ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას დრამატულად ზღუდავს


რუსეთის მოქალაქეები, ფინეთის საზღვარზე. 2022 წლის 28 ივლისი.

ევროპისკენ მიმავალი რუსი ტურისტების მოზღვავების ფონზე, პირველი სექტემბრიდან, ფინეთი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას მკვეთრად შემაცირებს. განცხადებას ამის შესახებ, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტო ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის საპსახუროდ, დასავლურმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, რუსეთთან ფინეთი სახმელეთო საზღვარი, რუსი ტურისტებისთვის ევროპაში მოხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად რჩება.

რადგან რუსმა ტურისტებმა ჰელსინკის აეროპორტის გამოყენება, სხვა ევროპულ ქვეყნებში მოსახვედრად დაიწყეს, ოფიციალურმა ჰელსინკმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობა 90%-ით შემაცროს. ფინეთის მთავრობამ ამის შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათს მიიღო.

ფინეთი რუსების სავიზო აპლიკაციების განხილვის პროცესს შეანელებს და ყოველდღიური 1000-დან, 500-ზე დაიყვანს. ტურისტული ვიზების გაცემა კი ყოველდღიურად, მხოლოდ რუსეთის 100 მოქალაქისთვის იქნება გათვლილი, რაც გაცემული ვიზების რაოდენობის 90%-იან შემცირებას გულისხმობს.

რუსეთში ახლა გაცემული ვიზების რაოდენობა, უკვე გაცილებით ჩამორჩება იმ პერიოდის რაოდენობას, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა, ან მსოფლიოში პანდემია გამოცხადდებოდა. მაგალითად, ივლისში, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებზე მხოლოდ 16 000 ვიზა გასცა. 2019 წლის იმავე პერიოდში, გაცემულ ვიზათა რაოდენობა 92 100-ს აღწევდა.

ამასთან, ფინეთი და ბალტიისპირეთი გეგმავს ევროკავშირს შესთავაზოს, ბლოკმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება შეწყვიტოს.

ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ფინეთის და ესტონეთის პრემიერები, გაერთანებას მოუწოდებენ, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო აკრძალვა დააწესოს. ინიციატივას აპროტესტებს გერმანიის კანცლერი. ოლაფ შოლცი ფიქრობს, რომ რუსებს უნდა შეეძლოთ საკუთარი ქვეყნის დატოვება, თუ ისინი მთავრობას არ ეთანხმებიან.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ჰელსინკს და ბალტიიის ქვეყნებს, ევროკავშირთან კიდევ ერთი შეთავაზება ექნება, რომელიც ჰუმანიტარული ვიზის დაწესებას ეხება იმ რუსებისთვის, რომლსაც ქვეყნიდან გაქცევა სჭირდებათ, ან ევროკავშირის ქვეყნებს, ჟურნალისტური, ასევე უფლებადაცვითი საქმიანობისთვის სტუმრობენ.

თავის მხრივ, რუსეთის პარლამენტის წევრი, ოლეგ მოროზოვი აცხადებს, რომ რუსეთმა ფინელებს რუსეთში მოგზაურობა უნდა აუკრძალოს. ამის შესახებ მოროზოვი რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. მოროზოვი ფიქრობს, რომ გამონაკლისები იმ შემთხვევაში უნდა იყოს დაშვებული, თუ ფინელები რუსეთში სამედიცინო მიზნებისთვის, ან მაგალითად, დაკრძალვაზე დასასწრებად მიდიან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG