ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიღურაძის საქმე: ჯაშუშობა თუ ბიზნესის წართმევა?


ბაკურ კიღურაძე და "ნიბა დელისის" პროექტი

საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით, კომენტარის გარეშე ტოვებს სკანდალურ წერილს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა ბიზნესმენმა ბაკურ კიღურაძემ რუსთავის ციხიდან გამოაგზავნა.

პატიმარი, რომელიც 9 წლიან სასჯელს იხდის, წერილში ამტკიცებს, რომ მისი დაპატიმრება არა ჯაშუშობას, არამედ კავკასიაში ყველაზე მაღალი, 160 მეტრიანი, სავაჭრო ცენტრის მშენებლობას უკავშირდება, რომელიც ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა.

„ნიბა-დელისის“ მშენებლობა კიღურაძის კომპანია „ნიბა ინვესტმა“ თბილისში, 2008 წლის თებერვალში დაიწყო. აგვისტოს ომის შემდეგ, მშენებლობის დაფინანსებაზე „სახალხო ბანკმა“ თქვა უარი.

წერილში კიღურაძე ყვება, რომ ამის შემდეგ, მთავრობის წევრების მოთხოვნით პროექტში იძულებით ჩასვა ებრაელი ბიზნესმენი იაშა ელიგულა, რომელმაც მოგვიანებით თურქულ კომპანია „თურქმოლთან“ მოლაპარაკებიდან გარიყა.

ბაკურ კიღურაძე ასევე წერს, თუ როგორ ემუქრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომლებთანაც, ბიზნეს პარტნიორის, თბილისის ყოფილი მერის ნიკო ლეკიშვილის მეშვეობით ურთიერთობდა. ნაწყვეტი ციხიდან გამოგზავნილი წერილიდან

„იაშა ელიგულას საქართველოს მთავრობამ შავი ფულის გათეთრება დააბრალა და როგორც თავად გვითხრა, საქართველოს ერთ-ერთ პატარა ბანკში 7 მილიონი დოლარი ჩამოართვა. ის 2 დღით დააპატიმრეს.

შემდეგ, ჩამორთმეული ფულის სანაცვლოდ, ჩვენს პროექტში „სახალხო ბანკის“ წილი შესთავაზეს. ანუ 50 პროცენტი „ნიბა დელისის“ სავაჭრო ცენტრში.

იაშა არ მომეწონა და მოლაპარაკებისას თავიდანვე ვერ შევთანხმდით. ამიტომ ნიკო ლეკიშვილს ვუთხარი, რომ ამ პირობებით იაშასთან ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგი ვარ.

ნიკო შეხვდა ზურაბ ადეიშვილს. როგორც მითხრა შეთანხმება უნდა შემდგარიყო. სხვა ვარიანტი აღარ იყო. ღამის ორ საათზე წამიყვანეს სახლიდან ჩემთან ოფისში. მოვიდა ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და ზურა ადეიშვილის სახელით მითხრა - თუ ხელს არ მოაწერ და არ შეთანხმდებით დაგიჭერენო.

2010 წლის იანვარში იაშამ მიშა სააკაშვილი ჩაიყვანა თურქეთში „თურქმოლთან“ და გააცნო „თურქმოლი“ უჩვენოდ. იქ ბუნებრივია, მიშამ დასვა საკითხი რა გიშლით ხელს რომ საქართველოში შემოხვიდეთო, ამ შემთხვევაში, იაშას შეიძლება „ნიბა ინვესტი“ დაესახელებინა. ჩემს წინააღმდეგ რაღაც გზებს ეძებდნენ.“

ბაკურ კიღურაძე 2010 წლის 13 ივლისს „ნიბა ინვესტის“ ოფისში დააკავეს და საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს. კიღურაძის გვარი ჯაშუშობასთან დაკავშირებით მხოლოდ 2010 წლის 5 ნოემბერს გაჟღერდა, როცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე სკანდალური ფილმი „ენვერი“ გავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, კიღურაძე რუსეთის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას მობილური ტელეფონით გადასცემდა. სამინისტროს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ „ჯაშუშთა“ სიაში ბაკურ კიღურაძე პირველია.

პატიმრის ძმისშვილი, გამომცემლობა „სიესტას“ დირექტორი ქეთი კიღურაძე ამბობს რომ ბრალდება შეთითხნილია. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კი კიღურაძის სპეცოპერაცია „ენვერთან“ კავშირს უარყოფს.

ქეთი კიღურაძე: „სასამართლოზე ერთადერთი ნივთმტკიცება იყო ტელეფონის სიმ-ბარათი, რეგისტრირებული პიროვნებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ვითომ მცხოვრები კორპუსში მეოთხე სართულზე, სინამდვილეში ის მისამართიც არ არსებობს და კორპუსიც არ არსებობს.

გარდა მაგისა ჩრეკა იყო გადაღებული კამერით და კამერაში ჩანს როგორ დებენ სიმ-ბარათს მის საფულეში. რატომ მაინცდამაინც ჯაშუშობის მუხლი?! იმიტომ, რომ ზუსტად ეს მუხლია, რომელსაც ის არასოდეს აღიარებს და თუ მუხლს არ მოხსნიან, ის ვერ გამოვა ციხიდან და დიდ ხნით იქნება მოშორებული.“

გელა ნიკოლაიშვილი: „მე „ენვერის“ საქმეში ვმონაწილეობდი. 9 კაციანი საქმე იყო და ბუნებრივია, ერთ-ერთ ბრალდებულს დავით მესხიძეს ვიცავდი, მაგრამ იქ არათუ დაკითხვა, არამედ ხსენებაც კი არ ყოფილა არც ვახტანგ მაისაიას გვარის და არც ბაკურ კიღურაძის.“

ციხიდან გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც კიღურაძეს წაუყენეს რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ ალექსანდრე დუგინთან ურთიერთობა იყო.

ბრალდება ამტკიცებდა, რომ კიღურაძე დუგინს 2001 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალიზაციის ინსტიტუტის“ მეშვეობით ეკონტაქტებოდა.

ამ ცენტრის კიდევ ერთი დამაარსებელი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია 2009 წელს ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალი არც მაისაიამ აღიარა.

ცენტროს კიდევ ერთი დამფუძნებელი, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ბესიკ ობოლაძე იყო, რომელიც სულ სხვა ბრალდებით დააპატიმრეს. კიღურაძე წერს, რომ სწორედ ობოლაძის ჩვენება გამოიყენა გამოძიებამ მის წინააღმდეგ. თუმცა თავად ბესიკ ობოლაძე ასეთი ჩვენების მიცემას კატეგორიულად უარყოფს

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი ჩვენება არ შეიცავს არანაირ სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ ვინმეს ბრალი წაეყენოს, ამას ვაცხადებ კატეგორიულად.“

დაცვის მხარე ბაკურ კიღურაძის დაპატიმრებას ცალსახად „ნიბა დელისის“ მშენებლობას უკავშირებს. ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის (36,5 პროცენტ) უფლებები, გასამართლების შემდეგ, სრულიად იგნორირებულია.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ ბიზნესმენ იაშა ელიგულას (და მის ქართველ ლობისტებს) რომელთანაც კიღურაძეს, კონფლიქტი ჰქონდა, „ნიბა დელისის“ პროექტში თურქული კომპანია „თურქმოლის“ 50 პროცენტიანი წილით შემოყვანა და დაკონსერვებული მშენებლობის უკვე „დელისი ფორუმის“ სახელით განახლება სურთ.

კიღურაძის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსთვის ემზადება. უახლოეს მომავალში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ასევე დაიწყებს სპეცოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში გასამართლებული კიდევ 9 ადამიანის აპელაციის განხილვას. ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძის მსგავსად, რუსეთის ჯაშუშობის ბრალდება არც მათ აღიარეს.

XS
SM
MD
LG