ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული ფეხბურთი - 211 მილიონიანი მუდმივი წარუმატებლობა


საქართველოს ჩემპიონის "სამტრედიის" კარში აზერბაიჯანის ჩემპიონს მეხუთე გოლი გააქვს

2017-18 წლების ევროპული საკლუბო ფეხბურთი - ოთხი ქართული კლუბისთვის (სამტრედია, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“ და ბათუმის „დინამო“) პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზუსტად ერთ თვეში, დასრულდა: 8 თამაში, არცერთი მოგება, 1 ფრე, 7 წაგება, 2 გატანილი და 21 გაშვებული ბურთი.

ევროპულ სარბიელზე ქართული გუნდებისგან აქამდეც არაერთი სიმწარე გვახსოვს (1997 ბაიერი-დინამო 6:1; 1998 ცრვენა ზვეზდა-კოლხეთი 7:0, 1999 ლოკომოტივი-პაოკი 0:7, 1999 აეკ-ტორპედო 6:1, 2001 ტრუა-ვით ჯორჯია 6:0, 2004 ვით ჯორჯია-ვისლა 2:8, 2010 ვით ჯორჯია-ბანიკი 0-6, 2016 გაბალა-სამტრედია 5:1), თუმცა წლევანდელი სეზონი, მაინც „საკონტროლო გასროლად“, სრულ კრახად შეიძლება შეფასდეს.

პოლონურმა "იაგელონიამ" ბათუმის "დინამო" დაბომბა 4:0
პოლონურმა "იაგელონიამ" ბათუმის "დინამო" დაბომბა 4:0

პირველად 1993 წლიდან, ქართულმა კლუბებმა ევროპულ საკლუბო ტურნირებზე ერთი მატჩიც ვერ მოიგეს. კრიტიკას ვერ უძლებს ნაჩვენები თამაშის ხარისხიც (2017 ტრენჩინი - ტორპედო 5:1, 3:0; ყარაბაღი - სამტრედია 5:0, 1:0; იაგელონია - ბათუმი 1:0, 4:0, ალტახი-ჩიხურა 1:0, 1:1) რომელიც, მოყვარულ ფეხბურთელთა დონეს თუ შეესაბამება.

ეს შედეგები, არც მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის თებერვალში დამტკიცებული „ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში 2021 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თანხიდან, 40 მილიონ ლარზე მეტი უკვე გახარჯულია.

211 126 949 ლარი - ამდენი გვიჯდება ქართულ ფეხბურთის დაფინანსება
211 126 949 ლარი - ამდენი გვიჯდება ქართულ ფეხბურთის დაფინანსება

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ, ზოგადად, პროფესიული სპორტის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან არასწორია. ამ შემთხვევაში მთავრობა გადამხდელების ფულს პირდაპირ „წარუმატებლობაში“ ხარჯავს, სახელმწიფო პროგრამის შეფასების კრიტერიუმი კი ბუნდოვანია:

კომერციულ სისტემაში თუ რაღაცა წარმატებული არ არის, მას უბრალოდ მომხმარებელი არ ჰყავს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებაა, ეს ნიშანი არ მუშაობს. ჩემი აზრით, ამ ტიპის დაფინანსების მომხრეების და ასეთი „სახელმწიფო პროგრამების“ ავტორების ამოცანა სინამდვილეში სულაც არ არის ფეხბურთის განვითარება, მათი რეალური ამოცანა ე.წ Leader Team-ის შემოსავლების უზრუნველყოფაა“
პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი

„კომერციულ სისტემაში თუ რაღაცა წარმატებული არ არის, მას უბრალოდ მომხმარებელი არ ჰყავს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებაა, ეს ნიშანი არ მუშაობს.

სწორედ ამიტომ არის, რომ ამ წაგებული თამაშების მერე ვიღაცეები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ეს ფული საკმარისი არ არის," ამბობს შეშელიძე.

მისი თქმით, ეს არ არის მოტივი, რომელიც ფეხბურთს განავითარებს. "მეტი ფულის გამოყოფა ახლა ნიშნავს, რომ წარუმატებლობა უფრო მეტად დაფინანსდება.

ჩემი აზრით, ამ ტიპის დაფინანსების მომხრეების და ასეთი „სახელმწიფო პროგრამების“ ავტორების ამოცანა სინამდვილეში სულაც არ არის ფეხბურთის განვითარება, მათი რეალური ამოცანა ე.წ Leader Team-ის შემოსავლების უზრუნველყოფაა,“ დასძენს ის.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა „საქართველოში ფეხბურთის განვითარების“ პროგრამის დასაფინანსებად, თავდაპირველად - 265,7 მლნ ლარი გაწერა. თუმცა, 2017 წლის 1 ივნისს, მთავრობამ პროგრამიდან საფეხბურთო „ინფრატრუქტურის მოწესრიგების“ ხარჯი - 54 მილიონზე მეტი ამოადგო და პროგრამა 211 მილიონამდე შეამცირა.

სლოვაკური "ტრენჩინი" ქუთაისის "ტორპედოს" ორჯერ გადაახტა - 5:1 და 3:0
სლოვაკური "ტრენჩინი" ქუთაისის "ტორპედოს" ორჯერ გადაახტა - 5:1 და 3:0

211 მილიონიდან 2021 წლამდე - 197.6 მილიონი ლარი მხოლოდ „საფეხბურთო კლუბების საბაზისო დაფინანსებაზე, ფინანსურ სტიმულირებაზე, საპრიზო და პრემიალურ ფონდზე“ დაიხარჯება, ანუ საბიუჯეტო თანხების უდიდესი ნაწილი: ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასებზე, პრემიებზე, მგზავრობაზე, სტადიონის იჯარასა და შეკრებებზე მიდის.

მაშინ როცა „მასობრივი სახის საფეხბურთო ღონისძიებებსა“ და ქართული ფეხბურთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან - „საფეხბურთო განათლების ხელშემწყობ პროგრამებზე“ მხოლოდ 13 მილიონია გამოყოფილი.

პროგრამის „ეფექტურ განხორციელებაზე“ პასუხისმგებელი სპორტის სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია და აიპ „ფეხბურთის განვითარების ფონდია“, რომლის გამგეობაშიც სპორტის მინისტრი ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი კობიაშვილიც არიან.

რა შედეგი გვაქვს პროგრამის ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგ? ქართულ კლუბებს კვლავ არ ჰყავთ არც კერძო სპონსორები და არც მაყურებელი; სტადიონებზე ისევ არ იყიდება ბილეთები და ატრიბუტიკა; დაბალი დონის ქართული ფეხბურთი არ აინტერესებს არც ბიზნესს და არც ტელევიზიას, შესაბამისად არ არის რეკლამა და კერძო ფულის მოძრაობა.

ეროვნულ ჩემპიონატს მაყურებელი ისევ არ ჰყავს
ეროვნულ ჩემპიონატს მაყურებელი ისევ არ ჰყავს

გარანტირებულმა „სახელმწიფო დაფინანსებამ“ აჩვენა, რომ ქართული კლუბების მესვეურების უმრავლესობას ურჩევნია - თვის ბოლოს საბანკო ბარათზე ხელფასი დროულად ჩაერიცხოს ან უცხოურ შეკრებაზე მაღალი კლასის სასტუმროში იცხოვროს - ვიდრე კლუბის სტრატეგიული განვითარების გზებზე იფიქროს;

მრავალწლიანი გეგმის ნაცვლად - ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმოს და შტატები გაბეროს; კარგი უცხოელი ლეგიონერის, მენეჯერის, მწრთნელის ან სპონსორის ძებნას - ნათესავი, ახლობელი, მეზობელი და ძმაკაცი დაასაქმოს, რომელსაც ბიუჯეტის ხარჯზე, მაღალ ხელფასს დაუნიშნავს.

შეშელიძის აზრით, თავიდანვე ჩანდა, რომ მთავრობის პროექტი „პროფესიული ფეხბურთი გადამხდელების ხარჯზე“ უტოპია იყო, ბოლო ორმა წელიწადმა ეს შეხედულება კიდევ უფრო გაამყარა.

თუ ამ ჯანმრთელ ადამიანებს ჰგონიათ რომ ნამდვილად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში, მათ გარანტირებული ხელფასი კი არ უნდა ერიცხებოდეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საკუთარი ოფლით უნდა გამოიმუშავონ ეს ფული. ხომ არ შეიძლება სამსახურში შეინახო ცუდი თანამშრომელი? ხო და რატომ უნდა ვინახოთ ჩვენი ჯიბიდან ეს ადამიანები?“

„დაიხარჯა ხომ ამხელა ფული? სად არის შედეგი? არ არის შედეგი. არც ნაკრების, არც კლუბების, არც ასაკობრივების დონეზე. ჩვენ გვინდა ფეხბურთი და გვინდა ვიღაცას წავართვათ ეს ფული და ვაძლიოთ ფეხბურთელებს, რომლებსაც შედეგი არა აქვთ?! რბილად რომ ვთქვათ, ეს არ არის სწორი მოდელი," ამბობს შეშელიძე.

მისი აზრით, თანამედროვე ევროპული ფეხბურთის მისაღწევად სფერო მთლიანად კომერციული უნდა გახდეს.

"თუ ამ ჯანმრთელ ადამიანებს ჰგონიათ რომ ნამდვილად შეუძლიათ ფეხბურთის თამაში, მათ გარანტირებული ხელფასი კი არ უნდა ერიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საკუთარი ოფლით უნდა გამოიმუშავონ ეს ფული.

ფულის გამომუშავება კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია შედეგები დადონ. ხომ არ შეიძლება სამსახურში შეინახო ცუდი თანამშრომელი? ხო და რატომ უნდა ვინახოთ ჩვენი ჯიბიდან ეს ადამიანები?“

ავსტრიული "ალტახი" საჩხერის "ჩიხურაზე" გამარჯვებას ზეიმობს
ავსტრიული "ალტახი" საჩხერის "ჩიხურაზე" გამარჯვებას ზეიმობს

ევროპაში ნაჩვენები კატასტროფული შედეგის მიუხედავად, არცერთი წაგებული ქართული კლუბის პრეზიდენტს ან მთავარ მწვრთნელს თანამდებობის დატოვება არ უფიქრია.

საქართველოს ჩამპიონის „სამტრედიის“ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გუშინ აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ განადგურების შემდეგ (0-5, 0-1) სრულიად მოულოდნელად განაცხადა, რომ „ულოცავს იმ ქართველებს, რომლებსაც მისი გუნდის წაგება გაუხარდათ“.

სწორედ „იმ ქართველების“ ჯიბიდან, რომლებსაც ასე „გაუხარდათ წაგება“ ან საერთოდ არ უწყიან „სამტრედიის“ ან „ჩიხურას“ არსებობის შესახებ, თვის ბოლოს, სახელმწიფო ისევ ამოიღებს ფულს, რომ „სამტრედიის“ ენამოსწრებულ მწვრთნელს, ფეხბურთელებს და სხვა ქართული საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს ხელფასი და პრემია არ დაუგვიანდეთ.

ქართულ კლუბებზე 2017 წელს (იანვარი-ივლისი) გაცემული სახელმწიფო დაფინანსება

ხელფასზე

დინამო ბათუმი - 765875 ლარი
ტორპედო ქუთაისი 615500
საბურთალო თბილისი - 582954
დინამო თბილისი - 445000
ჩიხურა საჩხერე - 440000
დილა გორი - 415833
სამტრედია - 378986
ლოკომოტივი თბილისი - 348977
შუქურა ქობულეთი - 333125
კოლხეთი 1913 ფოთი - 286430

სამგზავრო - საქართველოში

კოლხეთი 1913 ფოთი - 49402
დინამო ბათუმი - 33970
შუქურა ქობულეთი - 26540
საბურთალო თბილისი - 13503
ტორპედო ქუთაისი - 6000
სამტრედია - 5000
ლოკომოტივი თბილისი - 164

სამგზავრო - უცხოეთში

ჩიხურა საჩხერე - 160000
ტორპედო ქუთაისი - 104931
დინამო თბილისი - 75000
დინამო ბათუმი - 54459
ლოკომოტივი თბილისი - 52697
საბურთალო თბილისი - 45929
სამტრედია - 40000
კოლხეთი 1913 - 1562

კვება

კოლხეთი 1913 ფოთი - 32780
დინამო ბათუმი - 26838
ტორპედო ქუთაისი - 23500
სამტრედია - 18000

საოფისე

საბურთალო - 42010
ლოკომოტივი თბილისი - 5223
ტორპედო - 4900
კოლხეთი 1913 ფოთი - 2515
დინამო ბათუმი - 1282

წყარო - აიპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG