ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აღმოჩნდა თბილისში დაკარგული დიდოელი რუსეთის ციხეში?


მაგომედ მაგომედოვი, მიქაელ კადიევი და იუსუფ ლაკაევი
მაგომედ მაგომედოვი, მიქაელ კადიევი და იუსუფ ლაკაევი

საქართველო არასასურველ მოწმეებს იშორებს: მაგომედოვი მოსკოვს უკვე გადასცეს, კადიევს და ლაკაევს ექსტრადირება ემუქრებათ

ბმული

რუსეთის მოქალაქე, 27 წლის მიკაელ კადიევის (ქადოევის) ადვოკატებმა, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ კადიევმა საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება რუსეთის შესაბამის სტრუქტურებში უნდა განახორციელოს. „ჩვენ გვაქვს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ლოპატინის დიპლომატიური გარანტია, რომლითაც რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ თქვენ გექნებათ დაცვის გამოყენების უფლება, არ დაექვემდებარებით წამებას და არადამიანურ მოპყრობას“ - ვკითხულობთ მინისტრ დარახველიძის უწყების დასკვნაში.

დაღესტნის მკვიდრ მიკაელ კადიევს, რუსეთის ფედერაციაში ხასავიურტის რაიონის ხელმძღვანელის - ალიმსულთან ალხამოვის მკვლელობასთან აკავშირებენ. ეს დანაშაული მოსკოვში 2009 წელს მოხდა. ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე მეორედ მიმართა თბილისს კადიევის ექსტრადირების მოთხოვნით.

კადიევის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში, გარკვეული ჯგუფი, რუსეთში, ჩრდილო კავკასიელების ღია თუ ფარული ექსტრადირებით, მოსკოვთან ქულებს იწერს.

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში, ძალოვან სამსახურებში, არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, ვინც ხელს უწყობს კავკასიელების ფარული თუ ღია ექსტრადირების პროცესს რუსეთში. კონკრეტული გვარების დასახელება, რა თქმა უნდა, არ შემიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი ნათლად ჩანს.

როდესაც კადიევი შარშან, დეკემბერში ბათუმიდან, მაგომედ მაგომედოვთან ერთად მოიტაცეს, აშკარაა, რომ მიზანი რუსეთისთვის გადაცემა იყო. ამას მაფიქრებინებს, ის ფაქტი რომ მაგომედოვი თბილისში, დღისით, მზისით, დაიკარგა, გაუჩინარდა და ამ ბოლო დღეებში, თქვეს, რომ იგი წითელმა ჯვარმა რუსეთის ერთ-ერთ ციხეში აღმოაჩინა.

სწორედ ასე უნდოდათ კადიევის გადაცემაც, უბრალოდ კადიევმა მაშინ გზიდან გაქცევა მოახერხა. გორის მიდამოებიდან გაიქცა, როცა მაგომედოვთან ერთად, ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. მას ოთხი ტყვიაც ესროლეს.“

დაღესტნელი მაგომედ მაგომედოვის შესახებ „ამერიკის ხმამ“ 2013 წლის აპრილში მოგითხროთ. ჯიჰადის მონაწილე, ეთნიკური დიდოელი მაგომედოვი, საქართველოში 2012 წლის მაისში, რუსეთიდან უკანონოდ შემოვიდა. თუმცა, მაშინ იგი არ დაუკავებიათ, პირიქით, შსს-ს ანტიტერორისტულმა ცენტრმა მაგომედოვი გადაიბირა.

მოჯაჰიდი ჯერ დუისში, შემდეგ ბათუმსა და თბილისში ლეგალურად ცხოვრობდა. მაგომედოვი, კადიევთან ერთად, საზღვრის უკანონო გადმოლახვის ბრალდებით, მხოლოდ 2012 წლის 13 დეკემბერს დააკავეს, როცა საქართველოში ხელისუფლება უკვე შეცლილი იყო. თუმცა თბილისში ეტაპირების დროს კადიევმა გაქცევა მოახერხა. მაგომედოვს კი 2013 წლის იანვარში, საყოველთაო ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მაგომედოვი თბილისში, სან-ზონის უბანში, 2013 წლის 19 აპრილს დაიკარგა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე კატეგორიულად უარყოფს, რომ ლტოლვილის სტატუსის მომლოდინე მაგომედოვი რუსეთს ფარულად გადასცა.

თუმცა, ფაქტია, ათ თვიანი ძებნის შემდეგ, 2014 წლის იანვარში, ნათესავებმა მაგომედოვს რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ციხეში, წითელი ჯვრის დახმარებით მიაგნეს. საზოგადოებრივივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში მაგომედოვის და ხადიჯათ მაგომედოვა ამბობს:

„მე ვიცი ერთი რამ, რომ ის ბიჭები, რომლებიც ლოპოტის ხეობაში მოკლეს, იქ მოტყუებით მოხვდნენ. ჩემს ძმასაც შესთავაზეს მათთან ერთად წასვლა, თუმცა მან უარი თქვა.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ გადასცეს ის რუსულ მხარეს. ამაში სრულად დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ დიდი ალბათობით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რადგან ჩემმა ძმამ ლაფანყურზე ბევრი რამ იცოდა.“


დაცვის მხარე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია მაგომედ მაგომედოვის მსგავსად, მოსკოვს მიკაელ კადიევიც გადასცეს. მით უმეტეს, რომ ამ დრომდე უამრავი შეკითხვა არსებობს, სპეცოპერაციის ირგვლივ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ზაფხულში ჩაარა.

კონტრტერორისტულმა ცენტრმა 2013 წლის 13 ივნისს, მიკაელ კადიევი, ბიძაშვილ რიზვან ომაროვთან ერთად, თბილისში, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. სამინისტრომ მაშინ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენები იყო დიდძალი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც თითქოს კადიევის მიერ ნაქირავები ბინიდან ამოიღეს (იხილეთ http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/4970)

პარადოქსია, მაგრამ პატიმრობაში მყოფ კადიევსა და ომაროვს დღეს, მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვა-შეძენას ედავებიან. ორივე დაკავებული აცხადებს, რომ იარაღი მათ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუდეს. კადიევი ასევე ამტკიცებს, რომ მას გათავისუფლების სანაცვლოდ, რამდენჯერმე შესთავაზეს, ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით ხელი კონკრეტული პირებისთვის დაედო. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს:

„თავიდან გამოაცხადეს ტერორისტებად, შემდეგ კი ბრალი არა ტერორისტობაში, არამედ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის გამო წაუყენეს. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმას, რომ აქ ჩვენ არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ასპექტებთან გვაქვს საქმე.

მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, მიკაელ კადიევის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.“

როგორც მაგომედ მაგომედოვი, ასევე მიკაელ კადიევიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. დაკავებულების ნათესავების აზრით, სწორედ ლაფანყურის ტრაგედიის გამოძიებასთან არის დაკავშირებული ის არნახული ზეწოლა, რომელსაც საქართველოს შსს, განსაკუთრებით კი ანტიტერორისტული ცენტრი არასასურველ მოწმეებზე ახდენს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან წინა ხელისუფლების დროს, ანტიტერორისტული ცენტრი თავად იყო ამ ოპერაციის მთავარი სულისჩამდგმელი.

მაგომედ მაგომედოვი ფარულად გადასცეს მოსკოვს, მიკაელ კადიევს წინ არაერთი სასამართლო სხდომა ელის, რათა რუსეთში ექსტრადირება თავიდან აიცილოს. ახლახანს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ყოფილმა თარჯიმანმა, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურმა ჩეჩენმა საიხან მუზაევმაც განაცხადა, რომ ქართველი ძალოვნები მასაც დაემუქრნენ, რუსეთში ფარული ექსტრადირებით, თუ ლაფანყურის ოპერაციაზე, გამოძიებისთვის "საჭირო ჩვენებებს" არ მისცემდა.

გარდა კადიევისა, მოსკოვი იუსუფ ლაკაევის გადაცემასაც მოითხოვს, რომელსაც რუსები და აფხაზები სოხუმში, რუსი დიპლომატის ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. ლაკაევი 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში აიყვანეს და დღემდე პატიმრობაშია, ოღონდ მას ქართველი სამართალდამცველებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა ბრალდება. ამ სპეცოპერაციის დეტალებიც ბურუსით არის მოცული.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.
XS
SM
MD
LG