ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორდიას კვანძი: ვინ დაუკვეთა სასტიკი მკვლელობები აფხაზეთში


სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის გვამები, ოჩამჩირედან 30 კმ-ში, ნასოფლარში, ჭაში აღმოაჩინეს

რა კავშირია ოჩამჩირეში რუსი ბიზნესმენისა და სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობებს შორის?

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:59 0:00
ბმული


ზუსტად ერთი წლის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში გაუჩინარებული, რუსი ბიზნესმენის - 46 წლის სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი ქალის, 27 წლის ოქსანა სკარედნოვას გვამები, გუშინწინ ოჩამჩირიდან 30 კილომეტრით დაშორებულ, მთლიანად გადამწვარ სოფელ ახალდაბაში, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის ეზოში მდებარე ჭაში აღმოაჩინეს.

კლემანტოვიჩი და სკარედნოვა 2012 წლის 10 სექტემბერს, ფსოუ-სოხუმის ავტომაგისტრალიდან მაშინ დაიკარგნენ, როცა რუსი ბიზნესმენი საკუთარი „ლექსუსით“ გადაადგილდებოდა. რუსეთის ფედერაციისა და საბერძნეთის მოქალაქე კლემანტოვიჩს აფხაზეთში ბიზნესი ჰქონდა. იგი გაგრაში რეგისტრირებული კომპანია „ელ პეტროლიუმ აფხაზეთის“ გენერალური დირექტორი იყო.

კლემანტოვიჩის ინტერესის სფეროს აფხაზეთში - ჯართისა და ღორღის ბიზნესი წარმოადგენდა. მდინარე ბზიფის ხეობაში მას ღორღის მწარმოებელი ქარხანაც ჰქონდა.

რუსი ჟურნალისტის ანატოლი სულეიმანოვის აზრით, კლემანტოვიჩის და სკარედნოვას გაუჩინარების მიზეზების გამოძიებას, აფხაზეთში, რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის სიცოცხლე შეეწირა.

ქილერმა ისინი 9 სექტემბერს, სოხუმში საცხოვრებელ სახლთან დაცხილა. ვიშერნევი ადგილზე დაიღუპა, ცოლი ერთი კვირის შემდეგ სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანატოლი სულეიმანოვი ამბობს:

„ვიშნერნევი იძიებდა რუსი ბიზნესმენის სერგეი კლემანტოვიჩის გაუჩინარების ფაქტს. იგი აფხაზეთში ჯართის და ღორღის ბიზნესით იყო დაკავებული და 2012 წლის სექტემბერში, სოხუმში მეგობარ ქალთან ერთად გაუჩინარდა.

ვინ და როგორ გაიყო ეს ბაზარი კლემანტოვიჩის გაუჩინარების შემდეგ, ეს საკითხი ადგილობრივ გამოძიებას დღემდე არ შეუსწავლია.“

აფხაზი "სამართალდამცველები" ამბობენ, რომ ერთი წლის წინ მომხდარი დანაშაული რუსი კოლეგების დახმარებით გახსნეს. კლემანტოვიჩისა და სკარედნოვას მკვლელობის გამო დაკავებულები არიან ადგილობრივი აფხაზები: რამინ ხმაილი, ახრი გოპია, ჯუმბერ ბიგვავა და ასლან ცვიჟბა.

დაუდასტურებული ინფორმაციით, ოჩამჩირელი ახრი გოპია, სპეცრაზმ „კატრანის“ ყოფილი მებრძოლია და 1992-93 წლებში, ქართველების წინააღმდეგ ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში იბრძოდა.

გავრცელებული ხმების მიხედვით, ბიზნესმენ კლემანტოვიჩის მკვლელობასთან, დაკავშირებულია „აფხაზთა პარლამენტის“ წევრი, აგრარული პოლიტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ნოდიკ კვიცინია. იგი ოკუპირებულ ანკლავში ღორღის ბიზნესში მოღვაწეობს.

კვიცინიაც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარადან არის. ეს ახალდაბის მოსაზღვრე სოფელია, სადაც რუსეთის მოქალაქეების გვამები ჭაში იპოვეს.

"სოხუმის პროკურატურა" დეპუტატ კვიცინის დაკითხვის ფაქტს არ ადასტურებს. ოკუპირებულ ანკლავში ასევე კატეგორიულად უარყოფენ ვერსიას, რომ ბიზნესმენ კლემანტოვიჩის, დიპლომატ ვიშერნევის და მათი მეუღლეების მკვლელობები ერთმანეთთან კავშირშია.

როგორც ოფიციალურმა მოსკოვმა, ისე სოხუმმა დიპლომატ ვიშერნევის მკვლელად, ბათუმში, დაკავებული, რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი 25 წლის იუსუფ ლაკაევი გამოაცხადა. თუმცა, მოსკოვს ამ დრომდე არ მოუთხოვია ლაკაევის ექსტრადირება.

თბილისში მყოფი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ინტერგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იბიგოვი, ლაკაევის კავშირს სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან კატეგორიულად გამორიცხავს:

„ლაკაევს არავინ მოუკლავს და არავითარი კავშირი სოხუმში მომხდარ მკვლელობასთან არ აქვს. იგი საქართველოში ადრეც არის ნამყოფი. ახლა სირიაში იმყოფებოდა, იქ დოკუმენტები დაკარგა და საქართველოში ჩამოვიდა. ალბათ, საბუთების აღდგენას ელოდა. სირიიდან იმიტომ წამოვიდა, რომ დაინახა იქ ჯიჰადი სინამდვილეში არ იყო.“

შეიარაღებული ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, 13 სექტემბერს სპეოპერაციის დროს დააკავა, რის შედეგაც დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი გამვლელი და თავად ლაკაევიც.

პოლიციამ ლაკაევთან ერთად დააკავა: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, 20 წლის ფირუზ წიკლაური და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნტარიძე. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მტკიცებით წიკლაური და ბახუნტარიძე ლაკაევს საკუთარ ბინაში მალავდნენ და მისი თურქეთში გადაყვანა სურდათ.

იუსუფ ლაკაევს, სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობის გამო ბრალი საერთოდ არ აქვს წარდგენილი თუმცა, ბათუმში, პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისთვის - მას 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

აყვანის ოპრაციის დროს სასტიკად ნაცემი წიკლაური და ბახუნტარიძე კი, რომლებსაც ასევე წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ამბობენ რომ შსს-ს პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ და განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის გამო იდევნებიან.

XS
SM
MD
LG