაწილეობა დამნაშავეებსა და კაფეში მყოფ პირებს შორის.

სტრასბურგის განაჩენს რადიკალურად განსხვავებულად აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ამბობს

„სასამართლომ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო და დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ამ საქმეზე საქართველოში იყო დაცული. აქედან გამომდინარე ხაზს ვუსვამ, რომ არ არის საჭიროება საქმის და გამოძიების ხელახალი განახლების და მესამე - დადასტურდა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ამ ქმედებაში ჩართული არ იყო.

რაც შეეხება ხარვეზებს, დიახ, ხარვეზები იყო და გარკვეული სანქციებიც დაგვეკისრა და საქართველო ბუნებრივია მზად არის, ისევე როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება ესეც შეასრულოს.“

საქართველოს სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 და 38-ე მუხლების დარღვევის დადგენასთან ერთად, ევროპის სასამართლომ საქართველოს მთავრობას განმცხადებლებისათვის სამართლიანი ანაზღაურების სახით, მოთხოვნილი 300 ათასის ნაცლად, 50 000 ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც სანდრო გირგვლიანის ოჯახს სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადონ.

ამ პროცესის განმავლობაში გირგვლიანების ოჯახის ოთხი წევრი გარდაიცვალა, მათ შორის დედა ირინა ენუქიძე, რომელმაც შეიტანა სარჩელი ევროპის სასამართლოში.

XS
SM
MD
LG