ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიონჩანგი 2018: ოთხი ქართველი, ერთიანი კორეა და დასჯილი რუსები


საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ზამთრის ოლიმპიადაზე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იქნება
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ზამთრის ოლიმპიადაზე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იქნება

ზუსტად ოთხ დღეში, სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე, ზამთრის რიგით XXIII ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნაზე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე, 22 წლის მორის ყვითელაშვილი იქნება.

მოსკოვში დაბადებულმა მოციგურავემ, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართველი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის აღზრდილია და 2016 წლამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა, საქართველოს მოქალაქეობა სწორედ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის მიზნით მიიღო. რუსეთის მოციგურავეთა ნაკრებში ყვითელაშვილი დიდი კონკურენციის გამო ვერ ხვდებოდა.

ქართველი ოლიმპიელები: ზურაბ აბრამაშვილი, გიორგი სოღოიანი და ნინო წიკლაური
ქართველი ოლიმპიელები: ზურაბ აბრამაშვილი, გიორგი სოღოიანი და ნინო წიკლაური

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველო ფიგურული სრიალის გარდა, სპორტის კიდევ ორ სახეობაში იქნება წარმოდგენილი: სამთო სათხილამურო სპორტში გუდაურელი ნინო წიკლაური და ბაკურიანელი იასონ აბრამაშვილი იასპარეზებენ.

30 წლის აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადაა. ამ მაჩვენებლით ის ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელ ლეგენდარულ კობა წაქაძეს გაუთანაბრდა, 24 წლის წიკლაური კი თავის მესამე ოლიმპიადაზე გამოვა. საციგაო სპორტში დებიუტი 20 წლის ბაკურიანელ გიორგი სოღოიანს ექნება.

რა შედეგებს შეიძლება ველოდეთ ქართველი ოლიმპილებისგან? ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ამბობს:

დამაკმაყოფილებელი იქნება თუ სამთო თხილამურებში ოცეულს ქვემოთ დავიმკვიდრებთ ადგილს, ფიგურულ სრიალში ათეულში მოხვედრა გვინდა. რაც შეეხება ჩვენს მოციგავეს, იგი დებიუტანტია და ოლიმპიადაზე მოხვედრა მისთვის უკვე დიდი წარმატებაა"
მამუკა ხაბარელი, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში

„იგივე რაოდენობის სპორტსმენები გვყავს, როგორც ზამთრის წინა ოლიმპიადაზე სოჭში - ოთხი, თუმცა სპორტის სახეობების მხრივ, სადაც ჩვენები გამოვლენ, გეოგრაფია გაზრდილია. დამაკმაყოფილებელი იქნება თუ სამთო თხილამურებში ოცეულს ქვემოთ დავიმკვიდრებთ ადგილს, ფიგურულ სრიალში უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს - ათეულში მოხვედრა გვინდა. რაც შეეხება ჩვენს მოციგავეს, იგი დებიუტანტია და ოლიმპიადაზე მოხვედრა მისთვის უკვე დიდი წარმატებაა.“

სამხრეთ კორეაში XXIII ზამთრის ოლიმპიური თამაშებში, რომელიც 8 თებერვალს აიღებს სტარტს და 25 თებერვლამდე გასტანს, სულ 92 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. ზამთრის ოლიმპიადაზე დებიუტი ექნებათ: ნიგერიას, ეკვადორს, სინგაპურს, მალაიზიას, ერითრეასა და კოსოვოს.

ორი კორეის გაერთიანებული ნაკრები ქალთა ჰოკეიში
ორი კორეის გაერთიანებული ნაკრები ქალთა ჰოკეიში

მასპინძელი სამხრეთ კორეა თამაშებზე 121 ოლიმპიელით არის წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთ კორეა 10-ით. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, გაერთიანებული კორეის გუნდი გამოვა ქალთა ჰოკეიში, სადაც 35 ჰოკეისტიდან, 23 კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთიდან, ხოლო 12 - ჩრდილოეთიდან არის. გაერთიანებულ ჰოკეის გუნდი ოლიმპიადაზე კორეის გაერთიანების დროშით (Korean Unification Flag) წარსდგება, ხოლო ჰიმნის დროს, ორივე კორეაში პოპულარულ ხალხურ სიმღერა - Arirang-ს შეასრულებენ.

დოპინგის სისტემატური გამოყენებისა და სპორტსმენების ანალიზების სახელმწიფო დონეზე გაყალბების გამო, ზამთრის XXIII ოლიმპიადიდან დისკვალიფირებულ რუსეთს OAR-ის გუნდი (Olympic Athlete from Russia) ცვლის. სწორედ ამ სახელით - „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან“ არის 169 რუსი ოლიმპიელი დაშვებული თამაშებზე.

რუსებს ოლიმპიადაზე აკრძალული აქვთ რუსეთის ჰიმნისა და დროშის გამოყენება, ასევე გამარჯვების შემთხვევაში, გულშემატკივრებისგან ეროვნული ატრიბუტიკის მიღება. OAR-ის დელეგაცია გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური მოძრაობის დროშით წარსდგება, რომელსაც კორეელი მოხალისე დაიჭერს.

პუტინი და რუსი ოლიმპიელების ნეიტრალური ოლიმპიური ფორმა
პუტინი და რუსი ოლიმპიელების ნეიტრალური ოლიმპიური ფორმა

რუსი ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე ამბობს, რომ რუსეთმა საერთაშორისო დონეზე ბრალდებას დიპონგის მასობრივი გამოყენების თაობაზე ვერაფერი დაუპირისპირა და დამარცხდა:

მთავარი, მათ შორის არის ბრალდება, რომ რუსეთში არსებობს დოპინგის სახელმწიფო პროგრამა ФСБ-ს მონაწილეობით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ ეს არ ხდებოდა სპორტის მინისტრ მუტკოს დონეზე, ეს ხდებოდა უმაღლესს სახელმწიფო დონეზე"
ნიკოლაი სვანიძე, რუსი ჟურნალისტი

„სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენების ნაჩვენები შედეგები რამდენადმე აღემატებოდა წინა ოლიმპიადებზე ნაჩვენებ შედეგებს, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამან არსებული ეჭვები, რომ ჩვენები დოპინგს მასობრივად მოიხმარდნენ კიდევ უფრო გააძლიერა.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ძალიან ბევრი ფაქტი აქვს, რომლის უარყოფაც ვერ შევძელით. მთავარი, მათ შორის, არის ბრალდება, რომ რუსეთში არსებობს დოპინგის სახელმწიფო პროგრამა ФСБ-ს მონაწილეობით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ეს არ ხდებოდა სპორტის მინისტრ მუტკოს დონეზე, ეს ხდებოდა უმაღლესს სახელმწიფო დონეზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამას რუსეთში არავინ აღიარებს.“

XXIII ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია პიონჩანგიდან 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ვინაიდან ახალ ოლიმპიურ სტადიონს, რომელიც 35000 მაყურებელს იტევს, სახურავი არ აქვს და ღია სტადიონია, სამ საათიანი ცერემონიალის ცოცხლად ნახვა, გულშემატკივრებს ძლიერ ყინვაში მოუწევთ.

კორეული მედიის ცნობით, ჰაერის ტემპერატურა იმ დროისთვის პიონჩანგში მინუს 14 გრადუსამდე დაეცემა, იქნება ძლიერი ქარიც. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თამაშების ორგანიზატორები სტუმრებისთვის, რომელთა შორის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯეინი, იაპონიის პრემიერი შინზო აბე და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსიც იქნებიან, თბილი გადასაფარებლების, ხელთათმანებისა და ქუდების დარიგებას გეგმავენ.

პიონჩანგის ახალი ოლიმპიური სტადიონი
პიონჩანგის ახალი ოლიმპიური სტადიონი

პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონს, რომლის მშენებლობაც 109 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, სულ ოთხჯერ გამოიყენებენ - 2018 წლის თებერვალში, XXIII ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და მარტში, პარაოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიების სამასპინძლოდ. ამის შემდეგ, ოლიმპიურ სტადიონს დაანგრევენ, რადგან ძვირაღირებული სპორტული ნაგებობის შენახვის აზრს, აღმოსავლეთ კორეის მთებში მდებარე 40 ათასიან ქალაქში ვერ ხედავენ.

კობა წაქაძე, თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი
კობა წაქაძე, თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი

ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადებზე (1956-2014)
სსრკ-ს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში

1956, VII ოლიმპიადა. კორტინა დამპეცო
კობა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)

1960, VIII ოლიმპიადა. სკვო-ველი
კობა წაქაძე

1964, IX ოლიმპიადა. ინსბრუკი
კობა წაქაძე

1972, XI ოლიმპიადა. საპორო
კობა წაქაძე

საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში

1994, XVII ოლიმპიადა. ლილეჰამერი
ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო თხილამურები)
კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა)
კახა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)
ლევან აბრამიშვილი (სამთო თხილამურები)

1998, XVIII ოლიმპიადა. ნაგანო
ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო თხილამურები)
სოფო ახმეტელი (სამთო თხილამურები)
ლევან აბრამიშვილი (სამთო თხილამურები)
კახა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)

2002, XIX ოლიმპიადა. სოლტ ლეიკ სიტი
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული სრიალი)
სოფიკო ახმეტელი (სამთო თხილამურები)
რობერტ მახარაშვილი (სამთო თხილამურები)
კახა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)

2006, XX ოლიმპიადა. ტურინი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი)
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული სრიალი)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)

2010, XXI ოლიმპიადა. ვანკუვერი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი)
ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგ. ციგურაობა)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)
ჯაბა გელაშვილი (სამთო თხილამურები)
ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)

ნოდარ ქუმარიტაშვილი (ციგაობა) ტრაგიკულად დაიღუპა ოლიმპიადის გახსნამდე, საწვრთნელი დაშვებისას

ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი ბაკურიანში
ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი ბაკურიანში

2014, XXII ოლიმპიადა. სოჭი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)
ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)
ალექსი ბენიაძე(სამთო თხილამურები)

2018, XXIII ოლიმპიადა. პიონჩანგი
მორის ყვითელაშვილი (ფიგურული სრიალი)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)
ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)
გიორგი სოღოიანი (ციგაობა)

ქართველი ოლიმპიელების ასპარეზობის გრაფიკი პიონჩანგში:

  • 11.02 - გიორგი სოღოიანი (ოთხი დაშვება)
  • 12.02 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)
  • 14.02 - ნინო წიკლაური (სლალომი)
  • 16.02 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
  • 17.02 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
  • 18.02 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)
  • 22.02 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი)

Facebook Forum

XS
SM
MD
LG