ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიგანტური კუ კიბოს და სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოს ატარებს - რუბრიკა “გალილეო”


კუ მეტსახელად "მარტოხელა ჯორჯი"
კუ მეტსახელად "მარტოხელა ჯორჯი"

მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფმა სულ რამდენიმე ხნის წინ, მეტად საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. გიგანტური კუების გენეტიკური ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მათ დაბერებისთვის დამახასიათებელი 9 მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იპოვეს, რომელიც აქამდე ასაკის მატებასთან საერთოდ არ ასოცირდებოდა.

მეცნიერებმა გიგანტური კუს გენებში რამდენიმე ისეთი გენიც აღმოაჩინეს, რომელიც კიბოს ზრდის ხელშემწყობ უჯრედებს ზღუდავს. ეს გენები გიგანტურ კუებში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ორგანიზმებში.

განსხვავება იყო იმ გენებშიც, რომელიც გიგანტური კუების ნივთიერებათა ცვლის პროცესზე ახდენენ გავლენას. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ის გენი, რომელიც თაგვების სისხლში შაქრის დონის კონტროლს აუარესებს, კუებში თავის ფუნქციას საერთოდ კარგავს.

კუებს გაცილებით მეტი აქვთ იმ გენების ასლებიც, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. შესაბამისად, მათი იმუნიტეტი შეუდარებლად ძლიერია. ვარაუდობენ, რომ ეს ყოველივე ხელს უწყობს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ერთობლივ კვლევაში რამდენიმე ქვეყნის 13 სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორისაა: იელის უნივერსიტეტი (აშშ), ოვიედოს უნივერსიტეტი (ესპანეთი), ფლანდერის უნივერსიტეტი (ავსტრალია), გალაპაგოსის ეროვნული პარკი (ეკვადორი) და ბევრი სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

მეცნიერები 100 წლის კუების გენეტიკურ ინფორმაციას დიდი ხნის მანძილზე სწავლობდნენ. მათ შორის იყო ერთ-ერთი ცნობილი კუ, მეტსახელად “მარტოხელა ჯორჯი”, რომელიც გალაპაგოსის კუნძულებზე ცხოვრობდა. მკვლევარებმა მიღებული ინფორმაცია სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, მათ შორის, ქვეწარმავლებს, თევზებს, თაგვებს და ასევე, ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას შეადარეს. განსაკუთრებით დიდი განსხვავება აღმოჩნდა იმ გენომებში, რომელიც დაბერების პროცესზე ახდენს გავლენას.

მარტოხელა ჯორჯმა თავის დროზე სახელი იმით გაითქვა, რომ ის ერთ-ერთი უნიკალური სახეობის ბოლო წარმომადგენელი იყო. როგორც მისი გენების შესწავლამ აჩვენა, ჯორჯს უნიკალური იმუნიტეტი ჰქონდა, დნმ-ს რეპარაციის (აღდგენის) გასაოცარ უნართან და კიბოსადმი ძლიერ რეზისტენტულობასთან (მდგრადობასთან) ერთად.

კუ 2012 წელს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, რითაც მკვლევარებს ახალი აღმოჩენების გაკეთებისკენ გაუხსნა გზა. “მარტოხელა ჯორჯი კვლავ გაკვეთილს გვიტარებს” - ამბობს ადალგისა კაკონი, იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიის და ევოლუციური ბიოლოგიის უფროსი მკვლევარი, რომელიც ნაშრომის ერთ-ერთი წამყვანი ავტორია. ის კუნძულ გალაპაგოსზე კუების გენეტიკის და ევოლუციის შესწავლას 2010 წლიდან მოყოლებული აგრძელებს.

კაკონის კოლეგა ოვიედოს უნივერსიტეტიდან კარლოს ლოპეს-ოტინი ამბობს, რომ მათ ზემოთ ხსენებული, დაბერების 9 კრიტერიუმი უფრო ადრე იპოვეს. მაგრამ შემდეგ, ამ კლასიფიკაციით 500 გენი შეისწავლეს და აღმოაჩინეს საინტერესო ვარიაციები, რომელთაგან 6 კუებზე ახდენს გავლენას. ამ ყოველივემ, ლოპეს-ოტინის თქმით, “დაბერების პროცესის კვლევაში სრულიად ახალი ჰორიზონტები გახსნა”.

აღმოჩენილი თვისებების ნაწილი სხვა კუებშიც იპოვეს, მაგრამ იყო ისეთებიც, რომელიც მხოლოდ გიგანტური კუებისთვის არის დამახასიათებელი. გიგანტური კუები ხომ ისედაც საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრობენ. კუების სიცოცხლის ხანგრძლივობა დედამიწაზე მცხოვრებ ხერხემლიან ცხოველებში დღეს ყველაზე მაღალია.

კუები, რომელთა გენეტიკაც შეისწავლეს, მეტ-ნაკლებად იზოლირებულ კუნძულებზე სახლობენ. შესაბამისად, ისინი ბევრი სხვადასხვა ჯიშის მტაცებლებისგან უფრო არიან დაცულები, ვიდრე სხვები. მკვლევარებს აშფოთებთ ის, რომ კლიმატური ცვლილებები მათ ბუნებრივ გარემოს და ეკოსისტემებს ახალ, სერიოზულ გამოწვევებს უქმნის.

მარტოხელა ჯორჯის გენეტიკურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ის შესაძლოა თავისი სახეობის ბოლო წარმომადგენელი არც იყოს. აღნიშნული ნაშრომის ავტორებმა ჯორჯის ახლო ნათესავებსაც მიაკვლიეს, რომელთაც მსგავსი ცილოვანი სტრუქტურები აქვთ და შემდგომი კვლევებისთვის შესაძლოა მდიდარ მასალას წარმოადგენდნენ.

ნაშრომი 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის “ნეიჩერ” ეკოლოგიის და ევოლუციის განყოფილებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG