ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ფეხბურთი მორიგი ავტოგოლისთვის ემზადება


ირლანდია-საქართველო
ირლანდია-საქართველო

დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის, შეიძლება საერთაშორისო დისკვალიფიკაციით დასრულდეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, სულ 5 დღე დარჩა. პარადოქსია, მაგრამ მოლოდინი, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული კრიზისი, ამ არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდება უფრო დიდია ვიდრე ის, რომ კრიზისის დაძლევის გზები გამოჩნდება.

ეს მოდელი დიდი ხანია მოგონილია მთელი მსოფლიოში, ეს არის ერთი წევრი - ერთი ხმა! დამთავრდა.
მამუკა კვარაცხელია, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი

ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: მამუკა კვარაცხელია - უეფას მედია ოფიცერი და ფედერაციის ყოფილი თანამშრომელი; ლევან კობიაშვილი - ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი - კახი კალაძე ლობირებს; ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი რეზი არველაძე. ის უკვე 12 წელია ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობს (ახალგაზრდულის მწვრთნელი, ვიცე-პრეზიდენტი, გენმდივანი) და წარმოადგენს იმ ძველ გუნდს, რომელიც ქართულ ფეხბურთს ბოლო 25 წლის მანძილზე მართავს. მმართველ კოალიციაში მხარდამჭერები არველაძესაც ჰყავს, მაგალითად, მრეწველთა პარტია.

ძირითადი ბრძოლა არველაძესა და კობიაშვილს შორის მიმდინარეობს, თუმცა, თუ ფედერაციის აღმსაკომში არსებულ სტატუს-ქვოს გავითვალისწინებთ, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ არველაძეს ბრძოლა უკვე მოგებული აქვს.

საქმე იმაშია, რომ 3 ოქტომბერს, ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, ფარული კენჭისყრით, ხმის უფლების მქონე მხოლოდ 35 დელეგატი აირჩევს. აქედან, საფეხბურთო კლუბი მხოლოდ 13-ია, მაშინ როცა საქართველოს უმაღლესს, პირველ და მეორე ლიგაში 77 კლუბი თამაშობს.

64 გუნდი ხმის გარეშეა, მათ შორის, 7 უმაღლეს ლიგელი (ჩიხურა, ბათუმი, გურია, საბურთალო, ლოკომოტივი, შუქურა, საპოვნელა). მამუკა კვარაცხელია ამბობს, რომ ეს ნონსენსია:

„ეს მოდელი დიდი ხანია მოგონილია მთელი მსოფლიოში, ეს არის ერთი წევრი - ერთი ხმა! დამთავრდა. გუნდი მონაწილეობს შენს ჩემპიონატში? მიეცი მას წევრობა ოფიციალურად, რათა ყრილობაზე ხმაც ჰქონდეს, რისიც ამათ ეშინიათ.“

დარღვევაა, როდესაც ფედერაციის თანამშრომლები, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები, კანდიდატის ნათესავები ინიშნებიან რეგიონალურ ფედერაციებში და ასევე სხვა ასოციაციებში.
ლევან კობიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი

სამაგიეროდ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხმის უფლება აქვთ, ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ რეგიონულ ფედერაციებს, რომელთა დელეგატების ნაწილი ხელფასს ფედერაციაში იღებს. ასევე საფეხბურთო ასოციაციებს, მათ შორის,„საფეხბურთო სკოლების ასოციაციას“ არჩევნებზე რეზი არველაძის ძმა, არჩილ არველაძე წარმოადგენს. ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ეს ფედერაციის წესდებისა და ეთიკის კოდექსის დარღევაა:

„დარღვევაა, როდესაც ფედერაციის თანამშრომლები, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები, კანდიდატის ნათესავები ინიშნებიან რეგიონალურ ფედერაციებში და ასევე სხვა ასოციაციებში. ესენი არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც 3 ოქტომბერს უნდა მივიდნენ და საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთონ. ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ფიფას და უეფას წესდებებს.“

წესდების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - არასამეწარმეო იურიდიული პირია, რომლის შემოსავლების ძირითადი წყარო არის: სახელმწიფოს სუბსიდირება და ფიფა-უეფადან მიღებული გრანტები. ასევე, ტელეტრანსლაციები, ბილეთების რეალიზაცია და სპონსორები.

ყოველწლიურად, უეფადან მიღებული გრანტის ოდენობა, დაახლოებით, 1 600 000 ევროა, ფიფადან - 250 000 დოლარი, ხოლო სახელმწიფო სუბსიდირება - 7 მილიონ ლარს შეადგენს. ამავდროულად, ფედერაციის წევრი და არაწევრი კლუბების 95 პროცენტზე მეტი, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება, რაც დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს წილი ფეხბურთის ფედერაციის შემოსავლებში აღემატება საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებიდან შემოსულ გრანტებს, ფიფა და უეფა მკაცრად კრძალავს სახელმწიფოს ჩარევას ფედერაციის საშინაო საქმეებში.

თავის მხრივ, სახელმწიფო ღიად აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაზრდის სუბსიდიას 7-დან 50 მილიონ ლარამდე, თუ ფედერაცია „წარსულში“ არ დარჩება. რეზი არველაძე კი ირწმუნება, რომ არჩევის შემთხვევაში, სახელმწიფოსთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება.

„გამორიცხულია, სახელმწიფომ თქვას ასეთი რამე და მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ის ამა თუ იმ სპორტის სახეობას დააფინანსებს. ასეთი რამე არის ნონსენსი.“

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყნის ნომერ პირველი სპორტი - ფეხბურთი, სერიოზულ რეგრესს განიცდის. თუ 1998 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 42-ე ადგილს იკავებდა, 2015 წლის აგვისტოში - 154 ადგილზე იყო, დღეს კი 147-ეა.

გამორიცხულია, სახელმწიფომ თქვას ასეთი რამე და მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ის ამა თუ იმ სპორტის სახეობას დააფინანსებს.
რევაზ არველაძე, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი

თუ, 1990 წელს, საქართველოში 40 000-მდე ფეხბურთელი (8-დან 38 წლამდე) იყო რეგისტრირებული, დღეს მათი რაოდენობა 17 000-მდე არის შემცირებული, რასაც ეკონომიკურ მიზეზებთან ერთად, ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურისა და საფეხბურთო სკოლების დეფიციტიც უწყობს ხელს.

მასობრიობის შემცირება ქართულ ფეხბურთში, ავტომატურად აისახა გუნდების რაოდენობასა და ეროვნული ჩემპიონატის დონეზე. წლევანდელ ევროსეზონზე, ქართულმა კლუბებმა მხოლოდ სან-მარინოს, ანდორისა და ფარერის კუნძულების კლუბებს გაუსწრეს და უეფას რეიტინგში, 54 ქვეყანაში - 51-ე ადგილი დაიკავეს.

პროფესიული ფეხბურთიდან თითქმის მთლიანად წავიდა კერძო ბიზნესი. მუნიციპალურ კლუბებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, უმრავლეს შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯება.

სპეციალისტების შეფასებით, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ეპიზოდური წარმატებები, და თბილისში, უეფას სუპერთასის მატჩის გამართვა, რითაც ფედერაციის დღევანდელი გუნდი და მათი კანდიდატი ამაყობს, საერთო სურათს ვერ ცვლის.

იმ შემთხვევაში, თუ ფედერაციის ამჟამინდელმა გუნდმა პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატი გაიყვანა, ხოლო წამყვანმა კლუბებმა (დინამო, დილა, ტორპედო, ბათუმი, კოლხეთი 1913, გურია და ა. შ) და სახელმწიფომ ეს არჩევანი არ მიიღო, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა, კრიზისი ქართულ ფეხბურთში, ჩიხში შევა, რაც, შეიძლება, ფიფასა და უეფას მხრიდან, მკაცრი სანქციების წინაპირობა გახდეს.

XS
SM
MD
LG