ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მათემატიკოსის თავის ტვინი განსხვავებულია


ჩავანაცვლოთ თუ არა კარაქი მცენარეული ზეთით? სწრაფი კვების ობიექტების კიდევ ერთი უარყოფითი მხარე. მათემატიკოსის თავის ტვინის თავისებურება და ბოლოს: რა განსხვავებები ფიქსირდება ჰეტეროსექსუალ და გეი ოჯახებს შორის? აპრილის რამდენიმე საინტერესო სამეცნიერო სიახლე რუბრიკაში „გალილეო“.

მათემატიკური აზროვნებისთვის ადამიანი თავის ტვინის განსხვავებულ უბნებს იყენებს, ვიდრე ენასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისას. ამასთან, უმაღლესი მათემატიკის მცოდნეთა თავის ტვინში უფრო დაბალია ვიზუალური მხარეების აღქმასთან დაკავშირებული აქტივობა. ეს უკანასკნელი იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა მათემატიკოსებს უნარების ერთი ჯგუფის ინტენსიურად განვითარების გამო, თავის ტვინის სხვა უნარები შედარებით შეზღუდული ჰქონდეთ, ან განსხვავებულად მოქმედებდნენ. კვლევის შედეგები, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა, შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოაქვეყნა.

რამდენად სწორია ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კარაქის მცენარეული ზეთებით ჩანაცვლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს ამცირებს? ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში 12 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მცენარეული ზეთების კარაქით ჩანაცვლება სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინს, ე.წ. „კარგ“ ქოლესტერინს ეფექტურად ამცირებს. მაგრამ,არ ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მკვლევარების აზრით, შესაძლოა ზოგიერთი ზეთი, რომელიც დიდი რაოდენობით პოლიუჯერ ცხიმმჟავებს შეიცავს, როგორიცაა მაგალითად მზესუმზირის, ან სოიოს ზეთი, ჯანმრთელობისთვის კარაქზე უფრო საზიანო იყოს.

საკვებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე: იმ ადამიანებში, რომლებიც სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად დადიან, გაცილებით მაღალია ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების, ე.წ. ფტალატების დონე. იმათთან შედარებით, ვინც ჯანმრთელად იკვებება, სწრაფი კვების ობიექტების ხშირ მომხმარებელში ფტალატების დონე ზოგჯერ 40 პროცენტით მაღალია. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მილკენის ჯანდაცვის ინსტიტუტის მეცნიერები. კვლევაში 8 877 ადამიანი მონაწილეობდა და ის ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა დააფინანსა. ფტალატები ინდუსტრიული ქიმიკატებია, რომელიც საკვების დასაფასოებელ მასალაში გამოიყენება და ხშირად გადამუშავებულ საკვებში, განსაკუთრებით ბურღულეულში და ხორცპროდუქტში იოლად გადადის.

და ბოლოს, აპრილში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის შესახებ, რომელშიც 3 სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა: კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ); ამსტერდამის უნივერსიტეტი (ჰოლანდია) და კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჯელესის ფილიალი (აშშ). მეცნიერებმა 95 ჰეტეროსექსუალი წყვილი 95 გეი წყვილს შეადარეს. მათ აინტერესებდათ, იყო თუ არა განსხვავება ქორწინებაში მყოფთა შორის ურთიერთობებში, მშობელს და შვილს შორის ურთიერთობებში, მშობლის სტრესში, ბავშვების ჯანმრთელობაში, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური და კიდევ - მათ სწავლის უნარებში. კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ განსხვავებები ჰეტეროსექსუალ და გეი წყვილებს შორის არ დაფიქსირებულა. განსხვავება აღინიშნებოდა მხოლოდ გეი ქალების ქორწინების შემთხვევაში. მშობლის სტრესი დედებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა დანარჩენ წყვილებში.

XS
SM
MD
LG