ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიცინისთვის ამ ეტაპზე ზუსტად არც აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამომწვევი მიზეზებია ცნობილი და არც მთავარი რისკ-ფაქტორები. თუმცა, სულ ახლახან, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, მეცნიერებმა აუტიზმის რისკების შემცირების ერთ-ერთ გზას მიაგნეს.

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ორსული ქალების და მათი ოჯახების გენეტიკას, ჯანმრთელობას, თუ ცხოვრების წესს სწავლობდა და ცდილობდა ეპოვა კავშირი შვილებში აღმოჩენილი აუტიზმის სპექტრის აშლილობებთან. მაგრამ, დღემდე არსებული მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.

2018 წლის დასაწყისში სამეცნიერო ჟურნალ “ჯამაში” გამოქვეყნებული კვლევა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მასშტაბურია და მისი შემაჯამებელი დასკვნებიც - გაცილებით მნიშვნელოვანი. კვლევის ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, ამცირებდა თუ არა აუტიზმის რისკს ორსულობამდე და ორსულობაში მულტივიტამინის (ვიტამინების ნაკრების) და ფოლიუმის მჟავის (B-9 ვიტამინი) მიღება.

ჰაიფას უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროფესორ სტივენ ლევინის ხელმძღვანელობით, ისრაელში 2003-2007 წლებში დაბადებული 45 300 ბავშვის და მათი დედების მონაცემები, 2015 წლის ჩათვლით შეისწავლეს. 26 702 დედის 45 300 შვილს შორის აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი 572 ბავშვს დაუსვეს.

დასკვნა: იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობამდე და/ან ორსულობის დროს ვიტამინებს იღებდნენ, აუტიზმის დიაგნოზის შანსი უფრო ნაკლები იყო ვიდრე მათ შორის, ვინც არც მანამდე და არც ორსულობის დროს ვიტამინებს არ იღებდა. შესაბამისად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მულტივიტამინის და ფოლიუმის მჟავის ორსულობამდე, ან სულ ცოტა, ორსულობის დროს მიღება, შვილებში აუტიზმის სპექტრის აშლილობის რისკს ამცირებს. როდესაც მულტივიტამინზეა საუბარი, იგულისხმება ნაკრები, რომელშიც სულ ცოტა, A, B, C და D ვიტამინები შედის.

ოპონენტებს დასკვნის სიმტკიცეში ეჭვი შეაქვთ, რადგან იმ მშობლების შვილებს შორის, ვინც ორსულობაში ვიტამინებს იღებდა, გოგონებში აუტიზმის დიაგნოზი მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე ბიჭებში, ისევე როგორც ეს მეორე ჯგუფის ბავშვებში და ზოგადად, აუტიზმის შემთხვევებში ფიქსირდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ საბოლოო დასკვნის გამოსატანად დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი.

ნიშანდობლივია, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევის დასკვნები ემთხვევა რამდენიმე ადრეული ნაშრომის შედეგებს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო არასაკმარისად დამაჯერებლად ითვლება. მათ შორის სახელდება: 2016 წელს გამოქვეყნებული ბრიტანელი მეცნიერების კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ არსებობს კორელაცია ორსულ ქალებში D ვიტამინის ნაკლებობას და ბავშვებში აუტიზმის რისკს შორის. ასევე - ნორვეგიელი მეცნიერების კვლევა, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა და ასკვნიდა, რომ არსებობდა პირდაპირი კავშირი ორსულობაში B-9 ვიტამინის (ფოლიუმის მჟავის) დეფიციტს და ბავშვებში აუტიზმის სპექტრის აშლილობის გაზრდილ რისკს შორის.

კვლევის ავტორები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს და პოლიტიკურ ლიდერებს შედეგების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, ორსულებისთვის მულტივიტამინის და ფოლიუმის მჟავის მიღება სტანდარტულ პროცედურად დამტკიცდეს. მითუმეტეს, რომ მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში ეს სტანდარტი დიდი ხანია დამკვიდრებულია.

ნაშრომის დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია 3 იანვარს გამოქვეყნებულ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში “ჯამა”. ინგლისურ ენაზე: JAMA - The Journal of The American Medical Association.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG