ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უარყოფით ახალ ამბებს ინტერნეტში გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს - 2 კვლევა


სირიელი ლტოლვილები ხორვატიაში. 2015 წ.
სირიელი ლტოლვილები ხორვატიაში. 2015 წ.

ონლაინ მედიის შესახებ ამ უახლესი სამეცნიერო კვლევის გამოქვეყნებას, ერთი საინტერესო ინციდენტი უძღოდა წინ, რაც არანაკლებ საინტერესო და პარადოქსულია. ამასთან, ეს ფაქტი ავტორთა დასკვნებს კიდევ უფრო მეტ სანდოობას ანიჭებს. ამიტომ, კვლევის მიმოხილვას დღეს მისი გამოქვეყნების პრეისტორიით დავიწყებთ.

როცა შვეიცარელმა მეცნიერმა, ტექნოლოგიების და ეკონომიკის სპეციალისტმა შტეფან ფიურიგალმა თავის გუნდთან ერთად, ნაშრომი გამოსაქვეყნებლად ჟურნალ „ნეიჩერს“ წარუდგინა, რედაქციისგან უჩვეულო პასუხი მიიღო. მას აცნობეს, რომ ანალოგიური კვლევა იმავდროულად მათთან წარადგინა ამერიკელი ფსიქოლოგის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერის, ჯეი ვან ბეიველის ფგუფმა.

პლაგიატობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ასე დაემთხვა, რომ ორი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა - ფსიქოლოგების და კომპიუტერული ტექნოლოგიების ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა, ანალიზისთვის შეარჩია ერთი და იგივე საჯარო მონაცემთა ბაზა ვებგვერდიდან Upworthy.com. ამის შემდეგ, მეცნიერებმა ერთი და იგივე კითხვაზე პასუხის გაცემით მიზნით, დაიწყეს მუშაობა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. მართალია, ისინი საკითხს სრულიად განსხვავებული მეთოდოლოგიებით იკვლევდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბოლოო ჯამში მათ გააკეთეს თითქმის იდენტური დასკვნები. და ბოლოს, ნაშრომები გამოსაქვეყნებლად 3 დღის ინტერვალით, ერთსა და იმავე სამეცნიერო ჟურნალს გაუგზავნეს.

კონკურენციის ნაცვლად, მეცნიერებმა გამომცემლების რჩევა გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, თავისი კვლევები გაეერთიანებინათ. ასე მოხდა სოციალური და კოგნიტური ფსიქოლოგიის გუნდის კვლევის შერწყმა კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტების ჯგუფის კვლევასთან და ერთობლივი ნაშრომის გამოქვეყნება, რომელმაც დღის სინათლე ჟურნალ „ნეიჩერის“ გვერდებზე 16 მარტს იხილა. ნაშრომის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი კოლაბორაცია ერთეულ შემთხვევად არ დარჩება.

ნაშრომის სათაური Negativity Drives Online News Consumption, ასე შეიძლება ითარგმნოს: ნეგატიურობა ონლაინ ახალი ამბების მოხმარებას ზრდის, ან: უარყოფითი ამბები ინტერნეტში მეტ მომხმარებელს იზიდავს. გამოდის, რომ უარყოფითი ხასიათის ჟურნალისტურ მასალებს ონლაინ მეტად კითხულობენ, ან უყურებენ. თუკი სათაურებში უარყოფითი კონოტაციის მატარებელი სიტყვებია, გამოცემას მეტი შანსი აქვს, რომ ის მასალა გახსნან, როგორც ამბობენ - მასზე ‘დააწკაპუნონ’, ‘დააკლიკონ’.

თანამედროვე რეალობაში დღის სიახლეებს მილიონობით ადამიანი ონლაინ იღებს. ამერიკელების უკვე 89% ახალი ამბების გარკვეულ ნაწილს მაინც ინტერნეტით ეცნობა. რაც დრო გადის, ამ ტიპის მომხმარებელს ახალი ამბებისთვის სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და შესაბამისად, ყოველდღიურად არამარტო მოცულობაში კითხულობს ნაკლებს, არამედ - რაოდენობის მხრივაც ნაკლებ სიახლეს ეცნობა. ზოგჯერ ეს დრო დღეში და ზოგჯერ თვეშიც კი, სულ რამდენიმე წუთზე დადის. შესაბამისად, ონლაინ მედიაში მკითხველის ლიმიტირებული ყურადღების მოპოვებისთვის, მკაცრი კონკურენციაა.

დასავლურ მედიაში დასაქმებულ ავტორებს ხშირად საგანგებო ტრეინინგებს უტარებენ იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ სათაურებში დრამატული სიტყვები, განსაკუთრებით - ზმნები, ეცადონ წინადადებაში ის რაც შეიძლება წინ გადმოწიონ, რომ მკითხველი როგორმე უფრო სწრაფად და მეტად დააინტერესონ. ძალიან ხშირად, სწორედ ასეთ სათაურებს მოაქვს ე.წ. კლიკები/დაწკაპუნება, რაც ზოგან ფინანსურ ინტერესებსაც უკავშირდება.

ის, რომ ადამიანი ცუდ ინფორმაციაზე უფრო მწვავედ რეაგირებს, არც მედია-ინდუსტრიაშია სიახლე და არც ფსიქოლოგიაში. კარგი ინტუიციის მქონე ჟურნალისტი ამას კვლევის გარეშე, საკუთარი გამოცდილებით, მოკლე დროში ხვდება. წლამდე ასაკის ბავშვიც კი უარყოფით სტიმულს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე დადებითს. კვლევების მიხედვით, სოციალური მედიის ზოგ პლატფორმაზე ადამიანები მეტად აზიარებენ ისეთ მასალებს, რომლებიც მათ ბრაზს იწვევს, ვიდრე იმას, რაც მათ მოსწონთ და ახარებთ. შემთხვევითი არ იყო ის, რომ „ფეისბუქმა“ წლების წინ შემოიღო ბრაზის გამომხატველი გრაფიკული გამოსახულება, ე.წ. ემოჯი.

დავუბრუნდეთ ნაშრომს. კვლევა, რომელზეც დღეს „გალილეოში“ ვსაუბრობთ, კონტროლირებულია. ერთი და იმავე შინაარსის, ახალი ამბების შემცველი დაახლოებით 105 000 მასალა, ვებგვერდზე Upworthy.com სხვადასხვა სათაურებით გამოქვეყნდა. ე.წ. ჰედლაინების ერთ ნაწილში დადებითი კონოტაციის მატარებელი სიტყვები იყო, მეორე ნაწილში კი - უარყოფითი.

გადაწყვეტილება მკითხველებმა თავად მიიღეს. ისინი რეალური, ყოველდღიური მომხმარებლები იყვნენ და არა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ჯგუფები. ეს უპირატესობაც არის და რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, გარკვეულ ლიმიტებსაც შეიცავს. კერძოდ - იმ მიმართულებით, თუ რამდენად შეიძლება Upworthy-ს, კონკრეტული ვებგვერდის მკითხველებში მიღებული მონაცემების ინტერნეტ-მომხმარებელთა გაცილებით ფართო ჯგუფებზე განზოგადება. ნაშრომში არ კონკრეტდება შედეგები ასაკის, სქესის, სოციალური ჯგუფის, რასობრივი ნიშნით და სხვა პარამეტრებით.

ორი დამოუკიდებელი კვლევის ავტორებს ამ ეტაპზე მხოლოდ ის აინტერესებდათ, თუ რამდენად მოქმედებს სათაურებში გამოყენებული ტერმინები და მათი რაოდენობა მასალის წაკითხვის სურვილზე.

საბოლოო ჯამში, კვლევის შედეგების მიხედვით, როგორც უკვე ითქვა, დადებით სიტყვებს ონლაინ მკითხველებში გაცილებით ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე უარყოფითს. ერთი და იმავე მასალებს ინტერნეტში გაცილებით მეტი ხსნიდა და კითხულობდა, თუ სათაურში იყო ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „სიძულვილი“, ან „ყველაზე უარესი“. მკითხველები ნაკლებად ინტერესდებოდნენ, თუ ახალი ამბები შეიცავდა სიტყვებს: „სიყვარული“, ან „საუკეთესო“.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უარყოფითი სიტყვები ახალი ამბების სათაურებში ზრდის მოხმარების მონაცემებს (და დადებითი სიტყვები ამცირებს მოხმარების მონაცემებს). საშუალო სიგრძის სათაურში, ყოველი დამატებითი უარყოფითი სიტყვა მასალის გახსნის მაჩვენებელს 2.3%-ით ზრდის“ - წერენ ავტორები. უარყოფითი სიტყვების ნიმუშებს შორისაა: გაუპატიურება, განადგურება, სიყალბე, წარმოუდგენელი, ტკივილი, მახინჯი, დაკარგული, სულელური, მტკივნეული, შემაშფოთებელი. დადებითი კონოტაციისთვის კი იყენებდნენ: მშვენიერი, გამორჩეული, მხარდაჭერა, სიცილი, მხიარულება და მსგავს სიტყვებს.

თუმცა, ტერმინოლოგიას რაც შეეხება, ორ პარალელურ კვლევაში არანაკლებ საინტერესო ნიუანსები დაფიქსირდა, რაც მეცნიერების აზრით, შემდგომ შესწავლას საჭიროებს. მაგალითად, მკითხველებს სათაურებში გაცილებით მოსწონდათ „სევდის“ შემცველი სხვადასხვა ვარიაცია, მაგრამ არა - „შიშის“. ასეა თუ ისე, ამ ნაშრომის მიხედვით, ერთი რამ დეტალურად შესწავლის და ღრმად გააზრების გარეშეც შეიძლება ითქვას: უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვებით შექმნილი სათაური ონლაინ გამოცემებში სავარაუდოდ ყურადღებას მეტად იპყრობს, მაგრამ მკითხველს ყველა უარყოფითი სიტყვა ერთნაირად არ იზიდავს.

კვლევისგან დამოუკიდებლად, ცალკე განხილვის საგანია: პასუხობს თუ არა ამ პრინციპით დასათაურებული მასალა სათაურით შექმნილ მოლოდინს? რამდენად შეესაბამება სიმართლეს მოცემული სათაური? აკურატულია თუ არა ის? ონლაინ მედია-საშუალებების იმ ნაწილს, ვისთვისაც ამ ე.წ. კლიკის/დაწკაპუნების მონაცემი მთავარი პრიორიტეტი ხდება, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებს. ეს კი ჟურნალისტიკის და ჟურნალისტების მიმართ ხშირად უნდობლობის აზვირთების მორიგი საბაბი ხდება, რაც საბოლოო ჯამში არამარტო მედიას აზარალებს, არამედ დილემას მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის ქმნის.

ნაშრომის უფრო დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალის „ნეიჩერ“ ვებგვერდზე. ავტორების განცხადებით, მათი ნაშრომების დაფინანსების მხრივ, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG