ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შაშკინი საქართველოში აღარ დაბრუნდა


თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და სხვა გაქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნა ინტერპოლის ხაზით გამოცხადდება
თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და სხვა გაქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნა ინტერპოლის ხაზით გამოცხადდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:59 0:00
ბმული


საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დატოვა საქართველო და ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. შაშკინმა საქართველო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური დაჟინებით ამტკიცებდა, რომ შაშკინი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოში 6 ოქტომბერს დაბრუნდებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. საბოლოოდ, ყოფილმა მინისტრმა სოციალური ქსელის ფეისბუქის მეშვეობით ვრცელი მიმართვა ორშაბათს, 22 ოქტომბერს, გაავრცელა.
დიმიტრი შაშკინი მიმართვაში კერძოდ წერს:

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი "გაუგონარი ამბავიჩემ შესახებ.

ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. არ ვნანობ არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, გიგი წერეთელი არ გამორიცხავს რომ დიმიტრი შაშკინმა საქართველო დაპატიმრების ან ანგარიშსწორების შიშით დატოვა.

„როცა მოვლენების ასეთი განვითარება ხდება, საკმაოდ ხშირია შემდეგ ასეთი ცნობები ამა თუ იმ თანამდებობის პირზე. ბევრი ალბათ გაღიზიანებულია, ბევრი ალბათ ნაწყენია.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანზე - თუ არ იქნება სამართლიანი საფუძველი სამართლებრივი დევნისა - რაიმე სახის შეტევა, ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა დაუშვებელია.“

დიმიტრი შაშკინი 33 წლის ასაკში გახდა მთავრობის წევრი. 2009 წლის თებერვალში იგი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად დაინიშნა. 2009 წლის დეკემბერში, შაშკინი უკვე განათლების მინისტრი გახდა. 2012 წლის ივლისის დასაწყისში კი მან თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა, სადაც მხოლოდ სამი არასრული თვე იმუშავა.

თავდაცვის მინისტრის რანგში შაშკინი იმყოფებოდა გერმანიაში ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებში. მედიაში უკვე გახმაურდა ორი ფაქტი, რომელსაც დიმიტრი შაშკინი თავის მიმართვაში არ გამოხმაურებია.

2012 წლის 2 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს, ჯერ კიდევ მინისტრ შაშკინის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციაში მომუშავე 367 მოხელეზე 5-დან 100 ათასამდე ლარის ოდენობის პრემიები გაიცა.

3 ოქტომბერს კი ასევე შაშკინის ბრძანებით, სამინისტროს ავტოპარკის რემონტისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო. 3 ოქტომბრით არის დათარიღებული კიდევ ერთი ბრძანება, რომლის ძალითაც - თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთ ჩინოვნიკს საჩუქრად ძვირადღირებული პისტოლეტები და სანადირო თოფები გადაეცათ.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ვახტანგ კეკელია ამბობს, რომ პრემიების საერთო ოდენობამ 700 000 ლარის შეადგინა. პარლამენტარი თინა ხიდაშელი კი მიიჩნევს, რომ შაშკინს ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს:

ვახტანგ კეკელია: „პრემია იწყებოდა 5 000-დან და ადიოდა 100 000 ლარამდე. ოქტომბრის პირველ რიცხვებში გაცემული პრემიების საერთო ჯამი 600 000-დან 700 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ყველაზე დიდი წილი ამ პრემიებიდან გაცემულია იმ 72 კაცზე, იმ გუნდის წევრებზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ივლისში მოჰყვა დიმიტრი შაშკინს.“

თინა ხიდაშელი: „დარწმუნებული ვარ რომ შაშკინი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. საერთოდ ადამიანი რომელსაც წარსული ან აწმყო სუფთა აქვს და დანაშაული ჩადენილი არ აქვს გაუგებარია საკუთარ სამშობლოს რატომ ტოვებს?!.“

შაშკინი არ არის ერთადერთი წინა მინისტრთა კაბინეტიდან, რომელმაც ქვეყანა დატოვა. არჩევნების შემდეგ საქართველოდან ასევე წავიდა იუსტიციის უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.

საქართველოში ჯერჯერობით არ დაბრუნებულა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც უცნობ საზღვარგარეთის ქვეყანაში გაემგზავრა. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველო ასევე დატოვეს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, მისმა ძმამ თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე დათა ახალაიამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დავით ჭაკუამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეგის ქარდავამ.

საზოგადოება მათ წინააღმდეგ დიდი ხანია გამოძიების დაწყებას ითხოვს. თავდაცვის მომავალმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გაქცეულ ჩინოვნიკებზე ძებნას ინტერპოლის ხაზით გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG