ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხმაურიანი დაპატიმრებების სერია საქართველოში


ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე

ბაჩო ახალაია რიგით მეოთხე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია, რომელიც დააპატიმრეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:46 0:00
ბმული

ბოლო 12 საათის განმავლობაში, საქართველოში სამი ხმაურიანი დაპატიმრება განხორციელდა. პირველი „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე სკანდალური ფიგურა, 32 წლის ბაჩო ახალაია დააპატიმრეს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები ეკავა. ახალაია, რომელიც მხოლოდ 77 დღე იყო შსს მინისტრი, 19 სექტემბერს, ციხეებში არსებული სადიზმის დამადასტურებელი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ გადადგა.

ვიდეოკადრების ავტორმა, გლდანის ციხის ყოფილმა ზედამხედველმა ვლადიმერ ბედუკაძემ, პატიმრების წამების შემკვეთად სწორედ ბაჩო ახალაია დაასახელა.

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბაჩო ახალიამ, ძმასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, დათა ახალაიასთან ერთად საქართველოდ დატოვა. თუმცა, ნოემბრის დასაწყისში, თბილისში ჩამოფრინდა და განაცხადა, რომ მზად არის ყველა ბრალდებას უპასუხოს.

ბაჩო ახალაია გუშინ გვიან საღამოს გამოიძახეს მთავარ პროკურატურაში და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განმარტა თუ რა ბრალდება წარედგინა ამ ეტაპზე ახალაიას.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა.

აღნიშნულის შემდეგ, ახალაიამ ეს სამხედროები ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ბრიაგდაში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფით, ეზოში, ე.წ პლაცზე.“

ახალაიას დაკავებიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას, პროკურატურამ ამ ისტორიაში მონაწილე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური, ზურაბ შამათავაც დააკავა.

"სამხედროებზე ფიზიკური ანგარიშსწორების დროს" გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 31 წლის ბრიგადის მეთაური პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის უფროსად, სულ ახლახანს, 8 ოქტომბერს დანიშნა.უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ დაპატიმრებების სერიას უკვე უწოდა პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„სახეზეა პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყველა ნიშანი. ბ-ნი კალანდაძის შემთხვევაში სახეზე გვქონდა გაცხადებული ამოცანა, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო ვახტანგ კაპანაძით მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ამაზე როდესაც უარი მიიღეს, ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნით მოხდა 2008 წლის ომის გმირის ჩამოცილება და დაკავება.

ბ-ნი ახალაიას შემთხვევაში, იგი თავად ჩამოვიდა საქართველოში და თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში. მათი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტს იურიდიული კომიტეტის თავჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც ბრძანა:

„არცერთი ჩადენილი დანაშაული არ დარჩება გამოძიების გარეშე და ყველა ვინც დაარღვია კანონი აგებს პასუხს. იმავდოროულად, გადაისინჯება ყველა ის საქმე, სადაც ადამიანები დაკავებულები არიან უკანონოდ და უკანონოდ აქვთ მისჯილი პატიმრობა.“

ყველა დაკავებულს, ჯერჯერობით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თუმცა, მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულების მიმართ ბრალი დამძიმდეს და სხვა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

საქართველოს უახლეს ისტორიაში, 21-წლიანი დაუკიდებლობის პერიოდში, ბაჩანა ახალაია რიგით მეოთხე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია, რომელიც დააპატიმრეს.

1995 წელს, პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო თემურ ხაჩიშვილი დააკავეს (1992-93), ციხეში მან 6 წელი გაატარა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს კობა ნარჩემაშვილი (2001-2003), რომელსაც სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

2007 წლის 27 სექტემბერს დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი (2003), რომელსაც დიდი ოდენობით თანხის გამოძალვასა და სამსახურებრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. ოქრუაშვილმა მხოლოდ 12 დღე გაატარა საპატიმროში, შემდეგ კი გაურკვეველ ვითარებაში ქვეყანა დატოვა და დღეს საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. 2008 წელს ოქრუაშვილს, დაუსწრებლად, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

XS
SM
MD
LG