ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოქროს“ მოწმე მატროსოვის ციხეშია


ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირება კიევიდან თბილისში
ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირება კიევიდან თბილისში

სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი: „ოლეგ მელნიკოვმა ყველაფერი იცის“

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:33 0:00
ბმული

უკვე მეოთხე დღეა სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, რომელიც თბილისში მატროსოვის ციხის სახელით არის ცნობილი, ოლეგ მელნიკოვია მოთავსებული-შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.

„ოქროს მოწმე“, რომლის ჩვენებებსაც მნიშვნელოვნად შეუძლია დააჩქაროს - 21-ე საუკუნის ყველაზე რეზონანსული, სანდრო გირგვლიანის შემზარავი მკვლელობის საქმის გახსნა.

ოლეგ მელნიკოვმა საქართველო შარშან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ, იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და 2012 წლის დეკემბერში, უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მელნიკოვმა ოფიციალურ კიევს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მიმართა. სწორედ ამ მიზეზის გამო გაჭიანურდა, მისი საქართველოში ექსტრადირება. უკრაინამ მელნიკოვი საქართველოს, შაბათს, 21 სექტემბერს გადმოსცა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ ოლეგ მელნიკოვი ოქროს მოწმეა:

„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მელნიკოვი ერთ-ერთი დიდი, ოქროს მოწმეა, რომელიც პირადად არის ამ ტრაგედიის მონაწილე და შემსრულებელი. მელნიკოვი პირადად იმყოფებოდა ოქროყანაში, ამას პირდაპირ ამბობს, ვინც იყო სანდროსთან ერთად, მისი მეგობარი ბუხაიძე.

მელნიკოვი მონაწილეობდა იმ საშინელებებში, რაც ოქროყანაში ხდებოდა. ეს დავალება მას მიღებული ჰქონდა იმ სუფრის წევრებისგან, დათა ახალაისგან და თაკო სალაყაიასგან, ვანო მერაბიშვილის მეუღლისგან.

მელნიკოვის ექსტრადირება ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მას უნდოდა იქ თავშესაფარი მიეღო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და ეხმარებოდა, რომ მას მართლაც მიეღო მანდ თავშესაფარი, რომ არ ჩამოსულიყო აქ და არ ყოფილიყო ასეთი მოწმე.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოყვანილია მოწმე, რომელმაც ყველაფერი იცის, არა მხოლოდ სანდროს მკვლელობის საქმეზე, არამედ დარწმუნებული ვარ, სხვა გახმაურებულ საქმეებზეც.“

2006 წლის 28 იანვარს, ოლეგ მელნიკოვი „შარდენ ბარში“ იმ სუფრის წევრი იყო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები: დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე და შს მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია უსხდნენ. ამ სუფრაზე ასევე იმყოფებოდა თამარ მაისურაძე, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მეგობარი გოგონა.

ინციდენტი „შარდენ ბარში“, სანდრო გირგვლიანის გამოჩენისა და მაისურაძესთან დაძაბული, ხმამაღალი საუბრის შემდეგ დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც კანონით თმენის ვალდებულება გააჩნდათ, გირგვლიანის დასჯა გადაწყვიტეს. მათ კუდ-ის რამდენიმე ოფიცერი გამოიძახეს, რომლებმაც ბარის დატოვების შემდეგ, გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე ოქროყანაში გაიტაცეს.

კუდ-ის მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც მიუთითა კუდ-ის ოფიცრებს თუ რომელი ადამიანები უნდა გაეტაცათ. ოქროყანაში სიკვდილს გადარჩენილი ლევან ბუხაიძის ჩვენების მიხედვით, მელნიკოვი, მოგვიანებით, კუდ-ის სხვა ოფიცრებთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა, მისი და სანდრო გირგვლიანის ცემასა და წამებაში, რაც საბოლოოდ, გირგვლიანის სიკვდილით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს მიმდინარე გამოძიება, კატეგორიულად უარყოფდა ოლეგ მელნიკოვის კავშირს გატაცებასთან. თავად მელნიკოვი ამტკიცებდა, რომ „შარდენ ბარიდან“ სიგარეტის საყიდლად გავიდა. არც გამოძიებას და არც სასამართლოს მაშინ საეჭვოდ არ მოჩვენებიათ რომ ოლეგ მელნიკოვი სიგარეტს 40 წუთის განმავრობაში ყიდულობდა.

წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, 2006 წელს, მხოლოდ კუდ-ის ოთხი ოფიცერი: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა „დასაჯა“. თუმცა, 2009 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე ეს ოთხეულიც გაათავისუფლეს. ამ მოვლენებმა ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიულ რეფორმებს.

„ამერიკის ხმასთას“ საუბარში, სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ სანდროს მკვლელობის საქმე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიხსნება:

„მე პირადად ველოდები 27 ოქტომბერს, რომ მორჩეს ეს არჩევნები. მე იმედი მაქვს რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი წავა ისე, როგორც უნდა წავიდეს. ყველა გაიგებს სიმართლეს.

საზოგადოება გაიგებს, რომ ამ შემზარავ მკვლელობასა და შემდეგ დანაშაულის დაფარვაში უდიდესი როლი აქვს ნათამაშები „ნაციონალურ მოძრაობას“, პირადად პრეზიდენტს, პირადად ვანო მერაბიშვილს. მე ამას ხმამაღლა ვამბობ, უშუალოდ მათი მითითებით ხდებოდა მაშინ ყველაფერი, თუ რამის დაფარვა და დამალვა ხდებოდა იმ პერიოდში.“


დღეისათვის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულნი არიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ისევე როგორც მელნიკოვი მატროსოვის ციხეში ზის. ასევე დაკავებულია პოლიციელი დავით ქოქიაშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა გატაცებასა და ოქროყანის ანგარიშსწორებაში.

ათენში დაკავებულია და ექსტრადირებას ელის იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილე დავით ჩხიტუნიძე. მას ბრალად ედება 2006 წელს დაკავებული კუდ-ის ოფიცრებისთვის ავჭალის კოლონიაში კომფორტული გარემოს შექმნა. საინტერესოა, რომ ჩხიტუნიძე ათენის ციხეში ქართველმა პატიმარმა დანით დაჭრა.

გამოძიებამ ასევე დაკითხა, პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა, რომელიც მაშინ ავჭალის კოლონიის უფროსი იყო. მოგვიანებით კი მღვდლად აკურთხეს და ახლა ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწეობს.

დღემდე წითელი ცირკულარით იძებნება, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია. მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ გირგვლიანის მკვლელეობის საქმეზე სავარაუდო ეჭვმიტანილთა სია საკმაოდ დიდია.
XS
SM
MD
LG