ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუბრიკა "გალილეო": რატომ აქვს ზოგ მოხუცს სუპერ-მეხსიერება?


რუბრიკა გალილეო: სუპერ-მოხუცები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:00 0:00

დღეს ახალ კვლევაზე მოგითხრობთ, რომელიც „ნეირომეცნიერების ჟურნალში“ 14 სექტემბერს გამოქვეყნდა. მეცნიერები იმ მოხუცებს აკვირდებოდნენ, რომლებსაც 20 წლის ახალგაზრდებივით მეხსიერება აქვთ. კვლევას, რომელიც მასაჩუსეტსის მთავარ საავადმყოფოში ჩატარდა, ექიმი ბრადფორდ დიკერსონი და ფსიქიატრიის დოქტორი ლიზა ფელდმანი ხელმძღვანელობდნენ.

მეხსიერება ასაკის მატებასთან ერთად ხშირად ქვეითდება, რაც დაბერების პროცესის ერთ-ერთ ბუნებრივ ნაწილადაც კი ითვლება. თუმცა, ეს ყველა ასაკოვან ადამიანზე ერთნაირად არ ითქმის. ალბათ ერთხელ მაინც შეხვედრიხართ ისეთ მოხუცს, რომელსაც არაჩვეულებრივად კარგი მეხსიერება აქვს. ჩემთვის ასეთი იყო პეტრე ხვედელიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიგრირებული 95 წლის მოხუცებული. მან ყველა ახლობლის ტელეფონის ნომერი ზეპირად იცოდა, მათ შორის, 10-ნიშნა ამერიკული ნომრებიც და ეს მაშინ, როცა ნაცნობ-მეგობრების ძალიან დიდი წრე ჰყავდა.

დავუბრუნდეთ კლევას. ექსპერიმენტისთვის შეირჩა ორი ჯგუფი. ერთში გააერთიანეს 60-დან 80 წლამდე ასაკის 40 ადამიანი და მეორეში 18-დან 35 წლამდე ასაკის 41 ახალგაზრდა. ასაკოვანთა ჯგუფიდან 17-მა ტესტები ისეთივე წარმატებით გაიარა, როგორც მათზე 40-50 წლით უმცროსებმა. მათი თავის ტვინის გამოსახულებების შესწავლამ დაადასტურა, რომ ასაკოვან ადამიანთა ამ ნაწილის კორტექსი და თავის ტვინის სხვა რამდენიმე უბანი ახალგაზრდებისგან თითქმის არ განსხვავდება.

ზეპირი ტესტები დაახლოებით ასეთი ტიპის იყო: მონაწილეებს აძლევდნენ 16 სიტყვისგან შემდგარ სიას და ცოტა ხნის შემდეგ მათ ჩამოთვლას სთხოვდნენ. ასაკოვანი ადამიანების უმეტესი ნაწილი სიიდან 8, ან 10 სიტყვას იმახსოვრებდა. ახალგაზრდები კი 13-ს, ან უფრო მეტს. მაგრამ ის 17 ადამიანი, რომელთაც მკვლევარებმა სუპერ-მოხუცები შეარქვეს, იმეორებდნენ 13-ს და ზოგიერთ მათგანს თექვსმეტივე სიტყვა ახსოვდა.

კვლევა არ იძლევა პასუხს იმაზე, თუ რამ გამოიწვია სუპერ-მოხუცებში კარგი მეხსიერების ქონა და ავტორები ამ საკითხის მომავალში შესწავლას გვპირდებიან. ჩიკაგოს ნორსვესტერნის უნივერსიტეტში მიმდინარე მსგავს კვლევაში, რომლის შესახებაც „ნიუსაიენთისთი“ 1 სექტემბერს წერდა, მეცნიერებმა სუპერ-მოხუცების ცხოვრების სტილს შორის მსგავსება ვერ აღმოაჩინეს. „ყველას არ აქვს ზუსტი დიეტა, ან ვარჯიშის განრიგი. ზოგი სვამს, ზოგი მწეველია“ - თქვა პროფესორმა ემილი როგალსკიმ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში. „ყველას არც მაღალი ინტელექტი აქვს, ექიმი, ან იურისტი არ არის. მათი ჯანმრთელობის ისტორიაც განსხვავებულია, მაგრამ გონებრივი მონაცემებით ისინი იგივე ასაკის ადამიანებს ბევრად უსწრებენ“.

XS
SM
MD
LG