ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთმა მასშტაბური კიბერიერიშის მოგერიება შეძლო


ესტონეთის პარლამენტის შენობა ტალინში
ესტონეთის პარლამენტის შენობა ტალინში

ოფიციალური ტალინის განცხადებით, ესტონეთი ბოლო 15 წლის განმავლობაში "ყველაზე მასშტაბური" კიბერშეტევის სამიზნე გახდა. თავდასხმა ქვეყანაზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც იქ საბჭოთა ეპოქის დროინდელი მონუმენტების აღება დაიწყეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსი ჰაკერების ჯგუფმა "ქილნეტმა" აიღო. მათ 17 აგვისტოს სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" დაწერეს, რომ ესტონეთში 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციას ინფორმაციაზე წვდომა დაუბლოკეს. დაბლოკილ სისტემებს შორის მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო სისტემაც აღმოჩნდა. "ქილნეტმა" ასევე თქვა, რომ ამის მიზეზი ესტონეთის ქალაქ ნარვაში საბჭოთა ტანკის "ტუ-34"-ის დემონტაჟი გახდა.

"გუშინ ესტონეთი 2007 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მასშტაბური კიბერიერიშის სამიზნე გახდა", - განაცხადა 18 აგვისტოს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ლუკას ილვესმა, ესტონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. თუმცა, კიდევ ერთ განცხადებაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თავდასხმა "არაეფექტური" გამოდგა და სამთავრობო სამსახურების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდა. "რამდენიმე ხანმოკლე და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვებგვერდები მთელი დღის განმავლობაში სრულად ხელმისაწვდომი იყო. შეტევამ ესტონეთში ძირითადად შეუმჩნევლად ჩაიარა", - თქვა ილვესმა.

ნარვაში, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, საბჭოთა პერიოდის მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ 16 აგვისტოს მიიღო. ტალინმა ეს იმით ახსნა, რუსეთი დღესაც ცდილობს წარსულის გამოყენებას ესტონელი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების მიზნით.

სამშაბათს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რუსული ტანკის დემონტაჟი ამწეების საშუალებით მოხდა. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიას სამხედროები და პოლიცია აკონტროლებდა. ნარვა რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. იქ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით სამი მეოთხედი ეთნიკური რუსია.

მთლიანად ესტონეთში მოსახლეობის თითქმის მეოთხედი, დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი რუსულენოვანია. მთავრობა ცდილობდა მათთვის ანგარიში გაეწია და ზოგან საბჭოთა მემორიალების ნაწილი, რომელთაც ისინი პატივს სცემენ, არ მოეხსნა. თუმცა ახლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტალინი შიშობს, რომ რუსული უმცირესობა კვლავ საბჭოთა წარსულის გავლენის ქვეშ ექცევა.

ესტონეთს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიაც შეიჭრა და საბჭოთა კავშირიც, მეომრები კონფლიქტის ორივე მხარეს ჰყავდა. ომი ესტონეთის გასაბჭოებით და რუსეთის მრავალწლიანი ოკუპაციით დასრულდა, რომლის დროსაც ათასობით ესტონელი ციმბირში გადაასახლეს.

XS
SM
MD
LG