ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ქართული ემიგრაცია არჩევანის გარეშე დარჩა


რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ელენე ბარათაშვილი, თბილისი

„საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი. ცსკო-ს თავმჯდომარის თქმით საარჩევნო უბნები გაიხსნილია ყველგან, სადაც წინა არჩევნებზეც იყო, გარდა რუსეთისა:

„ერთადერთი გამონაკლისია ამ შემთხვევაში რუსეთი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ სიაში, თუ სად უნდა გახსნილიყო საარჩევნო უბნები, ამ სიაში რუსეთი არ არის.”

რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა 2 დღის წინ დააფუძნეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ხმა - სამართლიანი არჩევნებისთვის” და აცხადებენ, რომ ორგანიზაცია არის ნეიტრალური და მასში სხვადსხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები გაწევრიანდნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის, თეიმურაზ შენგელიას თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე ქართველი ამომრჩევლის 10%-ი ცხოვრობს, საარჩევნო უბნები კი დღემდე გახსნილი არ არის:

„ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი მძლავრი და მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა, როგორც რუსეთში არსებობს, არ მიიღებს მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, გაუწიოთ მათ კვალიფიციური იურიდიული დახმარება და მივაღწიოთ შეიცვალოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ის ნორმები, რომელიც დღეს მოქმედებს.”

რაც შეეხება რუსეთის გარდა უცხოეთის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა მათ გაიარონ არა საკონსულო აღრიცხვა, არამედ საკონსულო რეგისტრაცია:

„საკონსულო რეგისტრაციისთვის არ არის საჭირო მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკონსულო რეგისტრაცია მოქმედებს მხოლოდ 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის და უცხოეთში მყოფ მოქალაქის სტატუსს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.”

როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მოითხოვენ. ამ მოთხოვნას ასაბუთებენ იმ გარემოებით, რომ 1 ოქტომბერს, სამუშაო დღეს, სხვა ქალაქებში ჩასვლას ვერ შეძლებენ. მინისტრი დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაია ემიგრანტების მოთხოვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება:

„ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ, ამ მთავრობამ, გააკეთა ძალიან ბევრი იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ხელი მიუწვდებოდეთ იმ უფლებებისთვის, რომელსაც მათ საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია ანიჭებს. 42 ქვეყანაზე მეტგან გაიხსნა საკონსულოები ბოლო წლების განმავლობაში, მათ შეუძლიათ მივიდნენ დილით ან საღამოს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მისი შეცვლა შეუძლებელია. კარგი იქნებოდა, ამაზე საუბარი უფრო ადრე მომხდარიყო.”

როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის, მაგალითად, ჩეხეთში მცხოვრები ქართველები, ტარდება თუ არა ჩეხეთში არჩევნები უქმ დღეებში? ამის შესახებ ჩეხეთში საქართველოს ელჩი, ქ-ნი ნინო ნაკაშიძე გვესაუბრება:

„ყოფილა უქმ დღეებშიც, ეს პრეცედენტი არ არის ახალი, ზოგი მთავრობა ასე წყვეტს, ზოგი ისე, ამიტომ ვერ გეტყვით. ზუსტად ანალიზი გაკეთებული მსოფლიოში რა ხდება, არ მაქვს."

ამერიკის ხმა: ქ-ნო ნინო, რამდენი ქართველი ცხოვრობს ჩეხეთში?

ნინო ნაკაშიძე: ოფიციალურად, საელჩოში დარეგისტრირებული გვყავს 200 ადამიანამდე. სხვა სტატისტიკას მე არ ვფლობ.

ამერიკის ხმა: არალეგალი ალბათ მეტია...

ნინო ნაკაშიძე: არალეგალებზე ჩვენ ზუსტ სტატისტიკურ ინფორმაციას ვერ ვფლობთ. არალეგალები არსად ფიქსირებულები არ არიან. იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდებიან, პრინციპში, ქვეყნიდან დეპორტაციას ექვემდებარებიან, ამიტომ არალეგალებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. მაგრამ ის, ვინც ცხოვრობს ოფიციალურად, ლეგალური საბუთით ჩეხეთში, ან სწავლობს ჩეხეთში, სურვილის შემთხვევაში, რეგისტრირდებიან საელჩოში.

ამერიკის ხმა: რეგისტრირდებიან ინტერნეტის საშუალებით? არ არის საჭირო პრაღაში ჩასვლა?

ნინო ნაკაშიძე: შეიძლება ინტერნეტით დარეგისტრირდნენ, მაგრამ ძალიან უყვართ საელჩოში მოსვლა, ყოველთვის სიამოვნებით მოდიან საელჩოში. ჩვენ მოხარულები ვართ, ვნახოთ საქართველოს მოქალაქეები. ჩეხეთში მუშაობას იწყებენ ძირითადად ძალიან ადრე დილით და 5- საათისთვის ამთავრებენ. ამიტომ მათ, ვისაც სამსახური დაუმთავრდებათ 5 საათზე (გარწმუნებთ პრაღა არ არის ისეთი დიდი ქალაქი, თუნდაც ბრნოში ცხოვრობდნენ), მაინც ასწრებენ ხმის მიცემას სურვილის შემთხვევაში. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, ჩვენ არ ვერევით არც კომისიის დაკომპლექტებაში. არსებობს დიასპორა, რომელიც ამ საკითხს მოუვლის, რომ არავის არაფერში ეჭვი არ გაუჩნდეს.

ინდოეთში რეგისტრირებულია მხოლოდ 10 ქართველი - ამბობს ინდოეთში საქართველოს ელჩი, ბატონი ზურაბ კაჭკაჭიშვილი:

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ინდოეთში ძალიან ცოტა ქართველია, სულ რამდენიმე ქალბატონია გათხოვილი. ეს არის და ეს. ჩვენ სულ გვყავს მგონი 10 კაცი რეგისტრირებული, მათ შორის არის ქ-ნი ნატა მენაბდე, რომელიც ინდოეთში ხელმძღვანელობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლობას."

ამერიკის ხმა: ბატონო ზურაბ, ინდოეთში გათხოვილი ქართველი ქალბატონები საქართველოს მოქალაქეები დარჩნენ თუ ინდოეთის მოქალაქეობა მიიღეს?

ზურაბ კაჭკაჭიშვილი: არა, საქართველოს მოქალაქეები არიან. ანუ, მე ვიგულისხმე ის ქალბატონები, რომლებიც ჩვენთან რეგისტრაციაზე დადგნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები და ამავე დროს აქვთ, რა თქმა უნდა, ინდოეთში ცხოვრების ნებართვა.

ამერიკის ხმა: ინდოეთში როგორ ჩატარდება არჩევნები?

ზურაბ კაჭკაჭიშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში, ვერ გამოვიყენებთ ჩვენს სამოქალაქო უფლებას და მოვალეობას. ჩვენ ვერ მივცემთ ხმას ჩემი და ჩემი თანამშრომლების ჩათვლით და, ასევე, იმ რამდენიმე ქართველის ჩათვლით. საარჩევნო უბანი იხსნება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც მინიმუმ 20 მოქალაქეა რეგისტრირებული. ჩვენთან კი ამდენიც არ არის.
XS
SM
MD
LG