ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები ბელგოროდის ოლქსა და ანექსირებულ ყირიმში


რუსეთში და მის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფეთქებები გრძელდება. რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სოფელ ტიმონოვოს მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალის საცავში გაჩენილი ხანძრის გამო, ორი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრით დაშორებულ რუსულ სოფლებში, ტიმონოვოსა და სილიტიში, დაახლოებით 1100 ადამიანი ცხოვრობს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ საწყობში ხუთშაბათს გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა.

გუშინვე, ოთხი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბელბეკის სამხედრო აეროპორტშიც. 18 აგვისტოს გვიან ღამით, რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის ე.წ. ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ საზენიტო თავდაცვამ უკრიანული დრონი ჩამოაგდო. მისივე მტკიცებით, აფეთქებას აეროპორტისთვის ზიანი არ მიუყენებია.

იმავე დღეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა. ქერჩი ყირიმის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდეობარეობს და ყირიმის ხიდის, (ასევე ქერჩის სრუტის ხიდის) ერთგვარი ტერმინალია, რომელიც ყირიმსა და რუსეთს აკავშირებს. ხიდის მშენებლობა 2018 წელს დასრულდა და 4 მილიარდი დოლარი დაჯდა.

გასულ კვირაში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 9 რუსული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა ტექნიკა განადგურდა. მოსკოვი მომხდარს „საბოტაჟს“ უწოდებს, თუმცა ამ მასშტაბის ზარალს არ ადასტურებს.

კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ ავიაბაზაზე იერიში მისმა ძალებმა მიიტანა. თუმცა, „ვაშინგტონ პოსტთან“ და „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბრისას, ანონიმურობის დაცვით, უკრაინის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „საკის“ ავიაბაზაზე იერიში, უკრაინის სპეციალურმა დანაყოფებმა განახორციელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ანექსირებულ ყირიმში განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებები „კონფლიქტის ესკალაციაზე მიუთითებს, რომელიც ღიად არის წახალისებული შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირეების მიერ.“

„ჩვენ არ გვინდა ესკალაცია. ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები კონფლიქტის მხარე გახდება. მაგრამ, ჯერჯერობით არ გვიხილავს მათი მზადყოფნა, ეს გაფრთხილებები სიღრმისეულად და სერიოზულად განიხილონ“ - აცხადებს რიაბკოვი.

მისი თქმით, რუსული მხარე ამ საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს ტელეფონით ესაუბრა. რიაბკოვი ამბობს, რომ ამერიკა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში „ღრმა და ღია ჩართულობის" გამო, ამ კონფლიქტის მხარედ ქცევის ზღვარზეა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG