ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელდარ ქობალიას შემზარავი სიკვდილის ისტორია


21 წლის ელდარ ქობალიას აიძულებდნენ ტერორისტული აქტის მზადება "ეღიარებინა"

ქარდავას, მუხაძეს და მკურნალიძეს ბრალი დაუმძიმდათ. გამოძიება მერაბიშვილის, ახალაიას, თოფურიძისა და სხვების ბრალეულობას სწავლობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:58 0:00
ბმული



სამი წლის წინანდელ შემზარავ დანაშაულზე, 21 წლის ელდარ ქობალიას სიკვდილის საქმეზე, შესაძლოა ბრალი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და ამ უწყების სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენონ.

გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი ელდარ ქობალია 2011 წლის 1 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ნათესავებს სტუმრობდა და მოულოდნელად გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ იგი პოლიციელებმა აიყვანეს. თავდაპირველად მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვას „ედავებოდნენ“.

უკვე 2 აპრილს ელდარ ქობალია სასტიკად აწამეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა ქობალიასგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას მოითხოვდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, იმავე ღამით, ზუგდიდში, სამხარეო მთავარ სამმართველოს ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია ესტუმრნენ. გამოძიება სწორედ ამ ვიზიტს უკავშირებს, ქობალიასთვის ბრალის „შეცვლას“ და დამძიმებას. პროკურორი კოკა კაციტაძე ამბობს

„ძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ ღამით, ზუგდიდში ჩავიდნენ და შსს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე იოსებ თოფურიძე და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები

ელდარ ქობალია ობოლი იყო. მას საბერიოში ბებია და ბაბუა ზრდიდა. შვილიშვილის გაუჩინარების შემდეგ, მოხუცები მაშინვე გადმოვიდნენ გალიდან ზუგდიდში, თუმცა, პოლიციაში მათ დაუმალეს რომ ელდარ ქობალია დაკავებული ჰყავდათ. მოხუცებს ცინიკურად შესთავაზეს, განცხადება დაეწერათ ადამიანის გაუჩინარების თაობაზე.

ამასობაში, ელდარ ქობალიას წამება გაგრძელდა. მას ჯერ სამხარეო სამმართველოს შენობაში, შემდეგ კი ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში სქესობრივი ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს. ქობალიას დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, საქმეში უკვე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ერთვება. დაკავების "ოფიციალურ თარიღად" 4 აპრილი ფორმდება.

დათა ახალაიას უწყება ელდარ ქობალიას და კობა მანტკავას ამჯერად „ტერორისტული აქტის მომზადების“ ბრალდებით „აკავებს“. ადვოკატი ლექსო არქანია ამბობს:

„მიზეზი მისი წამების იყო ის, რომ რომ უნდოდათ, ქობალიას ტერორისტული აქტის მზადების შესახებ "აღიარებითი ჩვენება" მიეცა. დაესახელებინა ის თანამდებობის პირები, რომელთა დაკვეთით, ვითომ, ქობალია ხელმძღვანელობდა და „ამზადებდა“ ამ ტერაქტს.“

5 აპრილს, სასტიკად ნაცემი ქობალია თბილისში კუდ-ის შენობაში გადაჰყავთ. 6 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქობალიას და მანტკავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქობალია გლდანის ციხეში ხვდება, სადაც ჯოჯოხეთურ წამებაში მეგის ქარდავას გარდა, სხვა პირებიც ერთვებიან. პროკურორი კოკა კაციტაძე ამბობს:

„ელდარ ქობალიაზე ზეწოლის გაგრძელების მიზნით, მე-8 დაწესებულების დირექტორის - ალექსანდრე მუხაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანებით, ქობალია შესახლებისთანავე მოთავსებული იქნა .. „ფუქსებში“, ასეთ გაუსაძლის პირობებში გაჩერებული ჰყავდათ 6 დღის განმავლობაში.

2011 წლის 11 აპრილს, მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ქობალია, მატკავა და ყოლბაია.

ისინი რამოდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ მითითებულ პირებს, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას მეგის ქარდავა და გაგა მკურნალიძე იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გახდა დასატენი“.

21 წლის ელდარ ქობალია 2011 წლის 11 აპრილს გვიან ღამით გარდაიცვალა. თუმცა, საბერიოში მყოფ მოხუც ბებია-ბაბუას ამის შესახებ არავინ შეატყობინა. ქობალიების ნათესავებმა მხოლოდ 16 აპრილს შესძლეს ადვოკატ ლექსო არქანიას დაქირავება. ადვოკატს კი მხოლოდ სამი დღის შემდეგ აცნობეს, რომ ქობალია თბილისში აფრიკის დასახლებაში, ველის სასაფლაოზე იყო დამარხული.

საბერიოში მცხორვები ქობალიების ტრაგედია ამით არ დასრულებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ორი კვირა ევაჭრებოდა ოჯახს, სანამ ცხედრის გადასვენების უფლებას მისცემდნენ. ქობალიებს ღიად ემუქრებოდნენ, აიძულეს უარი ეთქვათ ადვოკატზე და საქმის შემდგომ გამოძიებაზე. ოჯახი ამბობს, რომ მათ დასახმარებლად არაფერი გააკეთა მაშინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

საბოლოოდ, კუდ-მა დაშინებულ ქობალიებს ცხედარი მხოლოდ 26 აპრილს გადასცა. გალში, ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცხედარს ჩამტვრეული ჰქონდა ორივე ფეხის ქუსლი, თითქმის ყველა ნეკნი, გადამტვრეული ხელის თითები, გატეხილი ნიკაპი. ელდარ ქობალია გალის რაიონის სოფელ საბერიოშია დაკრძალული.

დღეს, მთავარმა პროკურატურამ ელდარ ქობალიას წამებაში ეჭვმიტანლ პირებს მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძეს და გაგა მკურნალიძეს ბრალი წარუდგინა, რომლის დამტკიცების შემხთვევაში მათ ცხრიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ელით.

მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, გაგა მკურნალიძე უკვე დაკავებულია სხვა საქმეზე. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება "ამ საქმეზე სხვა პირების ბრალეულობის დასადგენად".

კომენტარების ნახვა (4)

XS
SM
MD
LG