ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ჰოკეი: ერთი სიცოცხლე, ერთი ოცნება, ერთი გუნდი


ქართველი ჰოკეისტები ჟუჟუნაშვილი, დუმბაძე და ოგანეზიანი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ოქროს მედლებით

საქართველომ, სადაც ყინულის ჰოკეის მხოლოდ ერთი სტანდარტული მოედანი და სულ 80 მოყვარული ჰოკეისტია (პლუს 400 ბავშვი და მოზარდი) რეგისტრირებული, სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დაბალ მესამე დივიზიონის გათამაშებაში, რომელსაც გასულ კვირას სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა.

კეიტპაუნის The Ice Station-ის ყინულზე ქართველმა ჰოკეისტებმა 5 მატჩიდან ოთხის მოგება შეძლეს (თურქეთთან 6:2, ბულგარეთთან 5:3, ჰონკონგთან 11:1, ჩინეთის ტაიბეისთან 11:2 და 2:4 სამხრეთ აფრიკასთან) და მეორე დივიზიონის ერთადერთი საგზური მოიპოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამარჯვებები ფავორიტებთან თურქეთთან, რომელიც შარშან სწორედ მეორე დივიზონში ასპარეზობდა და ბულგარეთთან, რომელსაც ამ დონეზე თამაშის 55 წლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვიტალი დუმბაძე თურქთა წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვიტალი დუმბაძე თურქთა წინააღმდეგ

ეროვნული ნაკრები მთლიანად საქართველოში არსებული ჰოკეის ოთხი კლუბის: ბაკურიანის „მიმინოს“, თბილისის „ცეცხლოვანი ჯვაროსნების“, „რუხი მგლებისა“ და „ყინულის რაინდების“ მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ლომის წილი ისტორიულ გამარჯვებაში კი ქართული ფესვების მქონე ნატურალიზებულმა ჰოკეისტებმა დაიდეს. ფინეთში დაბადებული 27 წლის ოლივერ ობოლგოგიანი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ხოლო, 22 წლის ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, რომელიც ჰოკეისტად რუსეთში ჩამოყალიბდა, 10 გოლითა და 9 პასით მესამე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი და ოლივერ ობოლგოგიანი
ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი და ოლივერ ობოლგოგიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მიხეილ დავითაშვილი ამბობს ეს შედეგი თავდადებასთან ერთად, ნატურალიზაციის სწორმა პოლიტიკამაც განაპირობა:

ეს დიდი წარმატება ნაწილობრივ იმანაც განაპირობა რომ ეროვნულ ნაკრებში შემოგვემატა ოთხი ახალი მოთამაშე, რომლებმაც ჩვენი გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს"
მიხეილ დავითაშვილი, საქართველოს ნაკრების მცველი

„ეს დიდი წარმატება ნაწილობრივ იმანაც განაპირობა რომ ეროვნულ ნაკრებში შემოგვემატა ოთხი ახალი მოთამაშე, რომლებმაც ჩვენი გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს. დარწმუნებულები ვიყავით რომ პირველი ადგილის დაკავებას შევძლებდით, ამ მიზნის მისაღწევად თავიდანვე ვიბრძოლეთ, პირველ ორ თამაშში ფავორიტები დავამარცხეთ, რამაც საბოლოოდ მეორე დივიზიონის საგზური მოგვიტანა.“

მზიურ საქართველოში ყინულის ჰოკეით პირველად 1960 წელს დაინტერესდნენ, როცა საბჭოთა იმპერიის ცენტრიდან მიღებული იქნა დავალება, რომ ყველა "მოკავშირე" რესპუბლიკაში დანერგილიყო ზამთრის სპორტის სახეობები, მათ შორის ჰოკეი. ამ მიზნით მოსკოვიდან ცნობილი სპეციალისტი ვალენტინ ზახაროვი მოიწვიეს და ჰოკეის შესწავლის მსურველი ახალგაზრდები გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებული განცხადებით შეკრიბეს.

ქართველ ჰოკეისტთა პირველი თაობა: ციგურების ნაცვლად გორგოლაჭებით
ქართველ ჰოკეისტთა პირველი თაობა: ციგურების ნაცვლად გორგოლაჭებით

ვინაიდან თბილისში ყინული არ იყო, ზახაროვმა ბიჭებს ჰოკიჯოხებთან ერთად, ერთრიგიანი გორგოლაჭები დაურიგა, შაიბის ნაცლად პატარა ბურთი მისცა და ჰოკეის ანა-აბა ვაკეში, „ლოკომოტივზე“ ასფალტისა და თიხის საფარზე შეასწავლა.

ეს მწირი გამოცდილება 1962 წელს, საბჭოთა ხალხთა ზამთრის პირველ სპარტაკიადაზე, ქართველ ჰოკეისტთა პირველ თაობას მხოლოდ სომხეთისა (11:2) და ყირგიზეთის (1:0) დასამარცხებლად ეყო, ექვსი თამაში კი დიდი ანგარიშით წააგეს. შიშველ ენთუზიაზმზე ზახაროვმა საქართველოში 1966 წლამდე გაძლო და შინ გაემგზავრა.

თბილისის "პირველი მერცხალი" და ბაკურიანის "კოხტა", 80-იანი წლები
თბილისის "პირველი მერცხალი" და ბაკურიანის "კოხტა", 80-იანი წლები

ზახაროვის დაწყებული საქმე მხოლოდ 1978 წელს განაგრძო მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ ნოდარ დონაძემ, რომელმაც თბილისში, 23-ე საშუალო სკოლის ბაზაზე ჰოკეის კლუბი ჩამოაყალიბა. ქართველი ბავშვების გაწვრთნა მასაც უყინულოდ, გორგოლაჭების დახმარებით მოუწია და მალევე „პირველი მერცხალი“ საკავშირო ტურნირში „ოქროს შაიბაში“ ჩაება.

ქართველ ჰოკეისტთა მეორე თაობიდან ყველაზე შორს კონსტანტინე ბახუტაშვილი წავიდა, რომელიც საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების და მოსკოვის ცსკა-ს მეკარე გახდა, 1989 წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ბესარიონ ცინცაძე კი სრიალის მწვრთნელის რანგში „პიტსბურგ პინგვინზთან“ და „ბოსტონ ბრუინსთან“ ერთად ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) უმაღლესს ჯილდოს სტენლის თასს დაეუფლა. განვითარების ეს ეტაპი 1987 წელს შეწყდა.

ბახუტაშვილი ცსკა-ში, გვერდით ჰოკეის ლეგენდა სერგეი ფეტისოვი, 1989 წელი
ბახუტაშვილი ცსკა-ში, გვერდით ჰოკეის ლეგენდა სერგეი ფეტისოვი, 1989 წელი

საქართველოში ჰოკეის მესამე ტალღა ნოდარ დონაძის მოწაფეების, დენის დავიდოვისა და ლაშა ცაგარეიშვილის სახელს უკავშირდება. ეს აზარტული ენთუზიასტები ამ დიდ საქმეს პირდაპირი მნიშვნელობით შეეწირნენ.

2004 წელს მათ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია დაარსეს და თბილისში პირველი საჩვენებელი თამაში გამართეს. 2007 წელს, საკუთარი ფინანსებით პირველი ეროვნულ ჩემპიონატი ჩაატარეს, სადაც თბილისის „ჯვაროსნების“ კარს, პირველი ლეგიონერი, ქართველების სიძე კანადელი პატრიკ ფრეიზერი იცავდა.

2009 წლის მაისში, საქართველო ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) წევრი გახდა. ოთხ თვეში კი ტუნისში, IIHF-ის კონგრესზე მიმავალი დავიდოვი და ცაგარეიშვილი (მეუღლესთან ერთად) თურქეთის ტერიტორიაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. კონგრესზე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში საქართველოს ნაკრების ჩართვაზე უნდა ემსჯელათ.

დენის დავიდოვი და ლაშა ცაგარეიშვილი, 2008 წელი
დენის დავიდოვი და ლაშა ცაგარეიშვილი, 2008 წელი

ამ ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე დივიზიონში ზედიზედ ხუთჯერ იასპარეზა და წელს, დენისისა და ლაშას დიდი ოცნება აასრულა. კეიტპაუნის The Ice Station-ში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოვების ცერემონიალზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, დენის დავიდოვის ძმა, ილია დავიდოვი ამბობს, რომ ახლა მთავარი ოცნება, თბილისში ყინულის სტანდარტული მოედნის აშენებაა:

ჰოკეის 1980 წლიდან ვთამაშობ და იქედან მოყოლებული ვნატრობთ, რომ საქართველოში, თბილისში გვქონდეს ყინულის სტანდარტული მოედანი"
ილია დავიდოვი, საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი

„ჰოკეის 1980 წლიდან ვთამაშობ და იქედან მოყოლებული ვნატრობთ, რომ საქართველოში, თბილისში გვქონდეს ყინულის სტანდარტული მოედანი, სადაც სრულფასოვანი ვარჯიშის, ეროვნული ჩემპიონატის და საერთაშორისო ოფიციალური მატჩების გამართვების შესაძლებლობა გვექნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ნატვრა ოცნებად გვრჩება.

დღეისათვის, ჰოკეის ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაზე კარგი სიტუაცია მაინც ბათუმშია, იქ გვაქვს სტანდარტული მოედანი, თუმცა ვინაიდან ბოლომდე დასრულებული არ არის, საერთაშორისო მატჩების გამართვის უფლებას არ გვაძლევენ. თუმცა, სავარჯიშოდ და შიდა ჩემპიონატისთვის ძალიან კარგია.

პატარა ყინულის მოედანი არის ქუთაისში, სადაც ჰოკეიში ყველაზე მეტი, 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს. თბილისში გვაქვს საციგურაო სკოლის ასევე არასტანდარტული მოედანი და ბაკურიანში ღია მოედანი, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ზამთარში შეიძლება, შესაბამისი ბუნებრივი პირობების დროს.“

ჰოკეის მატჩი ბაკურიანში, 1962 წელი
ჰოკეის მატჩი ბაკურიანში, 1962 წელი

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ამჟამად, მსოფლიო რეიტინგში 48 გუნდს შორის, 855 ქულით 41-ე ადგილს იკავებს, სამხრეთ აფრიკაში გამარჯვებამ ჩვენს გუნდს დამატებითი სარეიტინგო ქულები შემატა, რომლებიც რეიტინგში მოგვიანებით აისახება.

2019 წელს, საქართველო უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ჩაებმება, სადაც მეტოქეებად: ისრაელი, მექსიკა, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ კორეა და მეორე დივიზიონის A ჯგუფის ბოლოადგილოსანი ეყოლება, რომლის ვინაობაც 29 აპრილამდე გაირკვევა.

IIHF-ის რანგირებით ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ შვიდი დივიზიონია: ელიტარული A და B, პირველი დივიზიონის A და B, მეორე დივიზიონის A და B ჯგუფები და მესამე დივიზიონი. მსოფლიო რეიტინგის ლიდერები კანადა, რუსეთი, შვედეთი, ფინეთი და აშშ არიან.

ყინულის სტანდარტული მოედნის აშენების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის ქვედა დივიზიონების მატჩების მასპინძლობას საქართველოც შეძლებს, რაც ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში (2018)

დაარსდა - 2008 წელს

დევიზი - ერთი სიცოცხლე, ერთი ოცნება, ერთი გუნდი

პირველი შაიბის ავტორი - ვახტანგ გოგიჩაიშვილი (სამხრეთ აფრიკასთან 1:8, 20.04.2010)

პირველი გამარჯვება - ბოსნიასთან 4:1, 09.04.2015

ყველაზე დიდი მოგება - არაბეთის საემიროებთან 19:0, 11.04.2017

ყევლაზე დიდი წაგება - ჩრდილოეთ კორეასთან 1:22, 06.04.2014

მეკარეები

ამბროლავა კახა - მიმინო ბაკურიანი

ანდრეი ილიენკო - ცეცხლოვანი ჯვაროსნები თბილისი

მცველები

ამირან გეფერიძე - მიმინო ბაკურიანი

რევაზ ცომაია - რუხი მგლები თბილისი

ზაზა ღონღაძე - მიმინო ბაკურიანი

დავით მინასიანი - მიმინო ბაკურიანი

მიხეილ დავითაშვილი - რუხი მგლები თბილისი

არტიომ კურბატოვი - ცეცხლოვანი ჯვაროსნები თბილისი

ფორვარდები

ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი - მიმინო ბაკურიანი

ოლივერ ობოლგოგიანი - რუხი მგლები თბილისი

ვიტალი დუმბაძე (კაპ) - ცეცხლოვანი ჯვაროსნები თბილისი

პაატა კავკასიძე - მიმინო ბაკურიანი

გიორგი ჯეირანაშვილი - მიმინო ბაკურიანი

დავით ოგანეზიანი - მიმინო ბაკურიანი

გია ოგანეზიანი - მიმინო ბაკურიანი

გრიგორი ფილიმონოვი - ცეცხლოვანი ჯვაროსნები თბილისი

არტიომ კოზიულინი - რუხი მგლები თბილისი

ივან შვეცოვი - მიმინო ბაკურიანი

თემურ ვედიაპინი - რუხი მგლები თბილისი

სემიონ ხარიზოვი - მიმინო ბაკურიანი

მიხაილ შალუნოვი - რუხი მგლები თბილისი

ალექსანდრე ვასილჩენკო - მიმინო ბაკურიანი

დიმიტრი სმეტანინი - ცეცხლოვანი ჯვაროსნები თბილისი

მთავარი მწვრთნელი

როლანდ სვანიძე

საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჰოკეიში, 2007 წელი
საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჰოკეიში, 2007 წელი

საქართველოს ჩემპიონები ყინულის ჰოკეიში (1961-2018)

1961 - ახალქალაქის ნაკრები

1962 - თბილისის პირველი ნაკრები

1963-2006 არ გამართულა

2007-08 რუხი მგლები თბილისი

2009-11 არ გამართულა

2011-12 ყინულის რაინდები თბილისი

2012-13 ყინულის რაინდები თბილისი

2013-14 რუხი მგლები თბილისი

2015-16 მიმინო ბაკურიანი

2016-17 რუხი მგლები თბილისი

გაზეთი "ლელო" 1960 წლის ნომერი
გაზეთი "ლელო" 1960 წლის ნომერი

ტვიტერი

XS
SM
MD
LG