ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული ნაკრები: შეძლებს ვაისი ცხადაძის შედეგების გაუმჯობესებას?


ვლადიმერ ვაისი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 51 წლის სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი გახდა. ფეხბურთის ფედერაციამ მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ პერიოდში, ვაისი ხელფასის სახით - 480 000 აშშ დოლარს მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს და ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, ვაისს დამატებით სოლიდურ ბონუსს გადაუხდიან.

ვაისი ბოლო წლებში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სლოვაკი მწვრთნელია. 2005 წელს, მან პროვინციური, სლოვაკური კლუბი პეტრჟალკას „არტმედია“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2010 წელს, პირველად სლოვაკური ფეხბურთის ისტორიაში, სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშა. ბოლოს, ვაისი ყახაზურ „ქაირათში“ მუშაობდა, რომელიც შარშან ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გაიყვანა.

სლოვაკურის გარდა, ვლადიმერ ვაისი საუბრობს ინგლისურად, გერმანულად და რუსულად. თბილისურ პრეზენტაციაზე მან რუსულ ენაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ფულის გასაკეთებლად არ ჩამოსულა:

„მწვრთნელის ცხოვრება მარტივი არ არის, ყველაფერი დამოკიდებულია შედეგზე. მე იმედი მაქვს, რომ ერთად რამდენიმე წელი ვიმუშავებთ. მე არ ჩამოვსულვარ აქ მხოლოდ თბილისის და ეროვნული სტადიონის დასათვალიერებლად, მით უმეტეს, ფულის გასაკეთებლად, მე მოვედი წარმატების მისაღწევად და ამ მისიას მთელი პასუხისმგებლობით ვაცნობიერებ.“

საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე იანვარში დარჩა. მაშინ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასა და ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის მოხდა კონფლიქტი, კონტრაქტთან დაკავშირებით. ცხადაძემ ნაკრები 2015 წლის იანვარში, ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის დროს ჩაიბარა. მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ცხადაძის ანაზღაურება 960 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

ეროვნული ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე, ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ცხადაძეს კონტრაქტის გადახედვა და ანაზღაურების შემცირება შესთავაზა. ღია კონფლიქტის შემდეგ კი ფედერაციამ ცხადაძესთან მუშაობა აღარ ისურვა.

ლევან კობიაშვილმა ახალი მწვრთნელის წარდგენისას თქვა, რომ კახი ცხადაძესთან კონტრაქტი ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა, ხოლო ვლადიმერ ვაისსთან ის კონტრაქტი გაფორმდა, რომელზეც ცხადაძემ თავად უარი თქვა:

„პირველად ხდება, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ექნება მსგავსი ხელშეკრულება, ანუ ფიქსირებული თანხა, პლუს, შედეგზე ორიენტირებული პრემიის სისტემა. ეს აქამდე არასდროს ყოფილა. ისევე, როგორც ჩვენს მთავარ მწვრთნელს აქამდე ნაკრების დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.“

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში რიგით მეექვსე უცხოელი მწვრთნელია. ხორვატი ივო შუშაკის შემდეგ კი მეორე აღმოსავლეთ ევროპელია, რომელიც ქართველების მთავარ გუნდს გაწვრთნის.

ბოლო წლებში, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის 120-ეულის მიღმაა, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმ ღრმა კრიზისს, რომელშიც ქვეყნის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იმყოფება.

ვაისი სადებიუტო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან ერთად, 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ოფიციალური შეხვედრა კი ქართველებს 5 სექტემბერს ელით, როცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, თბილისში, ავსტრიას უმასპინძლებენ.

XS
SM
MD
LG