ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ანტიბიოტიკების მოხმარებით ევროპაში მე-9 ადგილზეა - რუბრიკა “გალილეო”


ანტიბიოტიკების არასწორი მიღებით, ან ზედმეტად გამოყენების გამო, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ზოგჯერ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადები, რეზისტენტულები ხდებიან, რაც სასიცოცხლო რისკების მატარებელი შეიძლება იყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას 21-ე საუკუნეში კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.

სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტორი მთელი რიგი ინფექციების მკურნალობას აფერხებს, ან საერთოდ არაეფექტურს ხდის მას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს და გაკონტროლდეს ანტიბიოტიკების არასაჭირო რაოდენობით, ან არასწორი დანიშნულებით მიღება.

პრობლემისადმი მეტი ყურადღების მიპყრობის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად შეისწავლა, შეადარა და გამოაქვეყნა ანტიბიოტიკების მოხმარების მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყნებში. ანგარიშში, რომელიც 12 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველო რამდენჯერმეა ნახსნები. ორგანიზაციამ პუბლიკაცია “ანტიბიოტიკების ცნობადობის მსოფლიო კვირეულთან” დაკავშირებით გამოსცა, რომელიც 12-დან 18 ნოემბრამდე აღინიშნება.

ევროპის ტერიტორიაზე შესწავლილ 46 ქვეყანას შორის, საქართველო 24.44 მაჩვენებლით მე-9 ადგილზე გავიდა. მაჩვენებლები აღინიშნება აბრევიატურით DDD (Defined Daily Dose) და აღნიშნავს პაციენტისთვის საშუალოდ საჭირო დღიურ დოზას ყოველ 1000 ადამიანზე.

ევროპის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები შემდეგ 3 ქვეყანაში ფიქსირდება:

1. თურქეთი - 38.18

2. სერბეთი - 31.57

3. მონტენეგრო - 29.33

ამავე რეგიონის ქვედა სამეული, სადაც ანტიბიოტიკებს ყველაზე ნაკლებად იყენებენ, ასე გამოიყურება:

44. ჰოლანდია - 9.78

45. უზბეკეთი - 8.56

46. აზერბაიჯანი - 7.66

საქართველოში ზოგიერთი ჯგუფის (AWR) ანტიბიოტიკის მოხმარება პროცენტულად 2.5-ჯერ აღემატებოდა ევროპის მოწინავე ქვეყნების მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად - ფინეთი, დანია და ნორვეგია. საქართველოში მათი მოხმარება 52%-ს უდრის, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში კი 20%-ზე ნაკლებია.

თუმცა, სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკი (J01C), როგორიცაა მაგალითად, პენიცილინი, საქართველოში გაცილებით ნაკლები ინტენსივობით გამოიყენება. პენიცილინის საშუალო მოხმარება საქართველოში 12%-ს არ აღემატება, მაშინ როცა დანიაში 61%-ს აღწევს.

ანგარიშის მიხედვით, ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 18 DDD-ს უტოლდება. საინტერესოა, რომ გერმანიაში ანტიბიოტიკების გამოყენების საშუალოზე ბევრად დაბალი მონაცემია - 11.49, მაშინ როცა ბრიტანეთს საშუალოზე მაღალი აქვს, 20 47.

რაც შეეხება დანარჩენი მსოფლიოს ზოგად მონაცემებს, ანგარიშის მიხედვით, მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ანტიბიოტიკია “ამოქსაცილინი”. აზიის ქვეყნებში, ირანს ანტიბიოტიკების მოხმარების მხრივ დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვს, რაც თურქეთს - 38.78.

აფრიკის კონტინენტზე სუდანშიც მსგავსი მდგომარეობა იკვეთება - 35.29 DDD. შესწავლილ ქვეყნებს შორის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მონაცემი აქვს აქვს მონღოლეთს - 64.41 DDD ყოველ 1000 ადამიანზე.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფოში - ბურუნდი - 4.44. სპეციალისტების აზრით, დაბალი მაჩვენებლები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბურუნდი ან უზბეკეთი, შესაძლოა მონაცემთა ბაზის სიმწირითაც იყოს გამოწვეული. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგან, მედიკამენტებისადმი წვდომის სიმცირის, ან სხვა მიზეზების გამო, ნაკლებ ანტიბიოტიკს მოიხმარდნენ.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტიბიოტიკების გამოყენების მონაცემთა შედარებამ აჩვენა, რომ დასავლეთის დაწინაურებულ ქვეყნებშიც კი, რომელთა შორისაა იტალია და საფრანგეთი (მათ საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ), ზედმეტად ხმარობენ ანტიბიოტიკებს. ამავე დროს, არის სახელმწიფოები, სადაც ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლებისადმი წვდომა მინიმალურია. ევროპის რეგიონშიც კი, ყველაზე მცირე და ყველაზე დიდ მონაცემს შორის განსხვავება დრამატულია, რიგ შემთხვევაში 3-ჯერ, თითქმის 4-ჯერ მეტი.

ანგარიში არასრულია და ვითარებას მთელი სიზუსტით არ ასახავს, თუმცა ზოგადი ვითარების შესახებ სათანადო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე. ანგარიში 12 ნოემბერს გამოქვეყნდა, სახელწოდებით “Report on Surveillance of Antibiotic Consumption”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG