ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 ბიოლოგიური ცვლილება კოსმოსში მყოფი ასტრონავტების სხეულში - რუბრიკა „გალილეო“


"ნასას" ასტრონავტ სკოტ კელის მიერ გადაღებული ფოტო (Scott Kelly, NASA)

დაახლოებით ორი წლის წინ დადასტურდა, რომ კოსმოსში ყოფნა ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციას 7 პროცენტით ცვლის. კვლევა რამდენიმე წლის წინ „ნასაში“ დაიწყო. შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია დაკვირვებას ატარებდა ორ ასტრონავტ ძმაზე, იდენტურ ტყუპებზე - სკოტ და მარკ კელიზე. სკოტმა კოსმოსურ სადგურზე ერთი წელი დაჰყო, მარკი კი მთელი ამ ხნის მანძილზე დედამიწაზე იმყოფებოდა.

სახეცვლილი გენების 7 პროცენტს, რომელიც ძირითადად იმუნურ სისტემასთან, დნმ-ის რეპლიკაციასთან, ძვლის ფორმირებასთან და ორგანიზმის რამდენიმე სხვა ფუნქციასთან არის კავშირში, მეცნიერებმა „კოსმოსის გენები“ უწოდეს. მაშინ ერთ-ერთი საყურადღებო აღმოჩენა იყო ის, რომ სკოტის სხეულში ტელომერების სიგრძე კოსმოსში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ტელომერი არის ქრომოსომების ბოლოში არსებული სტრუქტურა, რომლის სიგრძეც ადამიანის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. შესაბამისად, კოსმოსში ხანგრძლივად მყოფი სკოტი უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა. ამის შესახებ რუბრიკა "გალილეო" 2018 წელს წერდა.

ორიოდ დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერები კოსმოსში ხანგრძლივად ყოფნის გამო, ორგანიზმში მიმდინარე მთელ რიგ ცვლილებებს აჯამებენ. გენეტიკური ცვლილებების გარდა, ასტრონავტების სხეულში კუნთების და ძვლების მასამ იკლო, შენელდა კოგნიტური უნარები, თუ შეიცვალა ნაწლავების მიკრობიოლოგიური ეკოსისტემა.

მეცნიერებმა 19-მდე კვლევა გააანალიზეს, რომელთა ჩატარების საშუალებას ბოლო დროის ტექნოლოგიური მიღწევები უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე იძლევა. მკვლევრები 6 მთავარ ბიოლოგიურ მიმართულებაზე საუბრობენ, რომელიც კოსმოსში ნამყოფი ყველა ასტრონავტის სხეულში ხდება. ესენია:

  • ოქსიდაციური სტრესი - ადამიანის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების ჭარბად დაგროვება
  • დნმ-ს დაზიანება
  • მიტოქონდრიის დისფუნქცია
  • ცვლილება გენების რეგულაციებში
  • ტელომერების სიგრძის სახეცვლა
  • ნაწლავების მიკრობიოლოგიური ეკოსისტემის შეცვლა

ცვლილებები საბოლოო ჯამში იმაზე მიუთითებს, თუ რამხელა სტრესს აყენებს ადამიანის ორგანიზმს კოსმოსში ყოფნა. ასტრონავტებმა და კოსმოსის დარგში მომუშავე მეცნიერებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ამ რისკების შესახებ, მითუმეტეს - ხანგრძლივი მისიების დაგეგმვისას, როგორიცაა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრება, ან სამომავლო მისია მარსზე.

კერძო კოსმოსური კომპანიები დედამიწის ორბიტაზე ტურისტული რეისების მოწყობას გეგმავენ. თუმცა, სკოტ კელი ამბობს: „არ მგონია, რომ ჯერ ახლოს ვიყოთ კოსმოსში გაუწვრთნელი ხალხის დიდი ხნით გაგზავნის მზადყოფნასთან“.

ჟურნალი "სელ" (CELL)
ჟურნალი "სელ" (CELL)

60 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კოსმოსში დედამიწიდან პირველი ცოცხალი ორგანიზმი, ძაღლი ლაიკა გაუშვეს. მას შემდეგ, კოსმოსური ფრენების ბიოლოგია და აერონავტიკის მედიცინა მნიშვნელოვნად დაწინაურდა. კოსმოსში მყოფი ადამიანის სხეულის რეაქციებზე ახალი აღმოჩენები უკვე თითქმის ყოველწლიურად კეთდება.

დღეს კოსმოსის ათვისებაში ყველაზე დაწინაურებულები არიან შეერთებული შტატები, ევროპის კავშირი, იაპონია, რუსეთი და ჩინეთი. კოსმოსური მისიები ისტორიულად კაცობრიობის ჰორიზონტების გაფართოებას, დედამიწის და მთელი სამყაროს უკეთ შესწავლას, ასევე ადამიანთა სამსახურში მის ჩაყენებას ემსახურება. ამ უკანასკნელის თვალსაჩინო მაგალითებია ამინდის და ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირება, ვიდეოკამერებიანი ტელეფონები, დახვეწილი სანავიგაციო სისტემები და უამრავი სხვა რამ.

კოსმოსური ფრენების ბიოლოგიის შესწავლა მნიშვნელოვან სამეცნიერო ცოდნას იძლევა, რომელიც ეხმარება სხვადასხვა დარგში ტექნოლოგიების განვითარებას, სიცოცხლის წარმოშობის შესწავლას, მედიცინის დარგებში და ბიოლოგიურ მეცნიერებებში ცოდნის გაღრმავებას.

ნაშრომის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „სელ“, 25 ნოემბრის გამოშვებაში (Cell ითარგმნება როგორც უჯრედი). „სელ პრესი“ 50-მდე სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო ჟურნალს აქვეყნებს. ის ბიოლოგიის დარგში წამყვან გამოცემად ითვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG