ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავშვებში ფსიქიკურ აშლილობებს ჰაერის დაბინძურებას უკავშირებენ - რუბრიკა „გალილეო“


25 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა მცირე ხნითაც კი, ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს ზრდის. იმ დღეებში, როცა დაბინძურება იზრდება, შფოთვითი აშლილობების და დეპრესიის ინციდენტებიც მატულობს და იზრდება სასწრაფო დახმარების გამოძახების, თუ ექიმთან კლინიკაში ვიზიტების რიცხვი.

ცინცინატის უნივერსიტეტის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის ექიმები პაციენტებს 5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. ისინი ჰაერის ერთ კონკრეტულ დამბინძურებელს სწავლობდნენ, სახელად პი-ემ 2.5, ინგლისურად ის ასე აღინიშნება: PM2.5. მისი მიკროსკოპული ნაწილაკების დიამეტრი 2.5 მიკრომეტრზე მცირეა (მიკრომეტრი მილიმეტრის მეათასედი ნაწილია).

ეს მიკროსკოპული დამაბინძურებელი ჰაერით შედის ფილტვებში, აღწევს სხვადასხვა ორგანოებში და სისხლის ნაკადში. პი-ემ 2.5-ს შეუძლია ანთებების, გაღიზიანებების, თუ რესპირატორული პრობლემების გამოწვევა. დამბინძურებელთან ხანგრძლივმა ყოფნამ შესაძლოა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგალითად - ინფარქტი - გამოიწვიოს.

პი-ემ 2.5-ის უსაფრთხო რაოდენობა დადგენილი არ არის. როცა საუბარია მის მოკლევადიან შესუნთქვაზე, იგულისხმება საათები და დღეები. დამბინძურებელთან გრძელვადიანი შეხება კი თვეებს და წლებს გულისხმობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, პი-ემ 2.5 გარემოში ხვდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გზით. ძირითადად მისი წყაროა შიდა წვის ძრავების გამონაბოლქვი, როგორც დიზელის, ასევე ბენზინის. ის ქვანახშირის წვის შედეგადაც გამოიყოფა და თან ახლავს სხვა ინდუსტრიულ პროცესებს, როგორიცაა მშენებლობა, მაღაროების დამუშავება, ცემენტის წარმოება, აგურის წარმოება და ა.შ.

განსაკუთრებით მაღალია პი-ემ 2.5-ის კონცენტრაცია გზების გასწვრივ, რადგან საწვავის წვის გარდა, ის ასფალტის ეროზიის, მუხრუჭების და საბურავების ცვეთის შედეგადაც გამოიყოფა. მტვერი მისი გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გარემოა, იმდენად, რომ დამბინძურებელს შეუძლია საჰარის უდაბნოდან სამხრეთ ევროპაში ჩააღწიოს.

დავუბრუნდეთ კვლევას. პი-ემ 2.5-ის კავშირი ზრდასრულთა ფსიქიკური აშლილობის პრობლემებთან აქამდეც შესწავლილი და დადასტურებული იყო. მეცნიერებს ამჯერად აინტერესებდათ ამ დამბინძურებლის კავშირი ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან.

ცინცინატის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ განყოფილებაში, 5 წლის მანძილზე აღრიცხავდნენ პაციენტების ვიზიტებს. შემდეგ სპეციალისტები ამოწმებდნენ პი-ემ 2.5-ის კონცენტრაციას მათ საცხოვრებელ ადგილებში. ძალიან მალე მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დამბინძურებლის კონცენტრაციის მატების დროს, მომდევნო დღეებშივე იზრდებოდა ფსიქიატრიულ განყოფილებაში ექიმებთან ვიზიტების რაოდენობა.

პი-ემ 2.5-ის კონცენტრაციის მატების პირველ დღეებში ვიზიტები უფრო შიზოფრენიასთან იყო კავშირში. მომდევნო დღეებში კი ხშირდებოდა დეპრესიის მქონე პაციენტების ვიზიტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბოლო დროს მეტად ფიქრობდნენ თვითმკვლელობაზე. ასევე იზრდებოდა შფოთვითი აშლილობების მქონე პაციენტების ვიზიტების რაოდენობა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაბალშემოსავლიან ოჯახებში ბავშვები ჰაერის დაბინძურების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან და პი-ემ 2.5-ის კონცენტრაცია მათ ჯანმრთელობაზე უფრო დიდ უარყოფით გავლენას ახდენს.

ბავშვებში და მოზარდებში ჰაერის დაბინძურების კავშირზე ფსიქიკურ პრობლემებთან, აქამდე გამოქვეყნებულ არაერთ ნაშრომში იყო საუბარი. ერთ-ერთი ბოლო კვლევის ავტორები ბრიტანეთში მდებარე ქინგსის კოლეჯის მეცნიერები არიან. მათი ნაშრომი მარტში ჯერ კოლეჯის გვერდზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი სამეცნიერო ჟურნალ „ჯამას“ ფსიქიატრიულ ნაწილში დაიბეჭდა.

მართალია, ეს კვლევა არ ეხებოდა კონკრეტულად პი-ემ 2.5-ს, მაგრამ ადასტურებდა აზოტის ოქსიდებით დაბინძურების კავშირს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, კონკრეტულად - ფსიქოზთან. აზოტის ოქსიდების მაღალი კონცენტრაციაც საგზაო მოძრაობას და შიდა წვის ძრავების გამონაბოლქვს უკავშირდება.

ცინცინატის უნივერსიტეტის კვლევის დეტალური გაცნობა შესაძლებელია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე. მისი ავტორები არიან: ქოულ ბროკემპი, ჯეფრი სტროუნი, ენდრიუ ბექი და პატრიკ რაიანი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG