ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუიციდის სტატისტიკა ახალ თაობებში ძალიან გაიზარდა - რუბრიკა „გალილეო“.


2007 წლიდან მოყოლებული, სუიციდის შემთხვევები 10-დან 24 წლამდე ამერიკელებში თანდათან იზრდებოდა. 2013 წლამდე, ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში, თვითმკვლელობის ინციდენტების ზრდამ წელიწადში საშუალოდ 3% შეადგინა, 2013 წლის შემდეგ კი ყოველ წელს 7 პროცენტით იზრდებოდა.

საერთო ჯამში, თვითმკვლელობის რაოდენობა 2007-2017 წლებში 56%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება 10-დან 14 წლამდე ბავშვებში. ამ ჯგუფში სუიციდის შემთხვევები გასამმაგდა. 15-დან 19 წლამდე ასაკში კი, ზრდამ 76% შეადგინა.

უახლესი კვლევის შედეგები ოქტომბერში გამოქვეყნდა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე. კვლევაში შეჯამებული მონაცემების მიხედვით, სუიციდი 2017 წელს, 10-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანებში, სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზი იყო.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ ამერიკელების ახალ თაობებში, რომელთაც Z თაობას ეძახიან, უკვე სახეზეა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ შექმნილი ჯანდაცვის კრიზისი. მილენიალებად წოდებულ, მათ წინა თაობაშიც (23-38 წლამდე), მძიმე დეპრესიის შემთხვევები 2014 წლიდან 47%-ით იყო გაზრდილი.

ცოტა ხნით ადრე, ზაფხულში, პიუს კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს, მოზარდების 13%-ში ფიქსირდებოდა მძიმე დეპრესიის ერთი, ან მეტი ეპიზოდი. ვითარება განსაკუთრებით მძიმე იყო მოზარდ გოგონებში, რადგან მათ შორის დეპრესიის ეპიზოდები სამჯერ უფრო მეტი ალბათობით აღინიშნებოდა.

პიუმ 12-დან 17 წლამდე ასაკის გოგონები გამოკითხა. ყოველ ხუთში ერთი, ანუ 2.4 მილიონი გოგო ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მძიმე დეპრესიის ერთი შემთხვევა მაინც ჰქონდა. ამ დროს, ბიჭებში იგივეს მხოლოდ 7% ადასტურებს, დაახლოებით 845 000 ადამიანი.

2007 წლიდან 2017 წლამდე მოზარდებში დეპრესიის შემთხვევები 56%-ით გაიზარდა. გოგონებში ზრდა უფრო სწრაფადაც ხდებოდა, 66%-ით, ვიდრე ბიჭებში (44%). პიუს კვლევის მიხედვით, დეპრესიის ეპიზოდები ზრდასრულებშიც გახშირებულია. თუმცა, გაცილებით ნაკლებად - დროის იმავე ინტერვალში მარტო 7 პროცენტით გაიზარდა. ქალებში ზრდამ 9% შეადგინა, კაცებში კი - 5%.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდას, განსაკუთრებით ე.წ. Z თაობაში, ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ინტერნეტის და სოციალური ქსელების მოხმარების ზრდის ფაქტორზე. პიუს კვლევის მიხედვით, თინეიჯერების 45 პროცენტი გამუდმებით იყენებს ინტერნეტს, რაც კვლევების მიხედვით, ხშირად უკავშირდება დეპრესიას და შფოთვით აშლილობებს.

მართალია სუიციდის და ფსიქიკური აშლილობის კავშირი დიდი ხნის დადასტურებულია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, თვითმკვლელობა ხშირად ძალიან იმპულსურადაც ხდება, სტრესის, ემოციური კრიზისის გამო. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ფინანსური პრობლემები, ძალადობა, დისკრიმინაცია, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება, შეყვარებულთან დაცილება, ქრონიკული ტკივილები და ა.შ. ჯერჯერობით ყველაზე დიდ რისკფაქტორად წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა რჩება.

სუიციდის შემთხვევების ზრდის ტენდენციის მხრივ, ამერიკა დანარჩენი მსოფლიოსგან არ გამოირჩევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თვითმკვლელობა 2016 წელს, 15-დან 29 წლამდე ადამიანებში სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზი იყო. სუიციდის შემთხვევების 79% დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფიქსირდება. ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს შორის ორგანიზაციაში ასახელებენ პესტიციდების მიღებას, ჩამოხრჩობას და ცეცხლსასროლ იარაღს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე წელიწადში დაახლოებით 800 000 ადამიანი იკლავს თავს. ამასთან, თითოეულ სუიციდზე, საშუალოდ 20-ზე მეტი თვითმკვლელობის მცდელობა მოდის.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო წლების დინამიკაზე ინფორმაცია არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემთა ბაზა ძალიან მწირია სათანადო დასკვნების გასაკეთებლად.

ერთადერთი, რაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შესწავლილი სუიციდის შემთხვევებში თვალშისაცემია, არის ის, რომ თვითმკვლელობა ქალებში უფრო მეტად ხდება, ვიდრე კაცებში. 2008 წელთან შედარებით, 2018 წელს ქალებში და გოგონებში თვითმკვლელობათა რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო კაცებში და ბიჭებში 3.5-ჯერ გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სუიციდის პრევენცია შესაძლებელია. ამისთვის გაცილებით მეტი უნდა კეთდებოდეს ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დონეზე. პირველ რიგში, კი აუცილებელია მთავარი გამოწვევების - სტერეოტიპების და ტაბუს - დაძლევა.

სუიციდის პრევენციის აპრობირებულ მეთოდებს შორის სახელდება:

  • საშუალებებზე ხელმისაწვდომობის შემცირება (პესტიციდები, იარაღი, გარკვეული მედიკამენტები)
  • მედიაში შემთხვევების პასუხისმგებლობით გაშუქება
  • ინტერვენცია სკოლებში
  • ალკოჰოლის მოხმარებისადმი პოლიტიკის შეცვლა
  • ნივთიერებაზე დამოკიდებულების და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების დროული იდენტიფიკაცია, მკურნალობა და მოვლა
  • ჯანდაცვის სისტემის არასამედიცინო პერსონალის წვრთნა სუიციდური ქცევის შეფასებაში და მის მართვაში
  • სუიციდის მცდელობის შემდეგ, პაციენტის შემდგომი მკურნალობა და მოვლა

სუიციდი კომპლექსური პრობლემაა და მისი პრევენცია საზოგადოების ბევრი სექტორის კოორდინაციას და თანამშრომლობას მოითხოვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, ეს სექტორებია: ჯანდაცვა, განათლება, მედია, პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, კანონმდებლობა და სასამართლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG