ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ძიუდოს ტრიუმფი და პუტინი


ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა თათრეთის დედაქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც პირადად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გახსნა. გუნდურ ჩემპიონატში საქართველომ ჯერ უნგრეთს მოუგო 5-0, შემდეგ საბერძნეთს 4-1, ნახევარფინალში პოლონეთი ჩამოიშორა გზიდან 4-1, ფინალში კი მასპინძელ რუსეთს სძლია 3-2.

ფინალური შეხვედრა კარგად რუსებისთვის დაიწყო, ევროპის ჩემპიონი მარგველაშვილი (66 კგ) ადიღ არდანოვთან იპონზე მალევე დაეცა. ანგარიში ტატალაშვილმა (73 კგ) გაათანაბრა, რომელმაც მძიმე ბრძოლაში ინგუშ ოზდოევს სძლია. საქართველო წინ ქართული ძიუდოს ცოცხალმა ლეგენდამ - ჭრიკიშვილმა (81 კგ) გაიყვანა, ავთანდილმა რუს სემიონოვს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონზეც დააგდო.

გამარჯვების ქულა ქართველებს ევროპის უკვე სამგზის ჩემპიონმა ლიპარტელიანმა მოუტანა (90 კგ). იგი თავიდან იუკოთი აგებდა ჩეჩენ ჟამბეკოვთან, თუმცა მეტოქე იპონზე დასცა, „ტატნეფტ არენაზე“ შეკრებილი ყაზანის მცირერიცხოვანი ქართველობა გაახარა, 8000 რუსი ფანი კი შოკში ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებმა ერთ წელიწადში დაიბრუნა კონტინენტზე საუკეთესოს ტიტული, რომელიც შარშან ბაქოში,საფრანგეთთან მარცხის შემდეგ დაკარგა. ევროპის ჩემპიონები თბილისში გამთენიისას დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ მრავალრიცხოვანი ფანები და მედუდუკეები „საჭიდაოს“ ჰანგებით დახვდნენ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლენტეხელი ვარლამ ლიპარტელიანის ფანტასტიკურ ჭიდაობას. 27 წლის სპორტსმენმა რვა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი აიღო: 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

„შესანიშნავად იჭიდავა, ძალიან გამოცდილი ძიუდოსიტია. ეს ძალიან დიდი განაცხადია, ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ტურნირზე, ნებისმიერი სინჯის მედლისთვის იბრძოლოს.“

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რუსეთის პრეზიდენტი აღარ დაესწრო რუსეთ-საქართველოს ფინალურ შეხვედრას. მან თვალი მხოლოდ ინდივიდუალურ ასპარეზობებს მიადევნა და ყაზანი ვადაზე ადრე დატოვა. პუტინს ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ძიუდოისტებთან დაპირისპირების ხილვა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველო და რუსეთი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში და ყველა ჯერზე ქართველებმა გაიმარჯვეს. აქედან ორ ფინალს ჩელიაბინსკსა (2012) და მონპელიეში (2014) პუტინი პირადად ესწრებოდა.

ძიუდო რუსეთის პრეზიდენტისთვის ნომერ პირველი სპორტი სახეობა და ჰობია. მან 20 წლის ასაკში მოიპოვა სპორტის ოსტატის წოდება ძიუდოში და სანამ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკ) კარიერას დაიწყებდა, ლენინგრადის ჩემპიონატიც მოიგო. პუტინის ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი ძიუდოში, ქართველი ედუარდ კვიციანი იყო. 2006 წელს კი, სამხრეთ კორეის ენინის უნივერსიტეტმა პუტინს „ძიუდოს სფეროში“ დოქტორის ხარისხიც კი მიანიჭა.

ძიუდოს ჩემპიონატზე, პრეზიდენტ პუტინის სტუმრობის გამო, თათრეთში, სადაც სპორტის ზამთრის სახეობებია პოპულარული, 200-მდე სახელმწიფო საწარმო დაავალდებულეს, ჩემპიონატის დღეებში, სულ მცირე, 32 მუშა-მოსამსახურე გულშემატკივრის სტატუსით მიევლინებინათ ტურნირზე, რათა „ტატნეფტ არენაზე“ ცარიელი ადგილები არ ყოფილიყო, თუმცა რუსეთის ნაკრებს არც ამ უცნაურმა გადაწყვეტილებამ უშველა.

ყაზანში გამოსვლას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მაღალი შეფასება მისცა:

„გუნდს სწორება ოლიმპიური თამაშებისჯენ აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, ყაზანის ჩემპიონატიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ოლიმპიური მზადების ერთ-ერთი ეტაპი. ჩვენი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში არ იყო, თუმცა ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.“

ქართველმა ძიუდოისტებმა ყაზანში არანაკლები შედეგი აჩვენეს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებშიც. 22 წლის ვაჟა მარგველაშვილმა თავისი პირველი ევროპული ოქრო მოიგო, ხოლო 27 წლის ვარლამ ლიპარტელიანმა - მესამე.

სამწუხაროდ, დასანანი მარცხი განიცადეს ფინალში და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდნენ: ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. ნუგზარ ტატალაშვილმა და ლევან მათიაშვილმა კი ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.ქალებში ვერცხლის მედალს აიღო,29 წლის ესტერ სტამმმა, ჰოლანდიური წარმოშობის ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო.

ძიუდოისტების ასეთი წარმატება და კარგი ფორმა ორმაგად სასიხარულოა, რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე ხომ სულ რაღაც 104 დღეა დარჩენილი.

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი 1951 წლიდან ტარდება, 1951-1990 ქართველები საბჭოთა კავშირის ნაკრებს წარმოადგენდნენ, რომელმაც ევროპის გუნდური პირველობა 12 ჯერ მოიგო. ეროვნული დროშის ქვეშ კი ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი მერვედ მოიგეს.

ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

1.საფრანგეთი - 14 ჯერ

2. საბჭოთა კავშირი - 12

3. საქართველო- 8

4-5 რუსეთი, გერმანია - 3

6. ჰოლანდია - 2

7-12. უკრაინა, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისრაელი - თითოჯერ

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG