ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

TCR: დათა ქაჯაიას სენსაციური ტრიუმფი რუსთავის ავტოდრომზე


რუსთავის ეტაპის ლიდერი, დათა ქაჯაია და მისი Alfa Romeo Giulietta

ქართველმა ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ძარიან ავტომობილებში TCR-ის (Touring Car Racing) 2017 წლის საერთაშორისო სერიის, პირველივე ეტაპზე, რომელიც პირველად საქართველოში, რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა.

33 წლის ქაჯაიასთვის, აქამდე, TCR-ში ყველაზე დიდი მიღწევა, 2016 წლის მაისში, იტალიაში, იმოლას ეტაპზე ნაჩვენები მესამე ადგილი იყო. დათა მაშინ Volkswagen Golf GTI ასპარეზობდა.

შაბათ-კვირას კი ქართველმა ნამდვილი ფურორი უკვე ახალი ავტომობოლით - Alfa Romeo Giulietta-თი მოახდინა. ქაჯაიას კარგი შედეგები ჰქონდა პრაქტიკებზე, თუმცა, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ შედარებით მცირეძრავიანი Giulietta-თი იგი კვალიფიკაციასაც მოიგებდა და პირველ რბოლასაც.

ქაჯაია ფინიშის ხაზს პირველი კვეთს
ქაჯაია ფინიშის ხაზს პირველი კვეთს

TCR-ის რუსთავის ეტაპის პირველი პოული დათა ქაჯაიამ უნგრელ ატილა ტაშს აართვა. მშობლიურ ავტოდრომზე, პირველ რბოლაში კი მეორე უნგრელ ფერენც ფიცას გადაასწრო და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

მეორე რევერსული რბოლა, სერიის წესების მიხედვით, ქაჯაიამ მე-10 პოზიციიდან დაიწყო და საბოლოოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. სამივე რბოლის (5+25+8) ქულათა ჯამით, 38 ქულით ქაჯაია TCR-ის 2017 წლის სერიის ლიდერია, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული ავტოსპორტის ისტორიაში. დათა ქაჯაია ამბობს:

ნამდვილად არ ველოდი ასეთ უეცარ წინსვლას, საკვალიფიკაციოში პირველ ადგილზე გავედი, პირველი რბოლაც მოვიგე, უბედნიერესი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქვეყანას ასეთი მხარდაჭერისთვის"

„ნამდვილად არ ველოდი ასეთ უეცარ წინსვლას, საკვალიფიკაციოში პირველ ადგილზე გავედი, პირველი რბოლაც მოვიგე, უბედნიერესი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქვეყანას ასეთი მხარდაჭერისთვის.

ვიცი, ძალიან ბევრი იშრომეს, როგორც შსს-მ, ისე რუსთავის ავტოდრომის პერსონალმა. მოხარული ვარ, რომ არ გავუცრუე მათ იმედები. შევძელი და ჩემი ქვეყნის სახელი მსოფლიოს მასშტაბით გავიტანე.“

TCR-ის გლობალური სერია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) კალენდარში სულ 3 წელია, რაც გამოჩნდა. ის მარჩელო ლოტის პირმშოა. იტალიელმა პრომოუტერმა მანამდე 9 წელი World Touring Car Championship-ის (WTCC) განვითარებას შეალია.

ლოტისა და WTCC-ის გზები 2014 წელს გაიყო. იტალიელი, მისივე თქმით, ავტოსპორტის უკიდურეს კომერციალიზაციას დაუპირისპირდა, სადაც მთავარი "მოთამაშეები" - დიდი ფული, ახალი ტექნოლოგიები და მდიდარი ავტომწარმოებლები გახდნენ.

TCR-ის სერიის პრომოუტერი მარჩელო ლოტი რუსთავში
TCR-ის სერიის პრომოუტერი მარჩელო ლოტი რუსთავში

ბოლო ორმა წელმა აჩვენა, რომ TCR-ის სერია შედგა: პორტული ავტომობილების დაბალმა ფასმა (100 000 ევროს ფარგლებში), სეზონზე ნაკლებმა საერთო დანახარჯმა და ეფექტურობის ბალანსის (BoP – Balance of Performance) შემოღებამ, რომელიც სპორტსმენებს ტრასაზე თანაბარ მდგომარეობაში აყენებს, ბევრი ცნობილი ავტობრენდი, გუნდი და მრბოლელი მიიზიდა.

2015 და 2016 წლების TCR-ის სერიები, ჯერ SEAT León-ით, შემდეგ კი Volkswagen-Golf-ით, ორჯერვე, შვეიცარიელმა პილოტმა სტეფანო კომინიმ მოიგო. მან ახალი Audi RS-3 LMS-ით რუსთავშიც იასპარეზა, თუმცა თავი ინციდენტებით უფრო დაგვამახსოვრა. კლასი კატალონიელმა პეპე ორიოლამ აჩვენა, რომელმაც რუსთავის მეორე რბოლაში იმარჯვა.

2017 წლის სერიის პირველ ქართულ ეტაპზე, სულ 16-მა მრბოლელი გამოვიდა, ისინი 11 გუნდს წარმოადგენდნენ. რუსთავის ტრასაზე, TCR-ის სერიაში დებიუტი ჰქონდა ქართულ გუნდს GE-Force-ს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და იტალიური Romeo Ferraris პატრონობენ.

დათა ქაჯაიას გარდა, „ქართული ძალის“ ღირსებას რუსთავის ავტოდრომის მეპატრონე შალვა აფხაზავა და სერბი პილოტი დუშან ბორკოვიჩი იცავენ. ქართული ეტაპის შემდეგ, GE-Force-ი 52 ქულით გუნდურ ჩათვლაში ლიდერია.

TCR-ის 2017 წლის სერიის რუსთავში გახსნით, კმაყოფილი დარჩა მარჩელო ლოტი. იტალიელი პრომოუტერის თქმით, რუსთავმა ღირსეულად ჩაანაცვლა სოჭი, რომელმაც სერიის ერთ-ერთ ეტაპს შარშან უმასპინძლა.

ამინდი არ იყო იდეალური, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ეს ძალიან მახარებს. ქართველები ქაჯაიას მთელი რბოლის მანძილზე მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. მან პირველი რბოლა მოიგო და ძალიან კარგი სტარტი აქვს მთლიანობაში. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ხალხმა და მთავრობამ ასე დაგვიჭირა მხარი“

„ამინდი არ იყო იდეალური, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ეს ძალიან მახარებს. ქართველები ქაჯაიას მთელი რბოლის მანძილზე მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. ქაჯაიამ პირველი რბოლა მოიგო და ძალიან კარგი სტარტი აქვს მთლიანობაში. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ხალხმა და მთავრობამ ასე დაგვიჭირა მხარი.“

TCR-ის გლობალური სერიის მორიგ ეტაპს, ბაჰრეინის ცნობილი საჰირის ტრასა უმასპინძლებს. სერიის ეს ეტაპი იმით არის გამორჩეული, რომ Formula 1-ის თანხლები რბოლის სტატუსი აქვს და 14-16 აპრილს, წრიულ ავტორბოლაში მსოფლიო ჩემპიონატის გრან-პრის პარალელურად გაიმართება.

TCR-ის 2017 წლის სერიის გამარჯვებულის გამოსავლენად, რუსთავის შემდეგ, კიდევ ცხრა ეტაპი და 18 რბოლა შედგება. მათგან 5 ეტაპს ევროპის (ბელგია, იტალია, ავსტრია, უნგრეთი, გერმანია), 4-ს კი აზიის (ბაჰრეინი, ტაილანდი, ჩინეთი, საემიეროები) ქვეყნები უმასპინძლებენ.

33 წლის დათა ქაჯაიასთვის, რომელსაც აქამდე TC2T კლასის ძარიან ავტომობილებში ევროპის თასი (ETCC) და ლეგენდის კლასში ევროპის სუპერთასი (ELSC) აქვს მოგებული, TCR-ის სერია გაცილებით რთული, პრესტიჟული და ამბიციური გამოწვევაა.

მარცხნიდან: ფერენც ფიცა, დათა ქაჯაია და სტეფანო კომინი
მარცხნიდან: ფერენც ფიცა, დათა ქაჯაია და სტეფანო კომინი

TCR-ის 2017 წლის სერიის პირველი ეტაპის შემდეგ

მრბოლელთა ჩათვლა

  1. დათა ქაჯაია (საქართველო) Alfa Romeo Giulietta - 38
  2. ატილა ტაში (უნგრეთი) Honda Civic – 32
  3. პეპე ორიოლა (ესპანეთი) SEAT León – 31

გუნდური ჩათვლა

  1. GE-Force (საქართველო) – 52
  2. M1RA (უნგრეთი) – 45
  3. Lukoil Craft-Bamboo Racing (ჰონგ კონგი) – 41

რუსთავის ავტოდრომი

გაიხსნა 1978 წელს, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2009-2012 წლებში

მინიჭებული აქვს FIA-ს მეორე კატეგორია

ტრასის სიგრძე - 4140 მეტრი

ბოქსი - 28

ტრიბუნა - 3, 8500 მაყურებელზე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG