ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველ წყალბურთელთა ისტორიული ტრიუმფი


ქართველები სტამბულში ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებით დასრულდა, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი, პლეი-ოფის ორ რაუნდიანი დაპირისპირება თურქეთის ნაკრებთან.

საქართველომ, 15 თებერვალს, თბილისში „ოლიმპიკის“ აუზში, მძიმე ბრძოლაში 8-4 მოუგო თურქეთს და სტამბულში 3 ბურთით დამარცხებაც აძლევდა ხელს. გაცილებით დრამატული გამოდგა 1 მარტის, განმეორებითი მატჩი, თურქეთში, ასევე „ოლიმპიკის“ აუზში, რომელიც 900-ს მაყურებელს იტევს.

საქართველოს მხარდასაჭერად სტამბულში, 100-ზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა, თურქებს კი 800-მდე ფანატი ამხნევებდა. ქართველებმა ძალიან კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ, 6:5-ს იგებდნენ კიდეც. კრიტიკული გამოდგა მესამე მეოთხედი, რომელიც ელემენტარული შეცდომების გამო - 1:4 წავაგეთ და თურქეთი 9:7 დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე, თურქეთს უკვე 12:9 მიჰყავდა და დამატებით დროში, მატჩის გადასაყვანად ერთი ბურთიღა სჭირდებოდა. თუმცა, ქართველებმა ბოლომდე გაძლეს და პირველად, ქართული წყალბურთის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ რურუა ემოციებს ვერ მალავდა:

„ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ, ძაან ემოციურად ვართ განწყობილი ეხლაც. უზარმაზარი მუხტი იყო ეს გამარჯვება ჩვენთვის. ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ოდესმე ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, როდესმე იქ მოვხვედრილიყავით და ეს ჩვენ შევძელით!“

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმაოდ რთული და გრძელი გზა განვლო. 2013 წლის აპრილში, თბილისში მოიგო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი; ივლისში, ისევ პირველი ადგილი დაიკავა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც მალტაზე გაიმართა. ნოემბერში, მესამე საკვალიფიკაციოზე, უკვე პორტუგალიაში იპირველა. ბოლო ბარიერი კი პლეი-ოფი იყო.საერთო ჯამში, ქართველებმა 15 მატჩი გამართეს, საიდანაც 12 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს (2-ჯერ ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალათ - ზ.წ).

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ლომის წილი ამ ისტორიულ წარმატებაში, ნატურალიზებულმა წყალბურთელებმა დაიდეს.
ჩერნოგორიელმა დამირ ცრეპულიამ, შესარჩევ ციკლში - 40 გოლი გაიტანა; ხორვატებმა: მარკო ელაჩამ - 28, მარკო ელეზმა - 24 და მარინო ფრანიჩევიჩმა - 21 ბურთი. კონსტანტინე გეგელაშვილმა კი 24 ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

თურქებთან ორივე მატჩში, ერთ-ერთი საუკეთესო, უბერებელი რევაზ ჩომახიძე იყო. 40 წლის(!) ვეტერანი, რომელმაც სიდნეისა და ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები რუსეთის ნაკრებს მოაპოვებინა, აქტიურ სპორტს, სწორედ საქართველოს ნაკრების დასახმარებლად დაუბრუნდა. ჩომახიძემ თურქებთან 2 გოლი გაიტანა და თავგანწირული თამაშით, მსაჯებს არაერთხელ მეტოქეც გააძევებინა.

2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რომელიც ივლისში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეროვნული ნაკრების მწვრთნელების: ვლადიმერ ისელიძისა და მონტენეგროელი იოვან პოპოვიჩის დამსახურებაა. მათ წარმოუდგენლად დიდი შრომა გასწიეს.

სტამბულში გადამწყვეტ თამაშს საქართველოს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანიც დაესწრო, რომელიც ამბობს:

„წარმოიდგინეთ, ევროპის თორმეტ საუკეთესო გუნდში მოხვდა ჩვენი ნაკრები. მე მინდა მთლიანად ქვეყანას მივულოცო, იმიტომ რომ ეს გამარჯვება ნამდვილი სასწაული იყო!“

წყალბურთი, ისევე როგორც ფეხბურთი, დიდ ბრიტანეთში დაიბადა და სპორტის ეს სახეობა საქართველოში, მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, სწორედ ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. პირველი ოფიციალური შეჯიბრი ბათუმში, წყალჯომარდობის დღესასწაულზე, 1927 წელს გამართულა.

საბჭოთა საქართველოში წყალბურთი ერთ-ერთი პოპულარული სპორტი იყო. გასული საუკუნის, 50-იან და 60-იან წლებში, თბილისის „დინამომ“, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში, ორ-ორჯერ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს სსრ-ს ნაკრების ორი მეორე ადგილი საბჭოთა ხალხების სპარდაკიადაზე, ჯერ 1956, შემდეგ კი 1979 წელს. ამ ტურნირზე, ისეთი დიდი გუნდები თამაშობდნენ, როგორებიც იუგოსლავია, უნგრეთი და რუმინეთი იყვნენ.

მსოფლიო წყალბურთის ისტორიაში, არაერთი ქართველია შესული: მათ შორის, მელბურნისა და რომის ოლიმპიადების ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი. ლეგენდარული პეტრე მშვენიერაძე; მისი შვილი - გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოსკოვის ოლიმპიადის ოქროსა და სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელია.

გივი ჩიქვანაია - რომისა და მეხიკოს ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორი. ასევე ნოდარ გვახარია, ლერი გოგოლაძე, მიხეილ გიორგაძე და რა თქმა უნდა, 2000-იან წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რევაზ ჩომახიძე,

ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია იმ ფონზე, როცა საქართველოში საერთაშორისო სტანადარტების მქონე მხოლოდ ერთი აუზია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, კარგა ხნის მანძილზე, სპორტის ეს სახეობა აბსოლუტურად ჩამკვდარი იყო. (უცნაურია, მაგრამ ქართველ წყალბურთელთა გამარჯვების მეორე დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერის საცურაო აუზმა ფინანსური კრიზისის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა - ზ.წ).

წყალბურთი გახდა მესამე გუნდური სახეობა საქართველოში, რაგბისა და კალათბურთის შემდეგ, რომელმაც ამხელა დონის, საერთაშორისო შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე გააღწია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საკვალიფიკაციო ეტაპის სტატისტიკა


ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე)
დამირ ცრეპულია - 40 გოლი
მარკო ელაჩა - 28
მარკო ელეზი - 24
კონსტანტინე გეგელაშვილი - 24
მარინო ფრანიჩევიჩი - 21
გალაქტიონ ლაითაძე - 14
ზურაბ რურუა - 14
ტატო ნიკოლეიშვილი - 13
მიხეილ ბაღათურია - 12
გიორგი ხვედელიანი - 7
ბექა ქენქაძე - 7
ბექა ქავთარაძე - 3
რევაზ ჩომახიძე - 2
ალექსანდრე ყაზახიშვილი - 1
ალექსანდრე რუსიშვილი -1
ბექა კაპანაძე
ლევან ჩიქვინიძე

მწვრთნელები:
ვლადიმერ ისელიძე
იოვან პოპოვიჩი

ევროპის ჩემპიონატი, 14-27 ივლისი, 2014
ბუდაპეშტი, უნგრეთი

უნგრეთი
სერბეთი
მონტენეგრო
იტალია
გერმანია
საბერძნეთი
საქართველო
ესპანეთი
ხორვატია
საფრანგეთი
რუმინეთი
რუსეთი
XS
SM
MD
LG