ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი წუთი ხმაურიან სენსაციამდე "ფურია როხასთან"


ესპანეთთან ფანტასტიკურმა მატჩმა პოლიტიკით გახლეჩილი ქართული საზოგადოება 90 წუთით გააერთიანა
ესპანეთთან ფანტასტიკურმა მატჩმა პოლიტიკით გახლეჩილი ქართული საზოგადოება 90 წუთით გააერთიანა

ფანტასტიკურმა მატჩმა, რომელიც გუშინ ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველოს ნაკრებმა აჩუქა, მთელი 90 წუთით გააერთიანა პოლიტიკით გახლეჩილი ქართული საზოგადოება.

მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონების - ესპანელების სტუმრობას თბილისში არნახული აჟიოტაჟი ახლდა. ასეთი გადაჭედილი ეროვნული სტადიონი ბოლოს 17 წლის წინ, გერმანიასთან მატჩის დროს იყო.

თუმცა, სულ სხვა იყო თავდადება, რომელიც საშუალო კლასის ფეხბურთელებით დაკომლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავებთან აჩვენა.

ქართველებმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს „ფურია როხას“, რომლის საბაზრო ღირებულება დღეისათვის, ფანტასტიური თანხა - 570 000 000 ევროა. ანუ, ესპანეთის ნაკრები 25-ჯერ უფრო „ძვირია“ საქართველოს ნაკრებზე, რომელიც სულ 22 500 000 ევრო ღირს.

ლეგენდარულმა ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს წინააღმდეგ, „ბარსელონას“ - შვიდი, მადრიდის „რეალის“ - ოთხი, ასევე „მანჩესტერ სიტის“, ლონდონის „არსენალისა“ და „ვალენსიას“ თითო ფეხბურთელი ათამაშა.

მატჩის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე, საქართველოს კარში ერთადერთი გოლი სწორედ ვალენსიელმა რობერტო სოლდადომ გაიტანა და ესპანეთს ურთულესი გამარჯვება მოუტანა. მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ იღბალზე, ვისენტე დელ ბოსკემ კი, ქართველების თავდადებაზე ისაუბრა.

თემურ ქეცბაია: „მე კმაყოფილი ვარ ბიჭებით. ყველაფერი გააკეთეს მინდორზე და ცოტა ბედი რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეს ალბათ ქულასაც ავიღებდით.“

ვისენტე დელ ბოსკე: „უპირველესად საქართველოს თავდადებას და ენთუზიაზმს გამოვარჩევ. ბევრი სირთულე შეგვიქმნეს. ბოლოს მაინც გავიტანეთ ბურთი, რამაც თამაში მოგვაგებინა და მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ.

ველოდით თუ არა ასეთ წინააღმდეგობას? ჩვენი მოვალეობაც სწორედ ესაა, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მეტოქესთან. საქართველო მედგრად იცავდა თავს და მათი ყველა ფეხბურთელი დასაფასებელია.“


მიმდინარე წელს ესპანეთს თამაში არ წაუგია. ცამეტი მატჩიდან, მათ თერთმეტი მოიგეს, აქედან ხუთი თამაში - ორი თვის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ფინალში იტალიის ნაკრები 4-0 გაანადგურეს.

ესპანური გაზეთის „მარკას“ ინფორმაციით „ფურია როხამ“ საქართველოსთან მატჩში ბურთის ფლობის ახალი რეკორდი დაამყარა - 80%-20%-თან. თუმცა, მრავლისმნახველი ესპანელი ჟურნალისტები სხვა გარემობებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მედიის დირექტორი, გასპარ როსეტი, ფედერაციის საიტზე წერს: „ესპანეთის გამარჯვება, ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული ისტორიაში, კიდევ უფრო ძვირფასია, იმ მოწინააღდეგესთან, რომელიც გგონია, რომ იმაზე პატარაა, ვიდრე ჩანს.“

ალბათ, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ სტადიონი მატჩის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში არ დაცლილა და გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს ტაშს უკრავდა, მათ შორის, იყო ესპანეთის მე-12 მოთამაშე, ლეგენდარული ვალენსიელი ფანი და მედოლე მანოლო „ელ დელ ბომბო“, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში „ფურია როხას“ თითქმის არცერთი მატჩი არ გაუცდენია.

ქართველების მიმართ კომპლიმენტები არც მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა სერხიო რამოსმა და „ვალენსიის“ ფორვარდმა რობერტო სოლდადომ დაიშურეს. საქართველოს ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო რომ იკერ კასილიასის კარში გოლი გაეტანა, აღნიშნა:

სერხიო რამოსი: „ჩვენს მთელი მატჩის განმავლობაში ტემპს და რიტმს ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, რომ გოლი რამდენჯერმე უნდა გაგვეტანა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია.

მთავარია მოვიგეთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ. ქართველებმა ნამდვილად გვანერვიულეს. ესპანეთის მთავარი მიზანია, რომ 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. დღეს ამ მიზნისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით.“

რობერტო სოლდადო: „საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბოლო წუთებში გაგვიმართლა და გოლი გავიტანეთ. მაგრამ საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და ეს აუცილებლად დასაფასებელია.“

ალექსანდრე ამისულაშვილი: „ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, გოლის გატანაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. ესპანეთს ვეთამაშეთ. ბუნებრივია, რომ სრული უპირატესობა მათ ჰქონდათ. სამწუხაროა, რომ ბოლოსკენ გავუშვით და წავაგეთ."

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისგან განსხვავებით, რომელსაც სულ ოთხი წუთი დააკლდა, რომ ხმაურიანი სენსაცია მოეხდინა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გუშინ ისტორიაში კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელი ჩაწერა.

სპორტის სასახლეში ჰოლანდიასთან გამარჯვების შემდეგ 97:89, ქართველებმა საბოლოოდ გაიფორმეს „ევრობასკეტ-2013"-ის საგზური და მოხვდნენ იმ 24 საკალათბურთო ქვეყანას შორის, რომლებიც მომავალ წელს სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

XS
SM
MD
LG