ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიცია რასისტული ფან-დაჯგუფების წევრებს ეძებს


სურათზე. რასისტული დაჯგუფება "ბერგმანის" წევრები, მერანისა და თბილისის დინამოს მატჩის შემდეგ, მარტვილის სტადიონზე. 9/11/2015

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი, ფან-დაჯგუფების „ბერგმანის“ წევრებს ეძებს. სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით, ამ დაჯგუფებამ გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ისინი, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში განსხვავებული რასის ადამიანებს თავს ესხმიან და სცემენ.

ვიდეოს თან ახლდა განმარტება - „ბერგმანი“ ზანგების წინააღმდეგ. „დინამოს“ ხულიგნური ფან-დაჯგუფება ხშირად აწყობს მსგავს „გაწმენდით სამუშაოებს“. ძირითად სამიზნეს წარმოადგენენ შავკანიანი ადამიანები. მაგრამ, წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქებისა და არაბების მიმართ.“

მას შემდეგ, რაც შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რასისტული დაჯგუფების წევრებმა, ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალეს (https://www.youtube.com/watch?v=U3fEf-YVlNA). დღეს კი საკუთარი ფეისბუქ გვერდიც - “Georgian Ultras” გააუქმეს.

რასისტულმა ფან ჯგუფმა სახელწოდება „ბერგმანი“ -კანადური ნაცისტული ორგანიზაციის „ჩრდილოეთის ალიანსის“ ლიდერის რაფაელ ბერგმანისა და ნაცისტური გერმანიის განსაკუთრებულ დავალებათა ბატალიონის საპატივცემულოდ აიღო. 1941-45 წლებში,Sonderverband Bergmann-ში სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ერთად, ქართველი მებრძოლებიც მრავლად იყვნენ.

საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ „ბერგმანის“ ფან დაჯგუფებას ემიჯნება. კლუბი დამატებითი განმარტების გაკეთებას არ გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ „დინამოს“ ოფიციალურ ფან კლუბს „გლადიატორები“ ჰქვია და იქ, მსგავსი პრობლემები არასოდეს ყოფილა. მით უმეტეს, რომ გუნდში, წლების მანძილზე გამოდიოდნენ და ახლაც ირიცხებიან, სხვადასხვა რასის სპორტსმენები.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ მსოფლიო სპორტში, მათ შორის ფეხბურთში, იგივე ფან კლუბებშიც, ხშირი და მწვავეა რასიზმის პრობლემა, თუმცა, მთავარი მაინც ის არის, როგორ რეაგირებს მსგავს შემთხვევებზე საზოგადოება, სახელმწიფო და კანონი.

„რა თქმა უნდა ყველა საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც რასობრივ ნიადაგზე თავის შეუწყნარებლობას გამოხატავენ, თუნდაც იგივე ფეხბურთში ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ფეხბურთელებს შორის მომდარა ამ ნიადაგზე კონფლიქტი;როდესაც, ფანებსა და ფეხბურთელს შორის მომდარა კონფლიქტი, მაგრამ მთავარი არის, ამის შემდეგ როგორ რეაგირებს საზოგადოება.

როგორ რეაგირებს სახელმწიფო. სახელმწიფო იმდენად რამდენადაც, ამ თემას აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული საყოფაცხოვრებო ნიადაგი, არამედ, თვითონ, სახელმწიფო საკანონდებლო დონეზე როგორ არეგულირებს ამ თემას, რამდენად არის ის, თითოეული ამ ადამიანის უფლებების დამცველი, იმდენად არის, ჩემი აზრით, ეს სახელმწიფო შემდგარი.“

ბოლო წლებში, საქართველოში თავი მწვავედ წამოყო, როგორც ჰომოფობიის, ისე შეუწყნარებლობის და ქსენოფობიის პრობლემამ, რაც საქართველოს, როგორც ისტორიულად მრავალეთნიკური და ტოლერანტული სახელმწიფოს იმიჯს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წელიწადში, საქართველომ ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი დაკარგა სამხედრო კონფლიქტებში, რომლებიც ნაწილობრივ ეთნიკურიც იყო. ბოლო წლების კვლევები ამ თემაზე აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების ან განსხვავებული რასის წარმომადგენლების მიმართ არ არის. ეს მაჩვენებელი სკალაზე - 0.5 დან - 0.9 პროცენტამდე მერყეობს, რაც საერთო ჯამში, ნეიტრალურ დამოკიდებულებად ფასდება.

სპეციალისტების თქმით, საზოგადოების განწყობებზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის: განათლება, ეკონომიკური მდგომარეობა და განსაკუთრებით, მიგრაცია უცხეოთიდან. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 60 000-მდე უცხოეთის მოქალაქეს, ნაწილს გამარტივებული წესით. ასევე გაიზარდა ბინადრობის და დროებითი ბინადრობის ნებართვების, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების რაოდენობა.

70-ჯერ გაიზარდა საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. თუ, 2005 წელს, ასეთი ადამიანების რაოდენობა - 23 იყო, უკვე 2014 წელს - 1617 შეადგინა.აქედან უმრავლესობა: ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან. საინტერესოა, რომ 2014 წელს, მთავრობამ ლიბერალური სავიზო პოლიტიკა გაამკაცრა, რაც სტატისტიკაზე ავტომატურად აისახა. 2015 წლის სექტემბრისთვის, თავშესაფარს საქართველოში 306 ერაყელი და 16 სირიელი ითხოვს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც ბოლო ყოველწლიურ მოხსენებაში,სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება გააკრიტიკა, ამბობს, რომ რასობრივ ნიადაგზე დანაშაულს საქართველოში ტენდენციის სახე არ აქვს.

„სიძულვილით მოტივირებული რამდენიმე დანაშაული ყოფილა, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ამას ტენდენციის სახე აქვს. რამდენიმე მსგავსი ფაქტის შესახებ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. სწორედ მაიტომ, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს, თუ რამდენად მოხდება „ბერგმანის“ ჯგუფის საქმიანობის შესწავლა შსს-ს მხრიდან.“

საქართველოს მთავარ კანონში, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ნათქვამია, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“

ეს კი იმას ნიშნავს, რომკონსტიტუცია ცალსახად კრძალავს დისკრიმინაციას რასისა და იდენტობის შემადგენელი სხვა ნიშნების საფუძველზე. თუმცა, რასობრივ ნიადაგზე ადამიანის ღირსების შემლახავი ფაქტების გახშირების მიუხედავად, კონსტიტუციის ამ მუხლების დარღვევის საფუძველზე, საქართველოში ჯერ ერთი ადამიანიც არ გასამართლებულა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG