ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ამბობს მეცნიერება მედიტაციაზე - რუბრიკა „გალილეო“


მედიტაცია ლონდონის ფინანსურ ცენტრში. 21 მაისი, 2019
მედიტაცია ლონდონის ფინანსურ ცენტრში. 21 მაისი, 2019

ადამიანები, რომლებიც მედიტაციას მიმართავენ, უფრო ფოკუსირებულები არიან და შეცდომებს ნაკლებად უშვებენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთაც ამ ტიპის ყველაზე დიდი მოცულობის კვლევა ჩაატარეს. ნაშრომი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალის Brain Sciences (ტვინის მეცნიერებები) მე-9 ნომერში.

კვლევაში საუბარია მხოლოდ ერთი ტიპის მედიტაციაზე, რომელსაც უწოდებენ ღია მონიტოტინგის მედიტაციას. ის ასევე ცნობილია, როგორც გააზრების, გაცნობიერების მედიტაცია, რომლის დროსაც ხდება კონცენტრირება საკუთარი გრძნობების, შეგრძნებების და ფიქრების გაცნობიერებაზე და აწმყოს - გარე სამყაროს რეალურ გააზრებაზე.

„ჩემთვის გასაოცარი იყო ის, რომ შევძელით დაგვენახა, თუ რა ცვლილებას ახდენს მართული მედიტაცია ადამიანთა ტვინის აქტივობაზე მათთან შედარებით, ვისაც მედიტაცია არ გაუვლია“ - ამბობს ფსიქოლოგი ჯეფ ლინი, სამეცნიერო შრომის თანაავტორი. მისი განმარტებით, მედიტაციის სხვადასხვა ფორმას ადამიანზე სხვადასხვა ტიპის ნეიროფსიქიკური გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, ეს მიმართულება ჯერჯერობით ნაკლებადაა შესწავლილი.

„მედიტაციის ზოგიერთი ფორმა გაიძულებს კონცენტრირებას ერთ საგანზე, ხშირად საკუთარ სუნთქვაზე. თუმცა, ღია მონიტორინგის მედიტაცია ცოტა განსხვავებულია“ - ამბობს ჯეფ ლინი. „ის გაიძულებს ღრმად ჩაიხედო საკუთარ თავში, მიაქციო ყურადღება ყველაფერს, რაც ხდება შენს სხეულში და სულში. მიზანია, იჯდე ჩუმად და გულისყურით მოუსმინო, თუ სად მოგზაურობს შენი გონება, თანაც ისე, რომ სცენამ ძალიან არ გაგიტაცოს“.

თანაავტორებთან - უილიამ ეკერლი, ჯეისონ მოსერი და ლინგ პენგი - ერთად, ჯეფ ლინმა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, 200-ზე მეტი ადამიანი მიიწვია, რომელთაც მედიტაცია აქამდე არასდროს უცდიათ. მონაწილეები ღია მონიტორინგის მედიტაციაში ავარჯიშეს და შემდეგ კომპიუტერიზებულ ტესტებს უტარებდნენ გონების გაფანტულობის შესამოწმებლად.

მეცნიერები დაკვირვების ობიექტთა ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფის საშუალებით სწავლობდნენ. მათი თქმით, ელექტროენცეფალოგრამა ტვინის აქტივობებს მილიწამების დონეზე ზომავს, რაც ანგარიშის დროს, მაქსიმალური სიზუსტის დაცვის საშუალებას იძლევა. დაკვირვების შედეგად ისიც გაირკვა, რომ ერთჯერადი მედიტაცია გავლენას არ ახდენს და არაეფექტურია, მაგრამ სისტემატურმა მედიტაციამ განსხვავებები დააფიქსირა.

ნაშრომის ავტორები მომდევნო კვლევისთვის გაცილებით უფრო დიდ ჯგუფთან მუშაობას გეგმავენ. მათი სურვილია, დაკვირვება სხვადასხვა ტიპის მედიტაციის ზემოქმედებაზეც მოხდეს. ყველაზე მეტად კი მეცნირებს აინტერესებთ ის კონკრეტული მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მედიტაცია ადამიანებზე ზემოქმედებს.

ზოგადად, მედიტაცია შეერთებულ შტატებში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ამას დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი და ბევრი სხვა კომპეტენტური ორგანიზაცია ადასტურებს.

თუ 2012 წელს მედიტაციას ამერიკელი ზრდასრულების 4.1 პროცენტი მიმართავდა, 2017 წელს გამოკითხვების მიხედვით, მათი რაოდენობა სულ ცოტა, გასამმაგდა და 14.2% შეადგინა. ახალგაზრდებს შორის განსაკუთრებით პოპულარული გახდა მედიტაციის სატელეფონო აპლიკაციები, რომლებიც მათთვის გაცილებით ხელმისაწვდომია.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი მედიტაციას განმარტავს, როგორც გონების და სხეულის ვარჯიშს, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს და რომელიც ადამიანს სულიერ სიმშვიდეში, ფიზიკურ რელაქსაციაში და ქცევის კონტროლში ეხმარება. მედიტაცია აუმჯობესებს ფიზიოლოგიურ ბალანსს, ზოგად ჯანმრთელობას და გუნება-განწყობას.

თუმცა, მედიტაციის ფორმები განსხვავდება და ზოგჯერ თვითონ ფორმებშიც არის სხვადასხვა ტიპის მედიტაცია. თითქმის ყველას აერთიანებს 4 ელემენტი. ესენია: 1. მშვიდი გარემო. 2. კომფორტული პოზა (ჯდომა, წოლა, სიარული, ცურვა...) 3. ყურადღების კონცენტრაცია (სუნთქვით, სიტყვით, საგნით, შეგრძნებით...) 4. გახსნილობა, მიმღებლობა (ხელისშემშლელ მომენტებს იღებ და ატარებ შეფასებების და განკიცხვის გარეშე).

ის ფორმა, რომელზეც ამ სტატიის დასაწყისში იყო საუბარი, განსაკუთრებით პოპულარულია. ღია მონიტორინგის მედიტაციის დროს ადამიანი ჯდება კომფორტულად, მაქსიმალურად ფოკუსირდება სწორ სუნთქვაზე. შემდეგ კი კონცენტრირდება აწმყოზე და ცდილობს არ გაჰყვეს ფიქრებს წარსულში, ან მომავალში.

ამ ტიპის მედიტაციაზე ადრე ჩატარებული მასშტაბური კვლევები ადასტურებს, რომ მას შეუძლია დადებითი გავლენა ჰქონდეს პაციენტებზე და გაუადვილოს ადამიანს ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავება, შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, ქრონიკული ტკივილების თმენა, დაურეგულიროს წნევა და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ნაშრომი 2014 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში „ჯამა“. მასში 47 კლინიკური გამოცდის შედეგებია შეჯამებული, რომელშიც 3 515 ადამიანი მონაწილეობდა.

ღია მონიტორინგის მედიტაცია ორი ტიპისაა: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი ღია მონიტორინგის მედიტაცია ფოკუსირდება ფიქრებზე, ემოციებზე, მოგონებებზე, ვიზუალიზაციაზე და ასე შემდეგ. გარეგანი კი კონცენტრირდება ხმებზე, სუნებზე, ფერებზე, ანუ ადამიანის ახლომდებარე გარემოს სხვადასხვაგვარ აღქმაზე.

ორივე ემსახურება იმას, რომ ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთარ ფსიქიკურ პროცესებს, გონების, ფიქრების და ემოციების ერთგვარ მოგზაურობას, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს მის ორგანიზმზე. სპეციალისტების აზრით, შეცნობის, გააზრების ეს პროცესი ყოველგვარი შეფასებების, რეაქციების და მითუმეტეს - განკიცხვის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.

მედიტაციის სხვა ფორმებსაც აქვს იგივე ნიშნები, თუმცა მეტ-ნაკლები განსხვავებებით. ზოგან მეტი აქცენტია ყურადღების კონცენტრაციაზე და დისციპლინაზე, ზოგან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ვიბრაციაზე, ფიზიკურ შეხებაზე, სიმღერაზე, თუ სხვა ბგერებზე და ა.შ.

ღია მონიტორინგის (გააზრების, გაცნობიერების) მედიტაციის გარდა, ასევე ცნობილი ფორმებია: სულიერი მედიტაცია, ფოკუსირების მედიტაცია, მოძრაობის მედიტაცია, მანტრის (ლოცვის) მედიტაცია, იოგის მედიტაცია, ტრანსცენდენტური მედიტაცია, სიყვარულის და სიკეთის მედიტაცია, სუნთქვის მედიტაცია, ზენის მედიტაცია, კუნდალინის მედიტაცია, ვიპასანის მედიტაცია, ხმით მედიტაცია, ჩაკრის მედიტაცია და სხვა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG