ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო და უკრაინა ატომური ელექტროსადგურის კონტროლზე შეთანხმდნენ


რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ანტონიო გუტერეში (მარცხნიდან მარჯვნივ)
რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ანტონიო გუტერეში (მარცხნიდან მარჯვნივ)

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის დათანხმდა გაეროს შეთავაზებას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მასშტაბის შესახებ. მოლაპარაკება ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის თაობაზე ხუთშაბათს, უკრაინის ქალაქ ლვივში გაიმართა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი.

18 აგვისტოს, მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს უკრაინაში მდებარე ბირთვული ობიექტი და შეწყვიტოს მისი ტერიტორიის დაბომბვა. კიევი და მოსკოვი ამ სადგურზე იერიშებსა და "პროვოკაციების" მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კიევის სამხრეთში, ზაპორიჟიის რეგიონში მდებარე ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია. 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შემდეგ, ევროპაში და მსოფლიოში გაჩნდა შიში, რომ სადგურის დაბომბვის შემთხვევაში, კონტინენტზე ჩერნობილის ტრაგედიის მსგავსი კატასტროფა განმეორდება.

ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გაერო ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ითხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლას.

"ჩვენ [გაეროს] გენერალურ მდივანთან ერთად, შევთანხმდით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შესაძლო მისიაზე ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, რაც კანონიერი გზით, ტერიტორიის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შედეგად უნდა მოხდეს", - უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტებს. იქიდან "რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები... ასევე, შეწყვიტოს ნებისმიერი პროვოკაცია და დაბომბვა", - დასძინა მან.

შეხვედრის შემდეგ ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ ის "ღრმადაა შეშფოთებული" სადგურზე შექმნილი ვითარების გამო. გაეროს გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ აუცილებელია ტერიტორიის დემილიტარიზაცია, რადგან "ზაპორიჟიისთვის მიყენებული ნებისმიერი შესაძლო ზიანი სუიციდის ტოლფასია".

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის "წუხს" ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების თაობაზე და "ეძებს გამოსავალს" ომის დასასრულებლად. თურქეთი გაეროსთან ერთად რუსეთ-უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ბოლოს ერდოღანი ვლადიმირ პუტინს თითქმის ორი კვირის წინ შავი ზღვის კურორტ სოჭში შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, "მიუღებელია" ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის გამოცხადება. მოსკოვი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ბირთვული ობიექტი კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG