ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსებისთვის ვიზების გაცემა ესტონეთში ხუთშაბათიდან შეწყდება


ესტონეთის პარლამენტი
ესტონეთის პარლამენტი

ესტონეთი ხვალიდან 50 000-ზე მეტ რუსს, რომლებზეც ვიზა ადრე იყო გაცემული, საზღვარს ჩაუკეტავს. ხუთშაბათიდან ესტონეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ბლოკის საზღვარს აღარ გადააკვეთინებს.

ევროპის საჰაერო სივრცე რუსული ავიახაზებისთვის დიდი ხანია დახურულია, თუმცა რუსეთის ბევრი მოქალაქე ხშირად ევროპის კავშირის ქვეყნებში მოსაზღვრე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებიდან შედის. შენგენის ვიზა მათ აძლევს შესაძლებლობას 26 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში 90 დღე იმოგზაურონ.

ესტონეთი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მის საზღვარს საშუალოდ რუსეთის 2 500 მოქალაქე კვეთს. აქედან ნახევარს შენგენის ვიზა აქვს. თავად ესტონეთში მცხოვრები მოსახლეობის 9% უცხოელია და მათი უმრავლესობა რუსია.

რუსეთისთვის ვიზების გაცემის პროცესს მკვეთრად ზღუდავს ფინეთიც. 1 სექტემბრიდან მათი რიცხვი 90%-ით შემცირდება. განცხადება ამის თაობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ სამშაბათს გააკეთა. მისი თქმით, რუსები ფინეთის საზღვარს უმეტესად ევროპის სხვა ქვეყნებში გადასასვლელად იყენებენ.

გერმანია არ ეთანხმება ესტონეთის და ფინეთის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შესაზღუდად გადადგმულ ნაბიჯებს. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსებს უნდა შეეძლოთ ქვეყნის თავისუფლად დატოვება, თუკი ისინი რეჟიმს არ ეთანხმებიან. "არცერთი გადაწყვეტილება, რომელთაც ჩვენ ვიღებთ, არ უნდა ურთულებდეს ქვეყნის დატოვებას იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს რუსეთის ლიდერებს და დიქტატურას გაექცეს" - განაცხადა მან ორშაბათს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG