ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის 10 მთავარი საფრთხე 2019-ში - რუბრიკა “გალილეო”


მსოფლიო ჯანდაცვა კვლავ აღმოჩნდა ძველი გამოწვევების წინაშე და ხშირად უწევს ბრძოლა ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან, რომელთა პრევენცია ვაქცინაციით ძალიან ეფექტურად შეიძლება. სხვა პრობლემებთან ერთად, განსაკუთრებით გაიზარდა გარემოს დაბინძურების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც გლობალურ ჯანდაცვას არანაკლებ ტვირთად აწვება.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საფრთხეებთან გამკლავების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი, 5-წლიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა (13th General Programme of Work), რომელიც 2019 წელს დაიწყება და 2023 წლის ბოლომდე გასტანს. გეგმის მიზანია, შემდეგ 5 წელიწადში, საყოველთაო ჯანდაცვაზე მილიარდით მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი, მილიარდით მეტი იყოს უზრუნველყოფილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით და დამატებით მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს.

2019 წელს, გლობალური ჯანდაცვის წამყვან პრობლემებს შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 10 მთავარ საფრთხეს გამოყოფს და მათკენ მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების ყურადღების მიპყრობას ითხოვს.

1. გარემოს დაბინძურება და კლიმატური ცვლილებები

ყოველი 10-დან 9 ადამიანი ყოველდღიურად დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავარ დამბინძურებლად ძრავის გამონაბოლქვს თვლის, რომელიც ჰაერში სატრანსპორტო საშუალებებდან გამოიყოფა, ასევე - ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის საწარმოებიდან და შინ გამოყენებული მყარი, თხევადი, თუ აირის საწვავის ქურებიდან.

ეს სახელმწიფოთა ჯანდაცვის სისტემებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რაც დედამიწაზე ყოველწლიურად საშუალოდ 7 მილიონ ადამიანს კლავს. სიკვდილიანობის 90% მოდის დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე, ძირითადად - განვითარებად ქვეყნებზე.

ადამიანი გამონაბოლქვის სახით, მიკროსკოპული ზომის, თვალით უხილავ საწამლავს შეისუნთქვს. ტოქსინები შემდეგ ორგანიზმში ცირკულირებს და აზიანებს ფილტვებს, თავის ტვინს, გულს და იწვევს კიბოს, ინსულტს, ინფარქტს, თუ სხვა მაღალი რისკის შემცველ დაავადებებს.

ჰაერის დაბინძურება კლიმატურ ცვლილებებზეც უარყოფით გავლენას ახდენს, უფრო ინტენსიურს ხდის მას, რაც ასევე მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშით, კლიმატური ცვლილებები და გლობალური დათბობა ადამიანებში მალნუტრიციით, მალარიით და დიარეით (ფაღარათით), დამატებით მსხვერპლს გამოიწვევს.

2. არაგადამდები დაავადებები

გლობალური ჯანდაცვის მეორე წამყვანი საფრთხე არაგადამდები დაავადებებია, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ ჯგუფის რისკი ჯამში ყველაზე მაღალია. ის იწვევს ყოველწლიურად 41 მილიონი ადამიანის სიკვდილს, ანუ - სიკვდილიანობის 70 პროცენტზეა პასუხისმგებელი.

აქ შედის 15 მილიონი ადამიანიც, რომელიც ნაადრევად, 30-დან 69 წლამდე ასაკში იღუპება. ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევების უმეტესი ნაწილიც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის.

ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, გადამწყვეტ როლს აქ 5 მთავარი რისკ-ფაქტორი თამაშობს:

  • თამბაქოს მოწევა
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • არაჯანსაღი კვება
  • ჰაერის დაბინძურება

3. ვირუსული გრიპის (ინფლუენზა) გლობალური პანდემია

მსოფლიო ვირუსული გრიპის მორიგი პანდემიის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, უცნობია მისი სავარაუდო გავრცელების დრო და სიმწვავე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვირუსების ცირკულაციაზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, რათა სეზონური აცრებისთვის პოტენციური შტამები გამოავლინოს. ამ პროცესში 114 ქვეყნის 153 ორგანიზაციაა ჩართული. ამის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოსცემს რეკომენდაციას, თუ რომელი შტამები ჩართონ მომდევნო სეზონის ვაქცინაციის პროცესში.

4. სუსტი და მგრძნობიარე გარემო

მსოფლიოს მოსახლეობის 22% ისეთ ადგილებში სახლობს, სადაც ბუნებრივი პირობები და სუსტი ჯანდაცვა მათ სიცოცხლეს მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებს. იქ როგორც წესი, ჯანდაცვის სისტემა სუსტია, იმუნიზაცია მინიმუმზეა დაყვანილი და ადამიანები ხშირად ელემენტარულ საჭიროებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობის გარეშე რჩებიან.

ამ შემთხვევაში, საუბარია 1.6 მილიარდ ადამიანზე. ისინი ისეთ გეოგრაფიულ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ხშირია გვალვა, კონფლიქტები, იძულებითი მიგრაცია და ა.შ. მსგავსი გარემო მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია შექმნილი.

5. ანტიმიკრობული რეზისტენტობა

ანტიბიოტიკების, ანტივირუსული მედიკამენტების და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნა თანამედროვე მედიცინის უდიდეს მიღწევად ითვლება. თუმცა, მათი ეფექტურობის ვადა თანდათან იწურება. ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის ბაქტერიის, პარაზიტის, ვირუსის უნარი, წინ აღუდგეს სამედიცინო პრეპარატებს და მათ მიმართ მდგრადობა გამოიმუშაოს.

პრე-ანტიბიოტიკურ ხანაში დაბრუნების საფრთხე რეალური ხდება, ანუ იმ დროში, როცა ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი, სალმონელა და სხვა მსგავსი დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ტუბერკულოზის მიმართ რეზისტენტობა უკვე სერიოზული პრობლემაა და ეს ფაქტი ყოველწლიურად, დაახლოებით 600 ათას პაციენტში ფიქსირდება.

წამლების მიმართ რეზისტენტობის (მდგრადობის) გამომუშავებას ხელს უწყობს ანტიმიკრობული პრეპარატების საჭიროების გარეშე, ჭარბად, ან არადანიშნულებისამებრ (წამლის დროზე ადრე შეწყვეტა, არასაკმარისი დოზა, სიხშირე...) გამოყენება. პრობლემას აღრმავებს მეფრინველეობაში, მეცხოველეობაში და თევზეულში ანტიბიოტიკების გამოყენებაც, რაც საბოლოო ჯამში, საკვების სახით, ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

6. ებოლა და სხვა საშიში პათოგენები

2018 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ორი აფეთქება მოხდა. ის დიდ ქალაქებში გავრცელდა და დროის მცირე ინტერვალში, მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა. ერთ-ერთი პროვინცია, სადაც ხალხი დაინფიცირდა, აქტიური კონფლიქტის ზონას წარმოადგენდა და იქ ებოლას მართვა გაცილებით რთული გახდა.

გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი პათოგენების გავრცელების შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონტექსტს. გარეუბნებში და მეჩხერად დასახლებულ რეგიონებში მომხდარი ებოლას აფეთქების მართვის გამოცდილება თვისობრივად განსხვავებულია დიდ ქალაქებში და კონფლიქტურ ზონებში მომხდარი ეპიდემიისგან.

7. სუსტი პირველადი ჯანდაცვა

როცა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, ჯანდაცვის სისტემასთან მისი პირველი შეხება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების საშუალებით ხდება. იდეალურ შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის სისტემას უნდა შეეძლოს საჭირო და ხელმისაწვდომი, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დაფუძნებული მომსახურებით უზრუნველყოფა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.

თუმცა, ბევრ სახელმწიფოს ადეკვატური პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნაზე ხელი ჯერჯერობით არ მიუწვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2019 წელს მაქსიმალურად გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას და პარტნიორებთან ერთად, შეეცდება მდგომარეობის შეძლებისდაგვარად გამოსწორებას.

8. აცრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა

ვაქცინაციაზე უარის თქმა უკუჩვენების გარეშე, მაშინ როცა აცრები ხელმისაწვდომია, მედიცინის განვითარებაში მიღწეული პროგრესის რეგრესით ჩანაცვლების საშიშროებას ქმნის. მედიცინაში იმუნიზაცია მთელი რიგი დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, იაფი და იოლი საშუალებაა.

დღეს აცრების საშუალებით, ყოველწლიურად 2-3 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება. ადამიანები ნებაყოფლობით რომ არ ამბობდნენ უარს აცრებზე და იმუნიზაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, დაღუპვას დამატებით 1.5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა.

გასულ წელს, წითელას შემთხვევებმა გლობალურად 30 პროცენტით მოიმატა. მიზეზი ხშირად კომპლექსურია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, მთელ რიგ ქვეყნებში, დაავადებათა გავრცელების ინტენსივობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია აცრებზე უარის თქმამ. იმუნიზაციისგან თავშეკავებასაც ბევრნაირი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსასწორებლად, მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას და სანდო ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას, უდიდესი დადებითი გავლენა აქვს.

9. დენგეს ცხელება

დენგეს ინფექცია კოღოს საშუალებით გადადის. ის ცხელების მაგვარი სიმპტომებით ხასიათდება და დაავადებულთა 20 პროცენტს კლავს. 2018 წელს დენგეს ცხელების დაახლოებით 390 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადების რისკი განსაკუთრებით იზრდება წვიმიან სეზონზე და ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბანგლადეში და ინდოეთი. გასული წელი განსაკუთრებით მსხვერპლიანი იყო ბანგლადეშისთვის, სადაც ბოლო 20 წელიწადში ინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. 2018 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ დენგეს ცხელება გავრცელდა ნეპალშიც, ქვეყანაში, რომლისთვისაც მსგავსი დაავადება აქამდე უცხო იყო.

10. აივ-ინფექცია

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცობრიობამ ბოლო წლების მანძილზე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, იქნება ეს ტესტირება, ანტირეტროვირუსული მკურნალობა, თუ პრევენციული ზომების გატარება. ამჟამად მკურნალობას გადის აივ-ინფექციით დაავადებული 22 მილიონი ადამიანი.

თუმცა, აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა შორის, წელიწადში მაინც მილიონამდე ადამიანი იღუპება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 70 მილიონზე მეტი დაავადებულიდან თითქმის ნახევარი გარდაიცვალა, დაახლოებით 37 მილიონი კი ცოცხალია.

დაავადებულებისთვის გამოწვევად რჩება იმ ჯგუფების სტიგმატიზაცია, რომელიც ინფიცირების მეტი რისკის ქვეშაა და რაც მათ ზოგჯერ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს. საუბარია სექს-მუშაკებზე, ჰომოსექსუალებზე, ან ტრანსგენდერებზე. მაღალი რისკის ქვეშ არიან სუბ-საჰარის რეგიონში მცხოვრები 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებიც.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG