ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული მინი-ფეხბურთის ისტორიული გამარჯვება


საქართველო ევრო 2022-ზე მოხვედრას ზეიმობს
საქართველო ევრო 2022-ზე მოხვედრას ზეიმობს

საქართველოს ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა, ქართული მინი ფეხბურთის 35 წლიანი ისტორიის ოქროს ფურცელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს დაწერა. ქართველებმა ურთულეს მატჩში 3:2 საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვეს.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე პირველად დაუშვეს მაყურებელი (კოვიდ შეზღუდვების გამო მხოლოდ 30%) და ტრიბუნებმაც ფასდაუდებელი მხარდაჭერა აღმოუჩინეს მასპინძლებს, რთულ და უხერხულ კონკურენტთან ბრძოლაში.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ჰაერში
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ჰაერში

ავთანდილ ასათიანმა, რომელიც 5 წელია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი ნაკრებში მოთამაშე მწვრთნელიც იყო, ისტორიული მატჩის შემდეგ, სწორედ ფანების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

უბედნიერესი ვარ, რომ ისტორიული გამარჯვება დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მოვიპოვეთ, ქართველ მოთამაშეებს ამ დღის მნიშვნელობის ახსნა ბუნებრივია არ სჭირდებოდათ, ჩვენს ნატურალიზებულ ბრაზილიელებს დამატებით ავუხსენით და ყველამ ერთად მთელი გული ჩადეს ამ თამაშში
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტზალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი


„რომ არ ყოფილიყო გულშემატკივარი, არ ვიცი რა მოხდებოდა, ეს განსაკუთრებით ბოლო წუთებზე გამოჩნდა, როცა ძალიან გაგვიჭირდა, საოცრად დაგვიჭირეს მხარი და ყველამ ერთად გავიმარჯვეთ.

უბედნიერესი ვარ, რომ ისტორიული გამარჯვება დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მოვიპოვეთ, ქართველ მოთამაშეებს ამ დღის მნიშვნელობის ახსნა ბუნებრივია არ სჭირდებოდათ, ჩვენს ნატურალიზებულ ბრაზილიელებს დამატებით ავუხსენით და ყველამ ერთად მთელი გული ჩადეს ამ თამაშში“ - აღნიშნა ასათიანმა.

საქართველოსთვის 3 ქულას საფრანგეთთან სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რომ შესარჩევი ციკლის საუკეთესო მეორე ადგილოსანი გამხდარიყო. საფრანგეთს სამივე გოლი სწორედ ქართველმა ბრაზილიელებმა გაუტანეს (სულ ფუტზალის ნაკრებში, 7 ბრაზილიელია საქართველოს პასპორტით) და ისტორიულ გამარჯვებაში ტრადიციულად ლომის წილი დაიდეს.

თალესის პირველი გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში
თალესის პირველი გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში

ორი ბურთი პორტუგალიური "კანდოსოს" მცველმა თალესმა შეაგდო, ერთიც ქართველების სიძემ, უკრაინის "ხერსონის" ფორვარდმა რონინიომ. კვლავ მაღალ დონეზე ჩაატარა გადამწყვეტი მატჩი ნაკრების გოლკიპერმა ზვიად კუპატაძემ.

3:2 გამარჯვებით საქართველომ ევრო 2022-ის შესარჩევის მეორე ჯგუფში 10 ქულა მოაგროვა, რუსეთს ჩამორჩა, თუმცა შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა:

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და კიპერი 41 წლის ზვიად კუპატაძე
საქართველოს ნაკრების კაპიტანი და კიპერი 41 წლის ზვიად კუპატაძე
არ შემიძლია ცრემლების შეკავება, ჩემთვის ეს ბოლო შანსი იყო, კარიერის მიწურულს, ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა. ყველას დიდი მადლობა!
ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი


„განსაკუთრებული გამარჯვებაა. მით უმეტეს, რომ ასეთი შანსი 4 წლის წინაც გვქონდა და რუმინეთთან მაშინ პლეი-ოფი წავაგეთ. ეს წაგება მუდმივად მედგა თვალწინ.

9 აპრილს გამარჯვება ყველაფერია, ყველას გილოცავთ. არ შემიძლია ცრემლების შეკავება, ჩემთვის ეს ბოლო შანსი იყო, კარიერის მიწურულს, ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა. ყველას დიდი მადლობა!" - აღნიშნა 41 წლის გოლკიპერმა.

საქართველომ ევრო 2022-ზე მოსახვედრად ძალიან რთული გზა გაიარა. 2020 წლის თებერვალში ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისში, საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში, სამივე თამაში მოიგო (გერმანია 3-1, ავსტრია 9-2, კოსოვო 6-1) და ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა, სადაც თამაშები უკვე მიმოსვლით გაიმართა.

მეორე ჯგუფის სერია, 2020 წლის დეკემბერში, საქართველომ პარიზში 4:4 ფრით დაიწყო საფრანგეთთან, შემდეგ 0-4 წააგო რუსეთთან, 5-0 თბილისში და 3-2 ერევანში აჯობა სომხეთს. ბოლოს 3:2 მოუგო საფრანგეთს და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. 12 აპრილის მატჩი რუსეთთან, შელკოვოში, სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

საქართველო - სომხეთი 5-0
საქართველო - სომხეთი 5-0

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 16 გუნდი, ოთხ ჯგუფად ითამაშებს, იანვარ-თებერვალში, ნიდერლანდების ორ ქალაქში ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება. ამ დროისთვის, მასპინძელი ნიდერლანდების გარდა საგზური უკვე მოპოვებული აქვთ იტალიას, ესპანეთს, ხორვატიას, ბოსნიას, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, რუსეთს და საქართველოს. დანარჩენი ხუთი საგზურის მფლობელის ვინაობა 14 აპრილამდე გაირკვევა, დარჩენილი ერთი საგზურისთვის კი პლეი-ოფი წლის ბოლოს, ნოემბერში გაიმართება.

ფუტზალში ევროპის ჩემპიონატი მეთორმეტედ ტარდება, კონტინენტის ჩემპიონობა ესპანეთმა მოიგო 7-ჯერ, ორჯერ გაიმარჯვა იტალიამ, თითოჯერ კი პორტუგალიამ და რუსეთმა.

საქართველო საფრანგეთთან ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს
საქართველო საფრანგეთთან ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მინი-ფეხბურთში

  1. ზვიად კუპატაძე - „იუგრა“ რუსეთი
  2. რონინიო - „პროდექსიმ ხერსონი“ უკრაინა
  3. ელისანდრო - „სან-ჯუზეპე“ იტალია
  4. ბინიო - „ოსასუნა მაგნა“ ესპანეთი
  5. თალეს ფეიტოსა - „კანდოსო“ პორტუგალია
  6. თორნიკე ბუკია - თსუ თბილისი
  7. ალექსანდრე ჯამბურია - „ჯორჯიანსი“ თბილისი
  8. გიორგი ღავთაძე - კსუ თბილისი
  9. ბექა ტყემალაძე - „ჯორჯიანსი“ თბილისი
  10. ბრუნო პეტრი - „სალა გარსია“ ესპანეთი
  11. ვახტანგ კეკელია - „ნურ-სულთანი“ ყაზახეთი
  12. არჩილ სებისკვერაძე - „ლიდსელმაში“ ბელარუსი
  13. ფუმასა - “მუვუ” საფრანგეთი
  14. შაგინია - “რეალ ბეტისი” ესპანეთი
  15. ირაკლი თოდუა - აელ კვიპროსი
  16. თემურ ეკიზაშვილი - “ჯორჯიანსი” თბილისი
  17. შოთა თოფურია - “ჯორჯიანსი” თბილისი
  18. ჯანიკო გიორგაია - “ჯორჯიანსი” თბილისი
  19. ვახტანგ ჯვარაშვილი - “ჯორჯიანსი” თბილისი
  20. ავთანდილ ასათიანი - მთავარი მწვრთნელი

მინი ფეხბურთი საქართველოში

საქართველოში მინი ფეხბურთმა პოპულარობა გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში მოიპოვა. 1988 წლის თებერვალში, თბილისში დაარსდა, საბჭოთა კავშირში პირველი პროფესიული მინი ფეხბურთის კლუბი „მრეტები“.

სპორტის სასახლეში ანშლაგით და რეგულარულად იმართებოდა, როგორც ქალაქის და საკავშირო, ისე საერთაშორისო და ვეტერანთა ტურნირები, მათ შორის მიხეილ მესხი უფროსის თასზე. 1991 წელს, სოხუმის „რიწამ“ სსრკ-ს ჩემპიონატშიც ითამაშა.

ქართველ მინი ფეხბურთელთა პირველი თაობა, 1989 წელი
ქართველ მინი ფეხბურთელთა პირველი თაობა, 1989 წელი

1992 წელს, დაარსდა დამოუკიდებელი საქართველოს მინი-ფეხბურთის ასოციაცია. პირველი ჩემპიონატი ფუტზალში 1994 წელს გაიმართა და თბილისის „ვაკემ“ მოიგო. საქართველოს ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა კი პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წელს გამართა და ტურინში, იტალიასთან 1-3 დამარცხდა.

ქართული საკლუბო ფუტზალის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული გუნდი თბილისის „იბერია სტარი“ იყო. ეს კლუბი 13-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 2013 წელს უეფას ფუტზალის თასზე, "ოთხთა ფინალშიც" ითამაშა, რომელიც თბილისში გაიმართა, თუმცა შემდეგ არსებობა შეწყვიტა.

უეფას ოთხთა ფინალი თბილისის სპორტის სასახლეში, 2013 წელი
უეფას ოთხთა ფინალი თბილისის სპორტის სასახლეში, 2013 წელი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG