ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოპოტას ექო: ავსტრიის ჩემპიონი ლაფანყურთან მოკლეს


სალამ ზაურბეკოვი (მარცხნივ)

როგორც აღმოჩნდა თავისუფალ ჭიდაობაში ავსტრიის მრავალგზის ჩემპიონი ჯერ პანკისის, შემდეგ კი ლოპოტის ხეობაში?!

ლაფანყურის გახმაურებული სპეცოპერაციიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის სულ უფრო და უფრო სკანდალური ფაქტები ხდება ცნობილი.

სპეცოპერაციისას განადგურებულ ჩეჩენ, ინგუშ და ქისტ მებრძოლებს შორის აღმოჩნდა ახალგაზრდებს შორის, ავსტრიის მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ეთნიკური ჩეჩენი, 21 წლის სალამ ზაურბეკოვი.

ჩეჩნეთის ომს მისი ოჯახი, ჯერ ინგუშეთში, 2000 წელს კი ავსტრიაში გაექცა. მას მერე ზაურბეკოვები ფედერალური მიწის ფორარლბერგის, სოფელ გიოტცისში ცხოვრობენ და ლტოლვილის სტატუსით სარგებლობენ.

84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სალამ ზაურბეკოვი ავსტრიული ჭიდაობის იმედი იყო. 2012 წლის მარტში, სალამს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრისა და ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობის მშვენიერი შანსიც ჰქონდა.

ავსტრიული სპორტული პრესის ცნობით, მარტში, ზაურბეკოვი ავსტრიის ნაკრებს მძიმე ტრავმის გამო ჩამოშორდა, ხოლო 22 მარტს მოჭიდავე საერთოდ გაუჩინარდა. სწორედ 22 მარტიდან ეძებდა ოჯახი და ავსტრიის პოლიცია დაკარგულ სალამ ზაურბეკოვს.

2012 წლის ზაფხულში ავსტრიის პოლიციაში, სალამის დედას უთხრეს, რომ სალამ ზაურბეკოვის კვალი საქართველოში მიდიოდა. მალკან ისრაპილოვა საქართველოში შვილის მოსაძებნად ივნისში ჩამოვიდა:

„ავსტრიაში იციან ამ არხის არსებობა, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე ბავშვებს იბირებენ და შემდეგ საქართველოს გავლით ჩეჩნეთში მიჰყავთ. როცა ავსტრიის პოლიციას მივმართეთ, იქ მითხრეს, რომ თქვენი შვილის კვალი საქართველოში მიდის, ეძებეთ იქო. როცა პირველად ჩამოვედით, საქართველო შვილის მოძებნაში არ მოგვეხმარა“.

სანამ მალკან ისრაპილოვა საქართველოში შვილის საძებნელად წამოვიდოდა, მას უკვე ჰქონდა სალამთან სატელეფონო კონტაქტი. სალამმა დედას უთხრა, რომ საუდის არაბეთში, მედინაშია - ისლამის და არაბულის უკეთ შესასწავლად, თუმცა ესაუბრა სატელეფონო ნომრიდან, რომელიც ეგვიპტის მობილურ კომპანიას ეკუთვნოდა.

ზაურბეკოვების ოჯახი სწორედ ამან დააეჭვა. ივლისში, მათ პანკისიდან აცნობეს, რომ სალამ ზაურბეკოვი სოფელ დუისში იყო. საქართველოში ჩამოსული ზაურბეკოვები აქ აჰმედ ჩატაევს შეხვდნენ, რომელიც ახლა პატიმრობაშია.

ჩატაევმა ზაურბეკოვებს დაუდასტურა, რომ სალამი პანკისში მის დაქვემდებარებაში იყო და დედას შვილთან შეხვედრის მოწყობას შეპირდა.მალკან ისრაპილოვა იხსენებს:

„ივნისში დუისში შევხვდით აჰმედ ჩატაევს, მან ყურანზე დაიფიცა, რომ ჩვენი შვილი ავსტრიიდან არ წამოუყვანია. დაგვარწმუნა, რომ ჩემი ბიჭი სხვა არხებით ჩავიდა საქართველოში, თუმცა გვითხრა, რომ აქ იგი მის დაქვემდებარებაში იყო. დაგვპირდა რომ შვილთან შეგვახვედრებდა.“

იგივე გაუმეორა ზაურბეკოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელმა ემზარ მაჩალიკაშვილმა. თუმცა, ზაურბეკოვები უკან ავსტრიაში ისე დაბრუნდნენ, რომ შვილი არ აჩვენეს და მასთან მხოლოდ სკაიპის საშუალებით დააკავშირეს.

ხელახლა მათ საქართველოში დაბრუნება აგვისტოს ბოლოს, სასწრაფო წესით მოუხდათ, როცა ნათესავები პანკისიდან ლაფანყურის ოპერაციის ტრაგიკული შედეგის გახმაურების შემდეგ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სალამ ზაურბეკოვი მოკლულია.

მალკან ისრაპილოვამ შვილის სიკვდილის დეტალები უშუალო თვითმხილველისგან მოისმინა, ჩეჩენი მებრძოლისგან, რომლის ლიკვიდაციაც ლოპოტის ხეობაში ქართველმა სპეცნაზელებმა ვერ შეძლეს:

„მან მომიყვა, რომ ჯგუფი 24 აგვისტოს გაიყვანეს ჯიპებით პანკისიდან. ბოლო მომენტამდე მათ არ სჯეროდათ, რომ მათთვის შეეძლოთ ესროლათ და მოეკლათ.

იმიტომ რომ ეს ბიჭები საზღვრისკენ წაიყვანეს სანდრომ (სანდრო ამირიძე - შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის მაღალჩინოსანი - ზ.წ), მესაზღვრეებმა, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც ამ ჯგუფს იარაღი მისცა და გაწვრთნა. ამიტომაც არავის სჯეროდა რომ მათ მოკლავდნენ.“

2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულმა სკანდალურმა სპეცოპერაციამ სამი ქართველი მეომრის - არჩილ ჩოხელის, სოლომონ წიკლაურის და ვლადიმერ ხვედელიძის სიცოცხლე შეიწირა.

მუსლიმი მებრძოლების ჯგუფიდან, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა "რუსეთიდან შემოჭრილი" უწოდა, სინამდვილეში კი პანკისში ამზადებდნენ, შემდეგი მებრძოლები დაიღუპნენ: საქართველოს მოქალაქეები: ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი; რუსეთის მოქალაქეები: ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, დუკვახა დუშუევი, ჯაბრაილ ხაშიევი, მუსა ადუევი და სალამ ზაურბეკოვი.

პანკისში საფლავები უკვე 31 აგვისტოს გაითხარა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ვაჭრობის შედეგად მარგოშვილის, ქავთარაშვილისა და ბაღაკაშვილის ჭირისუფალს ცხედრები მხოლოდ 3 სექტემბერს გადასცა და მალულად დაკრძალვა აიძულა.

უფრო არაადამიანურად მოექცნენ, სალამ ზაურბეკოვის, ხაშიევისა და ადუევის ჭირისუფალს. მათ თავიდან ცხედრებს საერთოდ არ აძლევდნენ, სექტემბრის ბოლოს კი თბილისთან ახლოს ველის უპატრონოთა სასაფლაოზე ამოცნობაზე წაიყვანეს.

ცხედრების პანკისში გადასვენების და ფარულად დაკრძალვის უფლება კი მხოლოდ 30 ოქტომბერს მისცეს. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რამდენი მებრძოლი დაიღუპა ლოპოტის ხეობაში და სად არიან ისინი დამარხულნი.

სად არის სიმართლე? საქართველოს მთავარი პროკურატურა ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალების გამოძიებას დღეიდან შეუდგა.

XS
SM
MD
LG