ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჭარბი ცხიმის კავშირი თავის ტვინის ატროფიასთან და დემენციის რისკებთან - რუბრიკაში "გალილეო"


ავსტრალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი პირველები არიან, ვინც შეისწავლა ადამიანის სხეულის ჭარბი ცხიმის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უშუალოდ თავის ტვინის რუხ ნივთიერებასთან. კვლევამ აჩვენა, რომ სხეულზე რაც უფრო ჭარბადაა ანთებითი ცხიმოვანი ქსოვილი, მით მეტია თავის ტვინის ატროფიის შანსი რუხ ნივთიერებაში და ტვინის სიჯანსაღეს მეტი რისკი ადგება. შესაბამისად, იზრდება როგორც ინსულტების, ისე დემენციის რისკები.

სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში მეცნიერებმა მენდელიანური რანდომიზაციის მეთოდით ბრიტანეთის ბიობანკის 226 000 ინდივიდის მონაცემები შეისწავლეს. მეცნიერთა დასკვნის მიხედვით, 37-დან 73 წლამდე ადამიანებში თავის ტვინის რუხი ნივთიერება 0.3 პროცენტით იკლებდა ყოველ 1 კგ/მ2-ზე, რაც საშუალო სიმაღლის ადამიანისთვის დაახლოებით ზედმეტ 3 კილოგრამს უდრის.

რუხი ნივთიერება ტვინის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ქმნის ტვინის ქერქს და ნათხემის გარეგან შრეს. ის აკონტროლებს მოძრაობის აქტებს, კუნთების აქტივობას, სწავლას, ყურადღებას, მეხსიერებას...

სიმსუქნე კი მთელ მსოფლიოში მზარდი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც მაღალი პრევალენტობის/გავრცელების გამო, გადატანითი მნიშვნელობით, პანდემიასაც კი უწოდებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ ხუთ ზრდასრულ ადამიანში, სულ ცოტა, ერთს ჭარბი წონა აღენიშნება. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ჭარბი წონა მსოფლიოში 1.9 მილიარდ ადამიანს ჰქონდა და აქედან 650 მილიონს სიმსუქნე აღენიშნებოდა. თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონაცემები მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

ჭარბი წონა და სიმსუქნე სხეულის მასის ინდექსის (BMI) გამოთვლით ხდება. ფორმულა ასე გამოიყურება: BMI = kg/m2, სადაც kg არის ადამიანის წონა კილოგრამებში და m2 არის კვადრატში აღებული მისი სიმაღლე მეტრებში. ჯანმო სხეულის მასის ინდექსის მიხედვით ჭარბ წონას და სიმსუქნეს ზრდასრულებში შემდეგნაირად განსაზღვრავს:

  • ჭარბი წონა არის 25 BMI ან უფრო მეტი
  • სიმსუქნე არის 30 BMI ან უფრო მეტი

დავუბრუნდეთ კვლევას. მისი ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, ექიმი ანვარ მულუგეტა ამბობს, რომ მათი აღმოჩენა ემატება სიმსუქნის და ჭარბი წონის დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემების მთელ სიას. მისი თქმით, „სიმსუქნე გენეტიკურად კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც გამოიხატება სხეულის ცხიმის დიდ მოცულობაში. ის უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, მე-2 ტიპის დიაბეტს, თუ ქრონიკულ ანთებებს (დემენციის მერკერს). სიმსუქნის დაავადება ავსრალიის ეკონომიკას ყოველწლიურად 8.6 მილიარდი დოლარი უჯდება“.

მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საუბარია უმეტესად აბდომინალურ ჭარბ ცხიმზე, ანუ მუცლის არეში დაგროვილ გაცხიმოვნებაზე. კვლევის თანაავტორის, პროფესორ ელინა ჰიპონენის თქმით, თუნდაც ნორმალური წონის ადამიანისთვის, ჭარბი წონა მუცლის არეში შესაძლოა შემაშფოთებელი იყოს“.

ამ საკითხის უკეთ განმარტება და დაზუსტება ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე წარმოშობით ქართველ თერაპევტს, მარი ლიპარტიას ვთხოვეთ. ის მასაჩუსეტსის შტატში შინაგან სნეულებათა და სიმსუქნის მედიცინის მიმართულებით აკრედიტებული ექიმია, ასევე - დამფუძნებელი და დირექტორი სამედიცინო ცენტრის „ნუმეო მედიქალ“ (NUMEO Medical).

მარი ლიპარტია
მარი ლიპარტია

მარი ამბობს, რომ სიმსუქნე ზოგადად კომპლექსური, მულტიფაქტორული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვება და მეტაბოლური პროცესების დარღვევა. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), ეს იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ სად ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება.

მისი განმარტებით, „შინაგანი ორგანოების და წელის გარშემო დაგროვილი ცხიმოვანი ქსოვილი ბევრად უფრო ანთებითია, ვიდრე კანქვეშ დაგროვილი ცხიმოვან ქსოვილი და დაკავშირებულია მეტაბოლული პროცესების/ცვლის დარღვევასთან. როგორც წესი, ასეთი ცენტრალური, ანუ აბდომინალური სიმსუქნე ასოცირებულია ბევრ დაავადებასთან როგორიცაა: გულსისხლძარღვთა ათეროგენური დაავადება, მე-2 ტიპის დიაბეტი, ღვიძლის გაცხიმოვნება, სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნე, არტერული ჰიპერტენზია, ართრიტი, მეტაბოლური სინდრომი და სხვა.

სიმსუქნე ასევე აღმოჩნდა კოვიდ-19-ის დაავადების გართულებების რისკ-ფაქტორი. ანუ, პაციენტებს რომლებსაც აღენიშნებოდათ ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე, ჰქონდათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული გართულებების უფრო დიდი ალბათობა“.

მარი ლიპარტია ამბობს, რომ უკვე წლებია, რაც მეცნიერები დემენციას სწორედ ამ ცენტრალურ, აბდომინალურ სიმსუქნეს უკავშირებენ. ერთ-ერთი საინტერესო კვლევა ამ მიმართულებით სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ 2014 წელს გამოქვეყნდა. მეტიც, კიდევ უფრო ადრე, 2008 წელს, ალცჰაიმერის დემენციას მეცნიერებმა მე-3 ტიპის დიაბეტიც კი უწოდეს.

„რა უნდა იყოს ამის მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი, არის სწორედ ცხიმოვანი ქსოვილის ანთებითი ხასიათი. ცხიმოვანი ქსოვილი და განსაკუთრებით ცენტრალური (ორგანოების და მუცლის გარშემო), ჭარბი რაოდენობით გამოყოფს ადიპოკინებს. ადიპოკინები ანთებითი ჰორმონებია და გავლენას ახდენს სისტემურ ანთებით პროცესებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში რაღაც ხარისხით ქრონიკული ანთებაა სიმსუქნის დროს რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ყველა ორგანოზე, მათ შორის - თავის ტვინზე“.

მარის თქმით, გენეტიკა მართალია დიდ როლს თამაშობს, მაგრამ სიმსუქნის და ჭარბი წონის პრევენცია შესაძლებელია. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების წესს, დიაბეტის კონტროლს, სწორ კვებას, თუ ფიზიკურ აქტივობას.

მარი აქვე გვთხოვს, შევეცადოთ, არასდროს ვთქვათ, რომ ადამიანი მსუქანია. მისი განმარტებით, ეს დაავადებაა და მსგავსი გამონათქვამები ადამიანთა ავადმყოფობის ნიშნით სტიგმატიზებას უწყობს ხელს. უნდა ვთქვათ, რომ მას სიმსუქნე, ან ჭარბი წონა აქვს/აღენიშნება. ჩვენ ხომ არასდროს ვამბობთ, რომ ადამიანი კიბოა, ინფარქტია, ან დიაბეტია.

დაინტერესებულთათვის, ავსტრალიელ მეცნიერთა ნაშრომის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „დაბერების ნეირობიოლოგია“ (Neurobiology of Aging). კვლევა ივნისის გამოცემაში გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ანვარ მულუგეტა, ამანდა ლუმსდენი და ელინა ჰიპონენი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG