ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების სიაში წითელას გამო მოხვდა - რუბრიკა “გალილეო”


იმ 7 ევროპულ ქვეყანას შორის, სადაც წითელას შემთხვევები წელს ყველაზე მეტად გაიზარდა, საქართველო მესამე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევა ერთ მილიონ მოსახლეზე, სერბეთში დაფიქსირდა, შემდეგ უკრაინა მოდის. საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.

ორგანიზაცია 53 ქვეყნისგან შემდგარ ევროპულ რეგიონში ამგვარ ზრდას „დრამატულს“ უწოდებს და აი რატომ: 2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში თითქმის 8-ჯერ მეტი წითელას შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე მაგალითად, მთელი 2016 წლის მანძილზე. სულ კონტინენტზე წლის პირველ ნახევარში 41 000 ინფიცირების ფაქტი აღირიცხა. 2016 წელს კი, მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 5 273 იყო.

რაოდენობრივად, წელს ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, 23 000 უკრაინაშია. წითელას გამო სიკვდილის ფაქტი შვიდივე ქვეყანაში დაფიქსირდა. სიკვდილიანობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სერბეთს ჰქონდა, იქ 14 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის სპეციალისტების აზრით, წითელას შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად აცრების წარმატება და ეფექტურობაა. დაავადება იმდენად აღმოიფხვრა, რომ ადამიანები წითელას ისეთ დიდ რისკად ვეღარ აღიქვამენ. ისინი ან აღარ იცრებიან, ან დაუდევრობით, ან უცოდინრობით, ვაქცინის მეორე და აუცილებელ დოზას ტოვებენ.

წითელა რიგითი დაავადება არ არის. მას ძალიან სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს - გვაფრთხილებს ექიმი, იმუნოლოგი ენტონი ფაუჩი. ის შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.

წითელა ლეტალური, ანუ მომაკვდინებელიც შეიძლება იყოს. წელს ევროპაში, მარტო პირველი 6 თვის მანძილზე, ამ დაავადებით 37 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ, ახალგაზრდა მშობელს, რომელმაც შვილი უნდა აცრას, ზოგიერთი ტელეარხით, ინტერნეტით, ბეჭდვითი, თუ სოციალური მედიით, დამაბნეველი და დამაფრთხობელი ინფორმაცია მისდის, თითქოს აცრა ბავშვებში აუტიზმს იწვევდეს.

სინამდვილეში, წითელას ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა - ამბობს ექიმი დრაგან იანკოვიჩი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ოფიცერი ევროპის ოფისში. მას ჩვენ კოპენჰაგენში “სკაიპის” საშუალებით დავუკავშირდით.

ექიმი დრაგან იანკოვიჩი
ექიმი დრაგან იანკოვიჩი

“წითელას ვაქცინას უკვე 50 წელია ვიყენებთ. ის ნაშრომი, რომელიც წითელას ვაქცინის შემცველ აცრას აუტიზმს უკავშირებდა, ყალბი იყო. კვლევის ავტორი გაასამართლეს კიდეც და მან ექიმის ლიცენზია დაკარგა იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობდა. ყველა კვლევა, რომელიც ნებისმიერ ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუტში ტარდება, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, დასავლეთ ევროპა იქნება ეს თუ შეერთებული შტატები, ადასტურებს, რომ აცრას და აუტიზმს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ მოწმე ვართ იმის, რომ მოსახლეობის ნაწილს ამ დეზინფორმაციის ისევ სჯერა. საუბედუროდ, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ლობისტები ხალხში შიშის გავრცელებას ამ კვლევაზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ ახერხებენ” - ამბობს ექიმი.

აცრების საწინააღმდეგო ერთგვარი აქტივიზმი არცერთი ქვეყნისთვის არ არის უცხო, მათ შორის არც შეერთებული შტატებისთვის. მე ვიტყოდი, რომ შეერთებულ შტატებში [დაავადების გავრცელებაზე] მთელი პასუხისმგებლობა თითქმის ექსკლუზიურად აცრების საწინააღმდეგო კამპანიის მონაწილეებს ეკისრება. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას და მითებს აცრების აუტიზმთან კავშირის შესახებ, რაც სრული სიცრუეა. მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება” - აღნიშნავს ამერიკელი პედიატრი პეტსი სტინჩფილდი.

პედიატრის თქმით, შეერთებულ შტატებში წითელა თითქმის 20 წელია აღმოფხვრილია, თუმცა დაავადების გავრცელება ინფიცირებული ადამიანის შტატებში ჩამოსვლით ხანდახან მაინც ხდება. მინესოტის შტატში, სადაც პეტსი სტინჩფილდი ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობს, წითელას გავრცელება 1990 წლის შემდეგ აღარ მომხდარა, მაგრამ გასულ წელს, მოულოდნელად 78 ადამიანს დაემართა. მათ მესამედს გართულებების გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

წითელას სიმპტომები ძალიან ჰგავს ვირუსულ გრიპს. სურდო, ცემინება, ხველება... ამასთან, წითელა ძალიან სწრაფად ვრცელდება. აცრილი თუ არ ხართ, ან წითელა გადატანილი არ გაქვთ, ინფიცირებული ადამიანისგან გადადების შანსი თითქმის 90 პროცენტია. ხშირად ამისთვის ერთი დაცემინება, ან დახველებაც კი საკმარისია. თანაც, ეს ყოველივე მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ხდება, სანამ კანზე გამონაყარი გამოჩნდება და დიაგნოზი დაისმება. ყველაფერთნ ერთად, წითელას ვირუსი საკმაოდ გამძლეა, ნივთების ზედაპირზე ის საათობით ცოცხლობს.

ძალიან გადამდებია, ბავშვები, რომელთაც წითელა ემართებათ, ძლიერ ავად ხდებიან. ეს ძალიან სერიოზული დაავადებაა“ - ამბობს ამერიკელი პედიატრი ჰოუფ სკოტი. ის გვირჩევს ბავშები ერთი წლის ასაკიდან ავცრათ.

წითელას პრევენცია, ანუ დაავადებისგან დაცვა, მისთვის თავის არიდება, ორი აცრით ხდება. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვის პირველი აცრა სასურველია მას შემდეგ გაკეთდეს, რაც ის ერთი წლის გახდება. მეორე აცრა კი 4-6 წლის ასაკშია რეკომენდირებული. აცრის ორი რაუნდი ბავშვს წითელასგან 97-პროცენტიანი დაცულობის გარანტიას აძლევს.

რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მხოლოდ აუცილებელი აცრების რეკომენდაციას აძლევს, განსაზღვრულ ასაკში და სხვადასხვა ინტერვალით - ამბობს ექიმი დრაგან იანკოვიჩი. საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი აცრა უნდა ჩათვალოს სავალდებულოდ.

“დიახ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სკოლაში შესვლის წინ შემოწმდეს, აცრილია თუ არა ბავშვი. ამ შემთხვევაში, რაკი წითელაზე ვსაუბრობთ, სასურველია, სწავლის დაწყებამდე შემოწმდეს, აქვს თუ არა მას ორივე აცრა გაკეთებული. ის, ვინც არ არის სკოლამდე აცრილი, უნდა აიცრას” - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. დრაგან იანკოვიჩის ინფორმაციით, საქართველოში აქტიურად განიხილება სავალდებულო აცრების შემოღების და საჭირო რეგულაციების მომზადების აუცილებლობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ მიუღია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG