ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის ბრძანებებს ასრულებდა მეგის ქარდავა?!


საქართველოში სექსუალური უმცირესობის წევრებს შანტაჟის მიზნით ფარულად იღებდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი წლების მანძილზე აგროვებდა ინფორმაციას - სექსუალურ უმცირესობას მიკუთნებულ მამაკაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდა მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას.

ეს სკანდალური ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. გამოძიების მტკიცებით, კომპრომეტაციის მუქარით, ხდებოდა ჰომოსექსუალების დაშანტაჟება, რის შემდეგაც, მათ სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სქემის საბოლოო მიზანი საზოგადოებისთვის ცნობილი გეები იყვნენ.

პროკურატურის ცნობით, უკანონოდ გადმობირებულ პირებს აიძულებდნენ მათთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებას სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც ფარული სათვალთვალო აუდიო–ვიდეო აპარატურით წინასწარ იყო აღჭურვილი.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს უკანონო ოპერაცია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ბრძანებით ხორციელდებოდა და, მასში ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულნი.

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ხათუნა პაიჭაძემ და მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კერძოდ განაცხადეს:

ხათუნა პაიჭაძე : „ფარული ჩანაწერები გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას. მოგვიანებით, იმ მიზნით რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის განსაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში, მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ. და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვა და სხვა ღონისძიებებში.“

არჩილ კბილაშვილი: „ეს ავადმყოფობა იყო, ამ სახელმწიფოს ავადმყოფობა. იმის გამო რომ საზოგადოება არ გაღიზიანდეს, რა ვქნათ? დავმალოთ?! მე არ მივიჩნევ, რომ იმის გამო რომ ვინაიდან მსგავსი კადრები უარყოფით და მძაფრ რეაქციას აღძრავს საზოგადოებაში, ამიტომ ეს ჩვენ უნდა დავმალოთ.“

პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიერ შექმნილ არქივში 80-ზე მეტი უკანონოდ მოპოვებული ასეთი ფარული ვიდეოჩანაწერი აღმოჩნდა. პროკურატურამ გუშინ სამი ფაილი გაასაჯაროვა, რასაც შოკთან ერთად, საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკაც მოჰყვა.

ვიდეოჩანაწერები 2012 წლის მაისსა და სექტემბერშია გაკეთებული. ასეთი შეხვედრებისთვის - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს თბილისში სამი ბინა ჰქონდა ნაქირავები. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ასეთი ფარული ვიდეოჩანაწერები უფრო მეტიც იყოს. ინფორმაცია ასეთი სახის დანაშაულზე ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა არცერთი ფაქტი გამოძიებული არ იქნა.

2009 წლის ნოემბერში, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს ჰომოსექსუალური შინაარსის ფოტომასალის გავრცელების მუქარით, პოლიციასთან თანამშროლომლობას აიძულებდნენ. მოგვიანებით დადგინდა რომ ჯორბენაძეს პოლიციელი დავით დევნოზაშვილი ემუქრებოდა, რომელიც დღემდე დაკავებული არ არის.

2012 წლის ივლისში კი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ განაცხადა, რომ სამი მისთვის უცნობი პიროვნება, რომლებიც სავარაუდოდ, სამართალდამცველები უნდა ყოფილიყვნენ, აიძულებდნენ მას, რომ „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. ნოდარ ჩაჩუამ მაშინ კერძოდ აღნიშნა:

„დავალება იყო ასეთი, მე უნდა დამემყარებინა სქესობრივი კავშირი მამაკაცთან და მითხრეს რომ ამის გაკეთება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ეს უნდა გადამეღო ანაც თვითონ შემომთავაზებდნენ ადგილს, სადაც იქნებოდა ფარული კამერა და ჩაიწერებოდა ეს კომპრომატი.

ჩემი საშუალებით ისინი ფიქრობდნენ რომ კიდევ ერთი ადამიანი „გადაებირებინათ“, ალბათ ეს იქნებოდა კიდევ ერთი ინფორმაციის წყარო მათთვის ტელევიზიაში.“

მეგის ქარდავა ბაჩო და დათა ახალაიების ბავშვობის მეგობარი და მათი მარჯვენა ხელი იყო. 2005 წელს, როცა ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარე გახდა, მეგის ქარდავა ორთაჭალის მე-7 საპყრობილეს დირექტორად დაინიშნა.

2007 წელს ქარდავა უკვე შსს–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ამ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია იყო.

2009 წლის ზაფხულიდან როცა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავას უკვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსობა ერგო. 2012 წლის ივლისიდან კი, ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ მცირე ხნით შსს სამინისტროში გადაინაცვლეს.

მეგის ქარდავამ საქართველო საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, 4 ოქტომბერს, სარფის გავლით, დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. ბაჩო ახალაია კი დღეს ორთაჭალის მე–7 საპყრობილეში ზის.

პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალურ უმცირესობას მიკუთნებულ მამაკაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების გამო, მათ სამხედრო პოლიციის სამი მაღალჩინოსანი დააკავეს, თუმცა სასამართლომ ისინი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

უახლოეს მომავალში, მეგის ქარდავაზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის ხაზით გამოცხადდება. მას სხვა დანაშაულებებშიც ედება ბრალი. გამოძიებამ ასევე უნდა უპასუხოს მთავარ შეკითხვას – ვისი დავალებით მოქმედებდა მეგის ქარდავა?! ჩართულნი იყვნენ თუ არა ამ შემზარავ დანაშაულში სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები?

ასოციაცია „ლგბტ საქართველომ“ უკვე მოითხოვა გამოვლინდნენ „ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ, უკვეთავდნენ და სარგებლობდნენ აღნიშნული ვიდეო–ფოტო–აუდიო მასალით, ზეწოლის და შანტაჟის მიზნით, რათა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.“

XS
SM
MD
LG