ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქმე № 074261112802


მერაბიშვილის პოლიტიკურ კარიერას გირგვლიანის მკვლელობის საქმემ წერტილი დაუსვა

მერაბიშვილი ზის, ქოქიაშვილი ზის, ახალაიას და ჩხიტუნიძეს ეძებენ, მელნიკოვი ექსტრადირებას ელის, სააკაშვილი შეიძლება დაიკითხოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00
ბმული

ბოლო წლების ყველაზე სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც სანდრო გირგვლიანის სასტიკ მკვლელობას ეხება, 7 წლის შემდეგ, ბრალდებულების რიცხვი ყოველკვირეულად იზრდება.

21 მაისიდან, პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს ბრალდება, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, „ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება“. გირგვლიანის გატაცების, წამებისა და მკვლელობის საქმეზე, მერაბიშვილმა წინასწარი განზრახვით და უკანონო ჩარევის გზით „მიკერძოებული, არასრულყოფილი, უსამართლო და არაობიექტური სამართალწარმოება უზრუნველყო“.

პატიმრობა შეეფარდა პოლიცის ყოფილ მაღალჩინოსანს დავით ქოქიაშვილს, რომელიც ადრე ცნობილ ოთხ პირთან ერთად, თურმე, ასევე მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანის გატაცებაში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისე პროკურატურამ ეს ფაქტი თავის დროზე დამალეს. ქოქიაშვილი კი ბოლო წლებში, პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. კერძოდ, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ 2006 წლის 28 იანვარს, „შარდენ ბარში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სანდრო გირგვლიანის დასჯის განკარგულება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა:

„ინციდენტი მოხდა შიგნით ბარში, სუფრის წევრებთან რასაც ადრე მალავდა გამოძიება. ამის გამო გიგრვლიანის დასჯის განკარგულება გასცა დათა ახალაიამ. ამის მერე, კუდ-ის მთელი რიგი თანამშრომლების, არა მხოლოდ, იმ ოთხეულის, თავმოყრა მოხდა შარდენ ბარის გარშემო.

ტყუილია ის, რომ თითქოს ოლეგ მელნიკოვი ბარიდან ვანო მერაბიშვილის მეუღლისთვის თაკო სალაყაიასთვის სიგარეტის საყიდლად გამოვიდა. ამას, როგორც მოგეხსენებათ, წინა გამოძიება ამტკიცებდა. სინამდვილეში, მელნიკივი გამოვიდა ბარიდან იმიტომ, რომ კუდ-ის თანამშრომლებისთვის ეჩვენებინა თუ ვინ იყო დასასჯელი.“

დათა ახალაიას, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მიმალვაშია, ბრალად დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ძალადობით და დაზარალებულის ღირსების შეურაცყოფით; ასევე, ახალაია ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამების ორგანიზებაში. მას ინტერპოლის ხაზით ეძებენ.

ოლეგ მელნიკოვი, კუდ-ის ყოფილი ოფიცერი, 2012 წლის 8 დეკემბრიდან უკრაინაშია დაკავებული. ქართულმა მხარემ მისი ექსტრადირება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მენლიკოვს ბრალი, წინასწარი შეთანხმებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ედება.

ბრალი ასევე წაეყენა, გირგვლიანის საქმეში კიდევ ერთ ახალ ფიგურანტს, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით ჩხიტუნიძეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება, რაც გამოიხატა იმაში, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის დაკავებულ ოთხ პირს, სასჯელაღსრულების სისტემაში კომფორტული პირობები შეუქმნა. ამჟამად, ჩხიტუნიძეც მიმალვაშია და მასზეა ძებნაა გამოცხადებული.

გამოძიების მასალებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ გირგვლაინის გატაცებაში და მკვლელობაში მონაწილე კუდ-ის სამმა ოფიცერმა: ბიბილურიძემ, ღაჭავამ და აფციაურმა აღიარეს, რომ სასჯელის მოხდის საფასურად და ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების არ განთქმის სანაცვლოდ, თითოეულმა 100 ათასი დოლარი აიღო.

ამდენივე თანხა აიღო მკვლელობაში მონაწილე გერონტი ალანიამაც, რომელიც ამჟამად საქართველოდან გაქცეულია. მათ ექვსი წელი ჰქონდათ მისჯილი, თუმცა, 2009 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე განთავისუფლდნენ.

თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება. პროკურატურა სწავლობს შეწყალების ეპიზოდსაც და არც პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვას გამორიცხავს.

„მიეცემიან პასუხისმგებაში მთელი რიგი პირები. ისინი ჩადიოდნენ მთელ რიგ კანონდარღვევებს, რომ ამ ოთხი პირისთვის ციხეში შეექმნათ კომფორტული გარემო, მათ თავი არ ეგრძნოთ, რომ სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში.

ასევე, ამ საქმეზე ნებისმიერი პირი შეიძლება იყოს დაკითხული. მათ შორის, შეწყალების საკითხი, მთელ ამ ჯაჭვში არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ამიტომ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვა არ არის გამორიცხული.“

„გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის იანვარში თბილისში, „შარდენ ბარში“ მომხდარი შელაპარაკების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაიტაცეს და სასტიკად აწამეს, რის შედეგადაც სანდრო ადგილზე დაიღუპა. მისი მეგობარი გოგიტა ბუხაიძე კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

„შარდენ ბარში“ დაპირისპირების მიზეზი გახდა სიტყვიერი კონფლიქტი გირგვლიანსა და იმ მაგიდის წევრებს შორის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები უსხდნენ. მათ შორის, დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი და ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია.

2011 წლის აპრილში, საქართველოს სახელმწიფომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ ევროსასამართლო გაოგნებული და შეძრულია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ერთობლივი ქმედებებით, რომლებიც „მკვლელობის შემაძრწუნებელ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლისკენ იყო მიმართული.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სამართლიანი და ობიექტური სამართალწარმოება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG